ჯანსაღი კბილები

 

 

 

ჯანსაღი კბილები – ლამაზი კბილები

 

უდავოა ის ფაქტი, რომ ადამიანის მომხიბვლელობასა და  კარგ იმიჯს დიდად განსაზღვრავს მისი ღიმილი, რომელიც ძირითადად კბილების მდგომარეობაზე, მათ სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. გარდა კოსმეტიკური ეფექტისა, კბილები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორედ მათზეა დამოკიდებული საჭმლის გადამუშავებისა და მონელების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომლის დარღვევასაც, თავის მხრივ, მოსდევს სხვა ორგანოებსა და სისტემებში პათოლოგიურ ცვლილებათა განვითარება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო - ВОЗ) ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ჩვენი პლანეტის მოზრდილი მოსახლეობის 95%-ს აღენიშნება პაროდონტის დაავადებები (გინგივიტი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი), რომლებიც კარიესთან ერთად დღეისათვის კბილების ნაადრევი დაკარგვის ძირითად მიზეზს წარმოადგენენ. უდიდეს როლს ამ დაავადებების აღმოცენებაში თამაშობს ის ფაქტი, რომ ადამიანებმა არ იციან კბილების სწორი მოვლა.

უმრავლესობისათვის უცნობია ის ფაქტი, რომ ძალზედ მარტივი საშუალებების გამოყენებით, ანუ კბილებზე დროული ზრუნვისა და კარგი მოვლის პირობებში შესაძლებელია შევამციროთ კარიესის განვითარება 80%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ 10 დაბჟენილი კბილის პატრონს შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ 2 ნამკურნალები კბილი! ამიტომაც, შევეცადეთ თქვენთვის მოგვეწოდებინა ის მარტივი, ადვილად განხორციელებადი და შესრულებადი რჩევები, რომლებიც აგაცილებთ ტკივილს, სტომატოლოგთან არცთუ სასიამოვნო ხშირ ვიზიტებს, დროისა და საკმარისად სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებს.

 

 

რას წარმოადგენს კბილი?

კბილი წარმოადგენს კალციუმის შემცველ მკვრივ ნივთიერებას, რომლის  ზედაპირი წარმოიქმნება  ემალითა და დენტინით.

ემალით დაფარულიაკბილის ხილული ზედაპირის უდიდესი ნაწილი. იგი ყველაზე მკვრივია ადამიანის სხეულში არსებულ ნივთიერებებს შორის. მისი 95% წარმოდგენილია მინერალებისაგან, რომელთაგანაც უმთავრესი _ ჰიდროქსიაპატიტი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ემალით დაფარულია კბილის მხოლოდ ის ზედაპირი, რომელიც ღრძილის დონეზეა. კბილის დანარჩენი ნაწილი – ფესვი და შიგნითა მიდამო, შედგება კალციუმის შემცველი სხვა მასალისაგან, რომელსაც დენტინი ეწოდება. დენტინიც ასევე შედგება ჰიდროქსიაპატიტისაგან, მაგრამ მისი რაოდენობა დენტინში უფრო ნაკლებია, ვიდრე ემალში. მინერალების შემცველობა დენტინში არ აღემატება ორ მესამედს, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ იგი ემალზე რბილია.

კბილის მკვრივი ნივთიერების შიგნით არის რბილი ნივთიერება – პულპა, რომელიც შეიცავს მრავალრიცხოვან სისხლძარღვებსა და ნერვულ დაბოლოებებს და ახორციელებს კბილის კვებასა და დაცვას.

 

 

რა არის კარიესი და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

უეჭველია ის ფაქტი, რომ კარიესით გამოწვეული ტკივილი ადამიანებისათვის ცნობილია ისტორიული განვითარების პირველივე საუკუნეებიდან. მასიური ხასიათი მან მიიღო მე-18 საუკუნიდან, როცა ამერიკის კონტინენტზე გაშენდა შაქრის პლანტაციები. მე-19 საუკუნიდან შაქარი სულ უფრო დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ ევროპაში და კარიესმაც ნამდვილი ეპიდემიის სახე მიიღო.

მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, კარიესი – ეს არის გარკვეული მიკროფლორით გამოწვეული პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვლინდება დემინერალიზაციით, ძვლის მკვრივი ქსოვილების შემდგომი რღვევითა და დეფექტის (ღრუს) გაჩენით. უფრო მარტივად, კარიესი _ ეს არის მიკრობების ზემოქმედებით გამოწვეული კბილის დაშლა, რომელიც იწყება კბილის ემალის შემადგენლობაში არსებული მინერალური ნივთიერებების გაწოვით და მთავრდება ხვრელის წარმოშობით.

