შიდსი და კანონი
აივ ინფექციის მატარებელს (აივ პოზიტიურ ადამიანს) დიაგნოზის დადგენის მომენტიდან თან სდევს მძაფრი განცდები, დეპრესია, სტრესი, შფოთვა. ამას ემატება მშობლებისა და ახლობლების უარყოფითი რეაქცია, სამსახურის დაკარგვის შიში, საზოგადოების არაკეთილგანწყობა. ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოში ხდებოდა და ხდება აივ პოზიტიურების უფლებების დარღვევა.
აივ პოზიტიურ ადამიანს ისევე, როგორც ყველა მოქალაქეს, იცავს კანონი. კანონების ცოდნა დაგეხმარებათ პრობლემების თავიდან აცილებაში და საკუთარი უფლებების დაცვაში. 1995 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის / შიდსის პროფილაქტიკის შესახებ”, სადაც გაშუქებულია აივ ინფექციის ეპიდემიასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, კერძოდ:
· თქვენი უფლებები და ვალდებულებები;
· ექიმების ვალდებულებები თქვენს მიმართ;
·კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
ქვემოთ მოყვანილია კანონის ის მუხლები და პუნქტები, რომლებიც ყველაზე აქტუალურია აივ პოზიტიურ ადამიანებისათვის:
სამედიცინო საიდუმლოს დაცვა
სამედიცინო პერსონალი და სხვა პირები, რომლებმაც დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას შეიტყვეს მოქალაქეთა აივ ინფიცირებაზე / შიდსზე სამედიცინო შემოწმების მონაცემები და მათი შედეგები, ვალდებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ ეს მონაცემები;
სახელმწიფო ვალდებულია უფასოდ უმკურნალოსაივ პოზიტიურებს
სახელმწიფო უზრუნველყოფს აივ პოზიტიურ პირებს უფასო სამედიცინო მომსახურებით, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონალურ პირობებში და საჭირო წამლების უფასო მიწოდებით;
შეღავათები:
·აივ პოზიტიურებს, რომლებიც თბილისში არ ცხოვრობენ, უფლება აქვთ უფასოდ ისარგებლონ ტრანსპორტით თბილისში ჩამოსასვლელად, თუ მგზავრობის მიზანია გამოკვლევა ან მკურნალობა;
· უმუშევარ აივ პოზიტიურ / შიდსით გარდაცვლილ მშობელთა შვილებს, 16 წლამდე აივ პოზიტიურებს და ასევე სამედიცინო მანიპულაციების დროს დაინფიცირებულ პირებს მიეცემათ ყოველთვიური მატერიალური დახმარება;
· აივ პოზიტიურებს აქვთ მუშაობის უფლება. მათთვის ამ დაავადების გამო სამუშაოზე უარის თქმა ან სამუშაოდან დათხოვნა კანონით ისჯება;
· დაუშვებელია აივ პოზიტიურებისათვის უარის თქმა სამკურნალო, სასწავლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებებში მიღებაზე;
· დაუშვებელია აივ პოზიტიურების ნებისმიერი უფლებების შელახვა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა მხოლოდ მათი ავადმყოფობის გამო;
ავადმყოფთათვის დახმარებაზე უარის თქმა
ჯანდაცვის ორგანოები და დაწესებულებები, მედიცინის ყველა მუშაკი ვალდებულია გაუწიოს სამედიცინო დახმარება აივ პოზიტიურებს. მათი სათანადო დახმარების გარეშე დატოვება კანონით ისჯება;
აივ ინფექციის განზრახ გადაცემა
· აივ პოზიტიური ვალდებულია დაიცვას ყველა წესი, რომ არ გაავრცელოს ეს დაავადება;
· აივ პოზიტიური ვალდებულია გააფრთხილოს თავის ავადმყოფობის შესახებ სამედიცინო პერსონალი, სქესობრივი პარტნიორი;
· მეორე პირისათვის განზრახაივ ინფექციის გადაცემის საფრთხის შექმნა ან მისი დაინფიცირება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.
საქართველოში ფუნქციონირებს ასოციაცია “საქართველოს პლუს ჯგუფი”, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, ვისაც პირადად შეეხოთ აივ / შიდსის ეპიდემია (აივ პოზიტიურები, მათი მშობლები, ნათესავები და მეგობრები).
მათი მიზნებია:
- გაუწიოს ფსიქოლოგიური, იურიდიული, მატერიალური და ინფორმაციული დახმარება აივ
პოზიტიურებსა და მათი ოჯახის წევრებს;
- გააუმჯობესოს აივ პოზიტიურებისა და შიდსით დაავადებულთა ცხოვრების დონე;
- ხელმისაწვდომი გახადოს შიდსით დაავადებულთათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება და სამკურნალო პრეპარატები.
შიდსზე დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციისათვის მიმართეთ:
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს –
ალ. ყაზბეგის 16,
ტელ.: 39 80 18
ასოციაცია “საქართველოს პლუს ჯგუფს”:
ტელ.: 53 68 11
ელ-ფოსტა: group@magicaldesk.com
“შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს” ტ.ტაბიძის 118
ტელ.: 29 35 03
“თანადგომა” ჭავჭავაძის 44
ტელ.: 25 18 19
“ბემონი” ქავთარაძის 44