ტკივილი გულის არეში

 

 

 

 

ტკივილი გულის არეში - რაზე მეტყველებს ის?

გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ანუ გულის არეში აღმოცენებული ტკივილი სასწრაფო დახმარების გამოძახების ყველაზე ხშირი მიზეზია. ტკივილი გულის არეში, წარმოშობის მიზეზების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

როგორ განვასხვავოთ, ტკივილი გულის პათოლოგიით არის გამოწვეული თუ არა?

თუ ტკივილი გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, ინფარქტი) გამოვლინებაა, ასეთი ტკივილებისათვის დამახასიათებელია ტკივილის აღმოცენება ან გაძლიერება სიარულის, ემოციური დაძაბულობის დროს (ფიზიკური დატვირთვის ან ემოციური დაძაბულობის დროს ხდება სისხლის მიმოქცევის გაძლიერებაზე მოთხოვნილების აღმოცენება), და მისი შესუსტება ან გაქრობა მოსვენებისას. ასეთი ტკივილი ხშირად იხსნება ნიტროგლიცერინის მიღების ფონზე. ძალიან ძლიერი, ზეწოლითი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი, მკერდის ძვლის უკან ან მისგან მარცხნივ, რომელიც განიცდის ირადიაციას (გადაცემას) ხელში, კისერში, მარცხენა ბეჭში, ზოგჯერ ქვედა ყბაში ან კბილშიც კი, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს. ამასთან, ის შეიძლება აღარ მოიხსნას ნიტროგლიცერინით.

რევმატიული დაავადებით გულის დაზიანების ფონზე აღმოცენებული ტკივილის მიზეზი არის გულის გარეთა გარსში - პერიკარდიუმში განვითარებული ანთებითი ცვლილებები. ასეთი ტკივილები, როგორც წესი, ხანგრძლივია, ხშირია მკერდის ძვლის უკან ტკივილი, რომელიც ძლიერდება სუნთვის, ხველების დროს. ასეთი ტკივილი არ იხსნება ნიტროგლიცერინით, მაგრამ შეიძლება შესუსტდეს ტკივილდამაყუჩებელი პრეპარატების დანიშვნის შემდეგ.

თუ ტკივილი გულის არეში იცვლება წინ დახრის ან სხეულის შემობრუნების დროს, ასევე ღრმა შესუნთქვისას და ამოსუნთქვის, ხელების მოძრაობის დროს ასეთი ტკივილი გამოწვეულია გულმკერდის რადიკულიტით. ნიტროგლიცერინისა და ვალიდოლის მიღება პრაქტიკულად არ ცვლის ტკივილის ინტენსივობას.

ძლიერი ტკივილი ნეკნთაშუა არეების გასწვრივ, ჩვეულებრივ, ჰერპეს ზოსტერის ადრეული გამოვლინებაა, ხოლო გულის არეში აღმოცენებული გახანგრძლივებული, შემაწუხებელი ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ან ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი ნევროზის გამოვლინებაა.

სტრესი და დეპრესია გამოვლინდება ძირითადად ტკივილით კისრისა და მხრის ნაწილში. ასეთი ტკივილი უმეტესწილად კუნთოვანი წარმოშობისაა. ხშირად ქოშინი, მოჭერითი ან ჩხვლეტითი ტკივილი გულის არეში დაკავშირებულია ნაწლავების შებერილობასთან, რაც დიაფრაგმის გზით აწვება გულის მწვერვალს და ამით ახდენს მისი ფუნქციის გაუარესებას. თუკი ტკივილის აღმოცენება გარკვეულად უკავშირდება განსაზღვრული სახის საკვების მიღებას, შესაძლოა მისი მიზეზი სწორედ ეს არის და არა გულის დაავადება. ნაღვლის ბუშტის ანთებით ან ნაღველკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული ტკივილი ასევე შეიძლება გამოვლინდეს გულის არეში ან ბეჭის მიდამოში განვითარებული ჭვალის სახით.

ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს ხერხემლის გულმკერდის მიდამოს სხვადასხვა დაზიანება, მაგ. ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, დისკოზი და სხვ.