უფრო დაწვრილებით: კბილზე განვითარებული ნალექი წარმოადგენს ბაქტერიების მიერ ორგანიზებულ კოლონიას. აქ არსებული ზოგიერთი ბაქტერია  (სტრეპტოკოკი და ლაქტობაცილა), გადაამუშავებენ რა ნახშირწყლებს (გლუკოზას, საქაროზას, ფრუქტოზას, ლაქტოზასა და სახამებელს), გამოყოფენ ცხოველმყოფელობის პროდუქტებს _ ორგანულ მჟავებს (მათ შორის განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რძის მჟავა), რომლებიც გროვდება ნალექის ზედაპირზე, დროთა განმავლობაში ჩამოირეცხება ნერწყვით და ხვდება პირის ღრუში, სადაც განზავების შემდეგ აღარ არის საშიში კარიესის თვალსაზრისით, მაგრამ მჟავის ის ნაწილი, რომელიც შეაღწევს კბილის ნალექის სისქეში და მოხვდება კბილის ზედაპირზე, რჩება რა ნალექით დაცული, თითქმის არ იხსნება სითხეებში და იწვევს ძვლის დემინერალიზაციას ანუ კარიესის აღმოცენებას. კერძოდ, პირის ღრუში მჟავე არის განვითარება  ხელს უწყობს ემალის შემადგენლობაში მყოფი აპატიტის კრისტალების დაშლას, რის შემდეგაც ბაქტერიები აღწევენ რა ქვედა ფენებში, იწყებენ მათ რღვევას. ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მაშინ როცა ნერწყვის შეღწევას ნალექის სისქეში რამოდენიმე საათი ესაჭიროება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო ნაკლებ შაქარს მივიღებთ ან შევამცირებთ მისი დაყოვნების დროს პირის ღრუში, მით უფრო ნაკლები იქნება კარიესის გამომწვევი მჟავის რაოდენობაც. გარდა ბაქტერიებისა, კარიესის განვითარებას ხელს უწყობს სხვა ფაქტორებიც. მაგ. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. ცილების, ვიტამინების, მინერალური მარილების, ფტორის და სხვადასხვა მიკროელემენტების არასაკმარისი მიწოდება  ხელს უწყობს კარიესის განვითარებას. ბაქტერიებს კბილების დაზიანებაში “ეხმარება” შაქრისა და სხვა ნივთიერებების მიწოდებაც. დღეს მეცნიერები უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებენ მემკვიდრეობითობას, კბილების ჩანასახების განვითარებისა და ამოჭრის პერიოდში ძვალ_კბილოვანი სისტემის მდგომარეობას. მაგ. დიდი ხანია შემჩნეულია ის ფაქტი, რომ მუდმივი კბილებიდან ყველაზე ადრე ზიანდება მეექვსე კბილები, იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ადრე ამოდის (ემალი ვერ ასწრებს გაჯერებას ნერწყვის ფტორითა და კალციუმით) და ყველაზე ცუდად იწმინდება.

არჩევენ კარიესის რამოდენიმე სტადიას. ლაქის სტადიას ადამიანი ვერ გრძნობს. ამ პერიოდში პირის ღრუს დათვალიერების დროს დაავადება გამოვლინდება თეთრი ან მუქი ფერის ლაქის სახით. ზედაპირული კარიესის დროს ავადმყოფს უკვე აქვს ხანმოკლე ტკივილი მექანიკურ ან ტემპერატურულ გაღიზიანებაზე. ემალი ამ დროს ხორკლიანი ხდება. საშუალო კარიესის დროს უკვე გამოჩნდება კარიესული ღრუ. ღრმა კარიესის დროს ღრუზე მიკარება ძლიერ ტკივილს იწვევს. კბილის შიდა ღრუში მიკრობების შეღწევა იწვევს პულპიტის განვითარებას, მისთვის დამახასიათებელი მწვავე ტკივილი ყველასათვის ნაცნობია.

   
   


ზემოთ ნაჩვენებია კბილის რენტგენოგრამები, რომლებზედაც თანმიმდევრულადაა ნაჩვენები კარიესის განვითარების სხვადასხვა ეტაპი:

კარიესის ყველაზე ადრეული დაწყებითი ეტაპი, რომელიც შეიძლება “დაიჭიროს” რენტგენის სურათმა. ამ ეტაპზე კარიოზული პროცესი შეიძლება შეჩერდეს, თუ ადამიანი უფრო ხარისხიანად მოუვლის კბილებს;

კარიესული პროცესი აზიანებს ემალს და მისი გავლით  აღწევს დენტინში. ასეთ დროს სტომატოლოგები ურჩევენ ბჟენის ჩაყენებას;

დენტინი უფრო სწრაფად   ზიანდება კარიესული პროცესის ზეგავლენით, რადგან იგი უფრო “რბილია”, ვიდრე ემალი. ემალის სისქეში არსებული დაზიანება უმნიშვნელოდ იზრდება, მაშინ როცა დენტინის შრეში იგი მნიშვნელოვნად იმატებს ზომებში;

თუ კარიესს არ ვუმკურნალეთ, იგი აღწევს ნერვს და საჭირო ხდება კბილის ნერვის, ანუ ფესვის არხის მკურნალობა.

 

ბუნებრივია, რომ  რაც უფრო ადრე იწყება მკურნალობა, მით უფრო შედეგიანია ის და მით უფრო უმჯობესია პაციენტის ჯანმრთელობისათვის. ლაქის სტადიაში საკმარისია რემინერალიზაციის ჩატარება სპეციალური ხსნარების გამოყენებით. ზერელე, საშუალო და ღრმა კარიესის დროს ატარებენ კარიესული ღრუს დამუშავებასა და შემდგომ დაბჟენას. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად მიაკითხავთ ექიმს, სტომატოლოგის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიების ხარისხზე.

კარიესის პროფილაქტიკა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სწორ კვებას, პირის ღრუს ჰიგიენურ მოვლას, რეგულარულ ვიზიტს სტომატოლოგთან. ამ დაავადების თავიდან აცილებაში დიდ როლს თამაშობს  პირის ღრუს სავლებები და საღეჭი რეზინი, რომლებიც ხელს უწყობენ ნადების მოცილებას, ხელს უშლიან ჟანგვით პროცესებსა და ბაქტერიების მოქმედებას.

 

 

ცოტა რამ პაროდონტის დაავადებების  შესახებ

“პაროდონტოზის” სახელით ხალხში ცნობილია პაროდონტის დაავადებათა დიდი ჯგუფი, რომელთა შორისაც უმთავრესი ადგილი უჭირავთ გინგივიტს (15-18%), პაროდონტიტს (60%-ზე მეტი) და საკუთრივ პაროდონტოზს (დაახლოებით 2%).

პაროდონტოზის მიზეზად ითვლება ღრძილების არასაკმარისი სისხლით მომარაგება, რომელიც შორსწასულ შემთხვევებში იწვევს ღრძილების ატროფიას და კბილების დაკარგვას. სამწუხაროდ, დღეისათვის ჯერ კიდევ ვერ ხერხდება პაროდონტოზის ეფექტური მკურნალობა, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები ღრძილის ნაწილობრივად აღდგენის საშუალებას იძლევა. პაროდონტოზის დროს კარგ ეფექტს იძლევა ღრძილების მასაჟი, რომლის მეშვეობითაც უმჯობესდება ღრძილების სისხლის მიმოქცევა. კბილების მომატებული მგრძნობელობის, ყრუ ტკივილისა და ქავილის დროს ტარდება შესაბამისი სიმპტომატიური თერაპია.

გინგივიტი – ეს არის ღრძილების ანთება, რომელსაც იწვევენ ბაქტერიები. ისინი არიან პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენის შედეგად საკვების ნარჩენებში, კბილის ნადებსა და სხვ. დაავადების არსებობის დროს ტარდება ანთების საწინააღმდეგო თერაპია, კბილების პროფესიონალური გასუფთავება, ხდება პაციენტებისათვის ჰიგიენური უნარ-ჩვევების სწავლება. არანამკურნალევი გინგივიტები იწვევს კბილების დაკარგვას უფრო ხშირად, ვიდრე ეს ხდება კარიესის დროს.

პაროდონტიტი –ეს არის პაროდონტის ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ხასიათდება კბილ-ღრძილოვანი მიმაგრების მოშლით, ღრძილის ჯიბეების გაჩენით. მისი მიზეზი არის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურებანი _ კბილის ქვებისა და ღრძილის ჯიბეების ხშირი წარმოქმნა, პათოლოგიური თანკბილვა. პაროდონტიტის მკურნალობის დროს ტარდება კბილ-ღრძილოვანი ჯიბეების ანთებისსაწინააღმდეგო დამუშავება. ზოგჯერ გამოიყენება ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, რომელთა ძირითადი მიზანია კბილებიდან ღრძილის ჯიბეში ღრმად ჩასული ქვების მოცილება. პაროდონტიტის მკურნალობა ადრეულად უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ჯიბის გაღრმავება, იშლება კბილის მიმაგრების ადგილი და ის უბრალოდ მოვარდება.

 

 

საკვები კარიესის წინააღმდეგ

 

Еда против кариесаკარიესის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული კვებაზე. თუ გავითვალისწინებთ სპეციალისტთა რამოდენიმე რჩევას საკვებთან დაკავშირებით, შეიძლება მნიშვნელოვნად შევამციროთ კარიესული პროცესი:

საჭიროა განისაზღვროს საკვების მიღების რაოდენობა (ჯერადობა) _ მნიშვნელოვანი არ არის სამჯერ ვიკვებებით თუ ოთხჯერ, მთავარია ხშირად არ მივიღოთ საკვები. ხშირი “წახემსება” არ უხდება კბილებს, ვინაიდან საკვების შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლები (განსაკუთრებით ადვილად შეთვისებადი)  წარმოადგენს კარგ საკვებ არეს მოკროორგანიზმებისათვის, შესაბამისად, ისინი უფრო სწრაფადაც მრავლდებიან;