გულის არეში ტკივილის დროს, საჭიროა გავერკვეთ, თუ რამდენად სახიფათოა ის ჩვენი ჯანმრთელობისათვის და რამდენად საჭიროა სასწრაფოს გამოძახება. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ტკივილის ხასიათი.

 

 

 

გულის დაავადებების დიაგნოსტიკა ტკივილის ხასიათის გათვალისწინებით

დიაგნოზის დასმისათვის საჭიროა არამარტო ტკივილის ხასიათის გათვალისწინება და სწორი ინტერპრეტაცია, არამედ  საკმაოდ გულდასმითი გამოკვლევა, მათ შორის კარდიოლოგის კონსულტაციის აუცილებელი ჩართვა.

გულის დაავადების სიმპტომებია გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღმოცენებული ტკივილი, გულის ფრიალი, გულისცემისა და ”გამოვარდნების” შეგრძნება, ქოშინი, შეშუპება, გულის წასვლა, გონების უეცარი გაკარგვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალების 43% საერთოდ ვერ გრძნობს ტკივილს გულმკერდში და უჩივის ტკივილს ძირითადად ხერხემლის მიდამოში ან გულმკერდის ზედა ნაწილში. ქალებში გულის დაავადებების ნიშანი შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე, ცივი ოფლი და თავბრუსხვევა.

ნევროზების, გულის მანკების, ხერხემლის კისრისა და გულმკერდის ნაწილის, ასევე მთელი რიგი შინაგანი ორგანოების დაავადებებით გამოწვეული ტკივილი ძალიან ხშირად ემგვანება სტენოკარდიულ შეტევას, ამიტომ დიაგნოზის დადგენა შეუძლია მხოლოდ ექიმ-კარდიოლოგს.  

გამოკვლევის აუცილებელ ნაწილს შეადგენს ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), ტრედმილ-ტესტი (ეკგ-ს ჩაწერა ფიზიკური დატვირტვის დროს) და ჰოლტერის მონიტორირება ( ეკგ-ს დღე-ღამური ჩაწერა).

გულის აუსკულტაციის (მოსმენის) დროს გამოვლენილი შუილების ჩაწერა და ანალიზი ხდება ფონოკარდიოგრაფიის მეთოდით.

ექოკარდიოგრაფიის მეთოდით ხდება ულტრაბგერის საშუალებით გულის კუნთისა და სარქველების მდგომარეობის შესწავლა, ასევე გულის ღრუებში სისხლის მოძრაობის ხასიათისა და სისწრაფის შეფასება.

კორონაროგრაფიის მეთოდი გამოიყენება კორონარული სისხლძარღვების მდგომარეობის გამოსაკვლევად. სისხლძარღვების სანათურის შევიწროების დასადგენად ასევე გამოიყენება სცინტიგრაფიის მეთოდი.

გულის არეში ტკივილის არაკარდიული მიზეზების გამოსარიცხად აუცილებელია რენტგენოგრაფიის ჩატარება, ზოგჯერ ხერხემლის კომპიუტერული და ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება.

საინტერესოა კარდიოლოგების დაკვირვებით, თუკი ადამიანი დაწვრილებლით და ხატოვნად აღწერს გულის არეში ტკივილს, ან აკეთებს ჩანაწერს, მაშინ როცა ტკივილი ყოველ ჯერზე სვადასხვაა და გრძელდება ხანგრძლივად, ეს უხშირესად გულის პათოლოგიით გამოწვეული ტკივილი არ არის და კარდიოლოგები მის მიზეზს სხვაგან ეძებენ.

თუკი აღწერილობა მწირია, ზედმეტი სიტყვების გარეშე, პაციენტს კარგად ახსოვს მტკივნეული შგრძნებების ხასიათი, ეს მეტყველებს გულის სერიოზულ დაავადებაზე.

მიუხედავად ამისა, მაინც საჭიროა ნებისმიერი ზ.ა. ხასიათის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, რათა სწრაფად გავარკვიოთ, რამდენად სერიოზულია სიტუაცია.