უნდა შევამციროთ ტკბილეულის მიღება, განსაკუთრებით კვებას შორის შუალედებში. შაქრის არსებობა პირის ღრუში ასტიმულირებს მიკრობების გამრავლებასა და მჟავიანობის მომატებას. თუკი თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ტკბილეულზე, მაშინ უმჯობესია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ შაქრის შემცვლელებს _ ქსილიტს, სორბიტს, სახარინს, ასპარტამს. შეამცირეთ პირის ღრუში შაქრის ან სხვა ტკბილეულის დაყოვნების დრო, ნუ გაწუწნით ტბილეულს, სწრაფად “გადაჰკარით” ტკბილი სითხეები და წვენები და არ დაგავიწყდეთ, მაშინვე გაიწმინდოთ კბილები ჯაგრისით და ფლოსით (სპეციალური ძაფი) და თუ არ არის ამის შესაძლებლობა,  წყალი მაინც გამოივლეთ.

საკვები აუცილებდ უნდა შეიცავდეს ვიტამინებს, ცილოვან ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. Aამ უკანასკნელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი, რომელსაც შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები. დღიური მოთხოვნილება კალციუმზე შეადგენს 1000 მგ, ხოლო რაც შეეხება ხორცსა და თევზს, მათი შემცველობა საკვებში ყოველდღიურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 გრამს.

ოპტიმალურია, თუსაკვების ყოველი მიღების შემდეგ გაიწმინდავთ კბილებს  კბილის ჯაგრისით და კბილის პასტით. თუ თქვენ არა გაქვთ დღის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა, მაშინ მიზანშეწონილია უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება. მათ შემადგენლობაში მყოფი შაქრის შემცვლელები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ მიკრობებზე, ასევე  აღადგენენ მჟავა-ტუტე წონასწორობას პირის ღრუში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მცირეწლოვანი ბავშვების კვება. უნდა გვახსოვდეს, რომ დედის რძე და აგრეთვე ყველა სითხე, წყლის გარდა, რომელსაც ვასხამთ ბავშვის საკვებად ბოთლში (სხვადასხვა რძე, ნარევები ბავშვთა კვებისათვის, ხილის წვენები), ამა თუ იმ რაოდენობით შეიცავენ შაქარს. ნუ მისცემთ ბავშვს ასეთი სითხეებით სავსე საწოვარიან ბოთლს დიდხანს საწოვებლად. ე.წ. “საწოვარას კარიესი”, რომელიც ხასიათდება სკოლამდელ ასაკში ზედა წინა კბილების კარიესული დაზიანებით, ხშირად ემართებათ აგრეთვე იმ ბავშვებს, რომლებსაც ადრეულ ასაკში რამოდენიმეჯერ  კვებავდნენ ღამის განმავლობაში ძუძუთი.

 

 

კალციუმის შემცველობა საკვებ პროდუქტებში და მისი მოხმარება სხვადასხვა პერიოდში

 

 

კალციუმის შემცველობა საკვებ პროდუქტებში (მგრ - 100გრ პროდუქტში)

(საიტისCalcium D3 Nycomed მასალების მიხედვით- www.calciumd3.ru)

 

რძის პროდუქტები:

Ca-ის შემცველობა 100გრ პროდუქტში

რძე 3%

100

რძე 1%

120

ხაჭო

95

მდნარი ყველი

300

ყველი

600

არაჟანი

100

თხის ყველი

300

იოგურტი

120

დიეტური იოგურტი

85

მწვანე სალათი

83

კომბოსტო

60

ნიახური

240

ხახვი

60

ლობიო

40

ზეთისხილი

77

ჭვავის პური

60

ხორბლის პური

30

ფორთოხალი

35

ვაშლის ჩირი

45

ლეღვი

57

გარგარის ჩირი

170

ქიშმიში

56

ნუში

254

არაქისი

70

კუნჟუტი

1150

გოგრის თესლი

60

მზესუმზირა

100

შებოლილი თევზი ძვლით

3000

სარდინი ძვლით

350

მოხარშული თევზი

20-30

ძროხის ხორცი

10-30

 

 

 

 

კალციუმის ოპტიმალური მოხმარება ადამიანის ცხოვრების

სხვადასხვა პერიოდში

(საიტისCalcium D3 Nycomed მასალების მიხედვით- www.calciumd3.ru)

 

ადამიანის ცხოვრების ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებები

კალციუმის რეკომენდებული მოხმარება ჯანმრთელ პირებში (მგრ/დღეღამეში)

ახალშობილები და 6 თვემდე ასაკის ბავშვები

400

1-5 წლის ასაკი

600

6-10 წელი

800-1200

მოზარდები და ახალგაზრდები (11-24 წელი)

1200-1500

ქალები _ 15-50 წელი

1000

ორსული და მეძუძური ქალები

1200-1500

ქალები პოსტმენოპაუზაში

1500

ქალები პოსტმენოპაუზაში, რომლებიც იღებენ ესტროგენებით ჩამნაცვლებელ თერაპიას

1000

მამაკაცები 25-65 წლის

1000

მამაკაცები და ქალები 65 წლის ზემოთ

1500

 

 

 

 

ფტორი კარიესის წინააღმდეგ

 

ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, ვინაიდან იგი ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

ფტორის მოქმედებას კარიესის წინააღმდეგგანაპირობებს შემდეგი ფაქტორები:

·        ფტორი ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს:  ნერწყვი, რომელიც ფტორს შეიცავს გროვდება რა კარიესულ ზედაპირზე, მიიზიდავს სხვა მინერალებს (მაგ. კალციუმს), რაც ხელს უწყობს კბილის ქსოვილის მინერალური სტერუქტურის აღდგენის პროცესს;

·        იგი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს. რემინერალიზაციის პროცესში ფტორის მონაწილეობით წარმოქმნილი მინერალი (ფტორაპატიტი) უფრო ძლიერია, ვიდრე კბილის შემადგენლობაში არსებული მინერალები (ჰიდროქსიაპატიტი და ნახშირმჟავა ჰიდროქსიაპატიტი);

·        ფტორი ხელს უშლის ბაქტერიის მიერ შაქრის გადამუშავების პროცესს. შესაბამისად, იგი ამცირებს კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ მჟავების გამოყოფას და კარიესულ პროცესს.

ფტორი შედის კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტებში. მისი საკმარისი რაოდენობით მისაღებად საჭიროა ამ ტიპის პასტების საკმარისად ხშირი მოხმარება. სასარგებლოა აგრეთვე ჩვეულებრივი ონკანის წყლის სმა და ამ წყლით კბილების გამორეცხვა, ვინაიდან უნდა აღინიშნოს, რომ ფტორი არის მხოლოდ ონკანის წყალში და არ არის ბოთლებში სპეციალურად ჩამოსხმულ სასმელ წყალში. ძველად ონკანის წყალი ძალზედ მცირე რაოდენობით შეიცავდა ფტორს. ჩატარებულმა სტომატოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ქალაქის წყალმომარაგების პირობებში წყალში ფტორის შემცველობის მომატებით ქალაქის მაცხოვრებლებში კარიესის განვითარება შემცირდა 40% და ზოგ შემთხვევებში 70%-ითაც კი.



როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაში

 

 

მშობლებო, აკეთებთ თუ არა ყველაფერს, რომ დაეხმაროთ თქვენს ბავშვს კბილების ნორმალურ განვითარებაში?

იმისათვის, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიადვილდეთ, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ გარკვეულ ცოდნას ბავშვის კბილების განვითარების შესახებ. ამის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ იზრუნოთ მათზე, გამოუმუშაოთ მათ პირის ღრუს მოვლის სწორი უნარ-ჩვევები, შეუნარჩუნოთ თქვენს შვილებს კბილები ჯანმრთელ მდგომარეობაში და თუკი მაინც გაგიჩნდებათ პრობლემები მათ კბილებთან დაკავშირებით, დროულად მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა, რათა შეუნარჩუნოთ მათ კბილები, ვინაიდან თითოეული კბილის დაკარგვა მაშინვე აისახება ღეჭვის პროცესზე და შესაბამისად, საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობაზე. ამავე დროს, პროტეზირება, მისი დღევანდელი მიღწევების მიუხედავად, არ ცვლის საკუთარ კბილებს. თითოეული კბილი ცხოვრობს ორგანიზმთან ერთად და საკუთარ ფუნქციას ასრულებს. ხელოვნური კბილი კი ძირითადად მხოლოდ კოსმეტიკური ფუნქციის მატარებელია.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, უდავოა მშობლის როლი ბავშვის კბილების სწორი მოვლისა და მათი ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნების ჭეშმარიტად საპასუხისმგებლო საქმეში, ვინაიდან ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გულისხმობს აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც მათი აღზრდის პროცესის განუყოფელი ნაწილია.

 

ორსულობის პერიოდის მნიშვნელობის შესახებ

 

ორსულობის მეხუთე-მეექვსე კვირიდან ჩანასახში უკვე ჩნდება და ვითარდება მისი “სარძევე” კბილები. დაახლოებით მესამე და მეექვსე თვეებს შორის იწყება “სარძევე” კბილებზე ემალის  ფორმირება.  დაბადებისას ახალშობილს უკვე სავსებით ფორმირებული აქვს პირველადი კბილების სრული ნაკრები, რომლებიც ჩამალულია ღრძილებში. ამავე დროს, ყბის ძვლის წიაღში ღრმად უკვე არსებობს და თანდათანობით ვითარდება  მუდმივი კბილების ჩანასახებიც.