 

 

 

ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული ტკივილი

თუ ტკივილი:

 

უხშირესად ეს არის გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმის, სტენოკარდიით გამოწვეული ტკივილი.

რჩევა:

·         არ გადადოთ დიდხანს ვიზიტი ექიმთან (უმჯობესია კარდიოლოგთან);

·         აუცილებლად გაიკეთეთ ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), სტრეს-ეკგ (ეს არის ეკგ, ჩაწერილი ფიზიკური დატვირთვის ფონზე) და ჩაიტარეთ ეკგ-ს სადღეღამისო მონიტორირება ჰოლტერის მიხედვით.

 

 

გაცივების ფონზე აღმოცენებული ტკივილი

ასეთი ტკივილი ასევე არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ის შეიძლება იყოს აგრეთვე როგორც რეაქცია მიკრობულ ტოქსინებზე, ასევე რევმატიზმის და ენდოკარდიტის პირველი გამოვლინება.

მიზეზის დაზუსტება შეუძლიათ კარდიოლოგსა და რევმატოლოგს, გულის ტონების ყურადღებით მოსმენისა და სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზების, ასევე ეკგ, გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის (ულტრასონოსკოპია) და სხვა დამხმარე გამოკვლევების საფუძველზე.

 

 

 

ტკივილი მოსვენების დროს


ხანგრძლივი, ყრუ, შემაღონებელი ტკივილი, გულმკერდის მთელ მარცხენა ნახევარში, რომელიც აღმოცენდება მოსვენების დროს, უფრო ხშირად აღელვების ფონზე. ხშირად მას ნერვული ბუნება აქვს. ყველაზე ხშირად სავარაუდოდ მას იწვევს დეპრესია ან ვეგეტატიური დისფუნქცია.

რჩევა:

ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ ფსიქო-ნევროლოგის კონსულტაცია. მკურნალობა საჭიროა არამარტო გუნებ-განწყობის გასაუმჯობესებლად, არამედ ჯანმრთელობისათვის შემდგომი ზიანის თავიდან ასაცილებლად.

 

 

ტკივილი მოძრაობის დროს

თუ ტკივილი ძლიერდება ღრმა სუნთქვისას, სხეულის მოძრაობის დროს ან ზედა კიდურების ზევით აწევის დროს ვითარდება ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულის არეში, ნუ მიაკუთვნებთ თქვენს თავს გულით ავადმყოფების რიცხვს. არასასიამოვნო შეგრძნებების მიზეზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატში უნდა ვეძებოთ. პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, ნეკნთაშუა ნევრალგია და მიოზიტი (კუნთების ანთება).

რჩევა:

·         ასეთ შემთხვევაში მიაკითხეთ ნევროლოგს ან ორთოპედს;

·         ტკივილის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, მანუალური თერაპია.

 

 

 

საკვების მიღებასთან დაკავშირებული ტკივილი

ზოგჯერ გული იწყებს ”ღრღნას” საკვების გადაჭარბებული მიღების, ცხიმიანი ან ცხარე საკვენის მიღების ან შიმშილის ფონზე. ასეთი ტკივილი აღმოცენდება გულისა და მუცლის ღრუს ორგანოების საერთო ინერვაციის არსებობის გამო. ის შეიძლება იყოს გასტრიტის, კუჭის წყლულოვანი დაავადების, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის ან ნაწლავების შებერილობის გამოვლინება

რჩევა:

ტკივილის წყაროს აღმოჩენა შეუძლია თერაპევტს, შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს გასტროენტეროლოგის კონსულტაციაც.

 

 

 

ტკივილი გამონაყართან ერთად

მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით ნეკნთაშუა მიდამოებში კანზე არსებულ გამონაყართან ერთად გამოვლინდება ჰერპეს ზოსტერის ფონზე. ძირითადად ავადდებიან მოზრდილები, ვინაიდან ბავშვებში იგივე გამომწვევი ვირუსი ჩუტყვავილას მიზეზი ხდება.

რჩევა:

მიმართეთ ინფექციონისტს, დერმატოლოგს ან ნევროპათოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ ანტივირუსულ პრეპარატებს და ტკივილდამაყუჩებლებს.