 

გახსოვდეთ!

·        თქვენი მომავალი ბავშვის კბილების განვითარებაზე ზეგავლენას ახდენს ყველაფერი, რასაც თქვენ იღებთ საკვებად ორსულობის პერიოდში. A, C, D ვიტამინებით, ცილებით,  კალციუმითა და ფოსფორით მდიდარი და სწორად შერჩეული დიეტა ხელს უწყობს ბავშვის კბილების ნორმალურ განვითარებასა და კარგ ჯანმრთელობას;

 

·        მომავალმა დედებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას. ამ უკანასკნელის უგულებელყოფა იწვევს მათი კბილებისა და ღრძილების ძლიერ დაინფიცირებას, რაც თავის მხრივ, მომავალი ბავშვის ორგანიზმში ბაქტერიების მოხვედრისათვის ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება.

 

 

ბავშვის ასაკი და ჯანმრთელი კბილები

 

ახალშობილის პირველი კბილები. ძალზედ იშვიათია, თუმცა ცნობილია შემთხვევები, როცა ბავშვები კბილებით იბადებიან, მაგრამ ეს გამონაკლისს წარმოადგენს. სანამ პირველი კბილი ამოჭრის, ბავშვი ცოტათი მაინც უნდა წამოიზარდოს.

პირველი კბილის ამოჭრისათვის საშუალო ასაკად ექვსი თვე ითვლება. თუკი თქვენს ბავშვს მისი ცხოვრების მეთორმეტე თვისათვის ჯერ არ ამოსვლია პირველი კბილი, სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ ბავშვთა სტომატოლოგს.

ქვედა ყბის კბილები დაახლოებით ერთი თვით უნდა უსწრებდნენ თავის კოლეგებს  _ ზედა ყბის შესაბამის კბილებს.

დედებმა თავისი შვილების პირის ღრუს ჯერ კიდევ მანამდე უნდა მიაქციონ ყურადღება, სანამ პირველი კბილი ამოჭრის. ყოველი კვების შემდეგ ბავშვის ღრძილების გაწმენდა სველი რბილი ხელსახოცით ან დოლბანდით ხელს შეუშლის პირის ღრუს ბაქტერიულ დაბინძურებასა და მიაჩვევს ბავშვს კბილების შემდგომი გაწმენდის პროცედურას. მშობელმა ბავშვის კბილების გაწმენდა უნდა დაიწყოს პირველივე კბილის გამოჩენისთანავე.

ექვსი თვის ასაკამდე: ბავშვს პირის ღრუ უნდა გავუწმინდოთ ნამიანი დოლბანდით ან რბილი ქსოვილით საკვების მიღების შემდეგ და ძილის წინ.  უნდა გავესაუბროთ ბავშვთა სტომატოლოგს ან პედიატრს და გავარკვიოთ, ფტორის როგორი შემცველობაა სასმელ წყალში ჩვენს რაიონში, ასევე მათთან ერთად უნდა შეირჩეს  ბავშვის კვების რეჟიმი.

ექვსიდან თორმეტი თვის ასაკამდე:პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა მივაკითხოთ სტომატოლოგს. ბავშვის კბილის გაწმენდა უნდა დავიწყოთ პატარა რბილი ჯაგრისით. ძუძუსა და საწოვარიან ბოთლს ბავშვი უნდა გადავაჩვიოთ ერთი წლის ასაკისათვის.

თორმეტიდან ოცდაოთხ თვემდე:  სწორედ ამ პერიოდში ხდება სარძევე კბილების უმეტესობის ამოჭრა. როგორც კი ბავშვი შეძლებს პირის ღრუში წყლის გამოვლებას, კბილების გასაწმენდად იწყებენ ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენებას.

 

სარძევე კბილების მოვლა

მშობლები ხშირად ფიქრობენ,  რომ არ არის საჭირო სარძევე კბილების მოვლა, რადგან ისინი მაინც მოვარდებიან. ეს მიდგომა არასწორია. დაზიანებული სარძევე კბილი ისევე მტკივნეულია, როგორც  მუდმივი. გარდა ამისა, იგი შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს. თუ საჭირო გახდა დაზიანებული სარძევე კბილის ამოღება, წარმოქმნილი სიცარიელის გამო არასწორად იზრდება მეზობელი კბილები, რაც შემდგომ ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას, ამიტომ სარძევე კბილები ისეთივე მოვლას საჭიროებენ, როგორც მუდმივი.

ბავშვებს კბილების გამოწმენდა უნდა ვასწავლოთ 2-3 წლის ასაკიდან, როცა ისინი ცდილობენ მიბაძონ უფროსებს. წელიწადში 2-ჯერ საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი, რასაც ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. კბილებისათვის კრიტიკული ასაკია 7-8 წელი, როცა ხდება ბავშვის ენდოკრინული და ნერვული სისტემების გადაწყობა. ამ დროს კბილები ხშირად ზიანდება.

 

სარძევე კბილების შეცვლა მუდმივი კბილებით

ეს პროცესი უნდა დასრულდს 12-14 წლის ასაკისათვის. პირველად ფესვიანი კბილები ამოიჭრება ექვსი წლის ასაკში. შემდეგი ფესვიანი კბილების ამოჭრა ხდება 12 წლისათვის. ამ დროისათვის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და ბავშვის ორგანიზმში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ასეთ დროს განსაკუთრებით სახიფათოა ყბა-სახის მიდამოს დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი არასწორი ფორმირება და რაც შემდგომში ძალზედ რთული გამოსასწორებელი ხდება. როგორც წესი, ბავშვებსა და მოზარდებს ნაკლებად ესმით ეს, ამიტომაც საჭიროა მშობლების ყურადღება და ჩარევა, რათა ბავშვებმა დროულად მიმართონ სტომატოლოგს.

კბილების სწორად გაწმენდას ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს 6-8 წლის ასაკისათვის, ამიტომაც ამ დრომდე საჭიროა ბავშვების მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი მშობლების მხრიდან.

ე.წ. “სიბრძნის” კბილი ადამიანს ამოსდის დაახლოებით 18 წლის ასაკისათვის ან საერთოდ არ ამოსდის. ხშირად ეს კბილი საკმაო პრობლემებს უჩენს მას, ვინაიდან კბილებით უკვე შევსებულ პირის ღრუში ნაკლები ადგილი რჩება მისთვის და ის ზოგჯერ საერთოდ ვერ ახერხებს ამოჭრას. კბილსა და ღრძილს შორის შეიძლება დაგროვდეს ნალექი, განვითარდეს ადგილობრივი ანთება, რაც იწვევს  საშინელ ტკივილს და აუცილებელს ხდის მის ექსტრაქციას.

 

პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან

პედიატრებს, სტომატოლოგებსა და ოჯახის ექიმებს შორის დღეისათვის არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ რა ასაკში უნდა მოხდეს ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან.  ზოგიერთი ექიმი ურჩევს მშობლებს, არ მიიყვანონ ბავშვი ყველა სარძევე კბილის ამოსვლამდე ანუ 2-3 წლამდე. ზოგჯერ ისინი ურჩევენ ვიზიტის გადადებას 6 წლის ასაკამდეც კი. მშიშარა და ემოციური ბავშვის მშობლებს შეიძლება ურჩიონ, მოიცადონ, სანამ ბავშვი არ გაიზრდება და არ ისწავლის სავარძელში მშვიდად ჯდომას. ასეთი რჩევების შედეგად შეიძლება დაავადების მკურნალობა ძალზედ დაგვიანდეს.

სტომატოლოგების რეკომენდაციით, ბავშვის პირის ღრუს დათვალიერება უნდა მოხდეს პირველი სარძევე კბილის ამოჭრიდან 6 თვის განმავლობაში, არაუგვიანეს 12 თვის ასაკამდე, რაც ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ ბავშვი თავისი დაბადების  პირველივე დღიდან უნდა იყოს  სტომატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პირველი ვიზიტის დროს ექიმმა უნდა შეავსოს სრული სამედიცინო და სტომატოლოგიური ისტორია, რაშიც მას დახმარებიან მშობლები. მათ უნდა გააცნონ სტომატოლოგს, როგორ მიმდინარეობდა ბავშვის პრენატალური, პერინატალური და მშობიარობის შემდგომი განვითარება. პირველი ვიზიტი ხშირად შემოიფარგლება მხოლოდ პირის ღრუს ვიზუალური დათვალიერებით. ამ დროს ბავშვი უნდა იჯდეს მშობლის მუხლებზე და თავი დადებული ჰქონდეს სტომატოლოგის მუხლებზე (პოზიცია “მუხლი მუხლზე”).

ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბავშვის კბილებისა და პირის ღრუს დაავადების განვითარების რისკის შეფასება. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით სტომატოლოგი გადაწყვეტს, რა დროის შემდეგ არის საჭირო მასთან შემდგომი ვიზიტი. ვინაიდან ბავშვებში კბილების დაზიანების პროცესი ძალზედ სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ დაავადების განვითარების მაღალი რისკის დროს განმეორებითი ვიზიტი სამ თვეში უნდა მოხდეს.

სტომატოლოგი ასევე აფასებს პირის ღრუს ორგანოებისა და კბილების განვითარებას. მან მშობლის დახმარებით უნდა დააზუსტოს, რომელ ასაკში რამდენი კბილი ქონდა ბავშვს. იგი ასევე განსაზღვრავს, რამდენად ესაჭიროება ბავშვს ფტორიდები. სასურველია, ყურადღება გამახვილდეს ბავშვის ისეთ უნარ-ჩვევებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული კვებასთან (მაგ. თითის წოვა), პირის ღრუს პროფილაქტიკურ მოვლაზე, დიეტის დაცვაზე და ა.შ. თუ ექიმის ჩარევა საჭიროა, ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ან დაევალოს ბავშვთა სხვა სტომატოლოგს.

 

როგორ მოვუხსნათ ბავშვს შიში სტომატოლოგთან ვიზიტის წინ?

მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვი დაარწმუნოს სტომატოლოგთან ვიზიტის აუცილებლობაში. შემოგთავაზებთ რამოდენიმე რჩევას:

_ არასდროს არ გამოიყენოთ სტომატოლოგი ბავშვის დასაშინებლად, მაგ. როცა ის არ იწმინდავს კბილებს;

_ ნუ გაიხსენებთ მისი თანდასწრებით სტომატოლოგთან ვიზიტის უსიამოვნო დეტალებს. ეს დააშინებს მას;

_ თუ თქვენ თვითონაც ძალიან გეშინიათ სტომატოლოგის კაბინეტში ყოფნა და კარგად ვერ ახერხებთ დამალოთ ეს, გააგზავნეთ ბავშვი ექიმთან სხვასთან ერთად;

_ 3-4 წლის ასაკში წაიყვანეთ ბავშვი თქვენთან ერთად სტომატოლოგთან და დაასწარით თქვენი მკურნალობის პროცესს, მაგრამ ეცადეთ, წინასწარ მოელაპარაკოთ თქვენს ექიმს და არ დაასწროთ იგი რაიმე მტკივნეულ და სერიოზულ მანიპულაციას. უმჯობესია, თუ ექიმი რამოდენიმე წუთს დაუთმობს ბავშვს, გაესაუბრება, დაათვალიერებინებს თავის ინსტრუმენტებს და მშვიდი და მზრუნველი ტონით აუხსნის მას ზოგიერთი მათგანის დანიშნულებას. კარგია, თუ არ იქნება მკვეთრი განათება და არასასიამოვნო ხმაური, რათა ბავშვს არ შეეშინდეს. რამოდენიმე ასეთი ვიზიტის შემდეგ, ბავშვი უკვე უშიშრად დაათვალიერებინებს სტომატოლოგს კბილებს;

_ საბავშვო სტომატოლოგიურ დაწესებულებებში, როგორც წესი, მოწყობილია გასართობი კუთხეები ბავშვებისათვის. თუ ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის, კარგი იქნება, თუ სახლიდან თან წაიღებთ თქვენი შვილის საყვარელ სათამაშოს ან წიგნს;

_ ბავშვებისათვის სტომატოლოგიურ კაბინეტში ყოფნა ძალზედ დამღლელია, მათ მალე ღალატობთ თავშეკავების გრძნობა, ამიტომაც სასურველია, მკურნალობის სეანსი იყოს შედარებით ხანმოკლე. თუ ასეთი რამ შეუძლებელია, შეუთანხმდით სტომატოლოგს, რათა რამოდენიმე ვიზიტზე გაანაწილოს იგი.

თუ თქვენი მცდელობის მიუხედავად, თქვენი ბავშვი მაინც არ გთანხმდებათ სტომატოლოგთან წასვლაზე, ასეთ შემთხვევაში უნდა დაალევინოთ მას ექიმის მიერ შერჩეული დასამშვიდებელი წამალი.

 

როგორ ავირჩიოთ კბილის ჯაგრისი

Зубные щетки

სტომატოლოგები არ ეთანხმებიან აზრს იმის შესახებ, რომ მასალა, რომლითაც დამზადებულია კბილის ჯაგრისი, მისი ესა თუ ის ფორმა და დიზაინი, არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ჯანმრთელობაზე. დღეს კბილის ჯაგრისები საჭიროებენ  აუცილებელ სერტიფიკაციას და შეფასებას რამოდენიმე პარამეტრის მიხედვით:

პირველ რიგში, ეს არის სიმაგრე: არჩევენ უხეშ (hard) საშუალო სიუხეშის (medium) და რბილ (soft) ჯაგრისებს. ზოგიერთი ფირმა ამზადებს ძალიან რბილ (extra soft) ჯაგრისებს. Uუხეში ჯაგრისის საშუალებით ხდება ღრძილების მძლავრი მასაჟი, ამიტომაც ასეთი ჯაგრისი შეუძლია იხმაროს მან, ვინც დარწმუნებულია თავისი ღრძილების სიმაგრეში. რაც შეეხება ჯაგრისის გამასუფთავებელ უნარს, იგი არ არის დამოკიდებული სიმაგრეზე. რბილი და ძალზე რბილი ჯაგრისები უნდა იხმარონ მათ, ვისაც აქვს ხშირი სისხლდენები ღრძილებიდან, ვინაიდან ისინი ნაკლებ ტრავმულები არიან. საშუალო სიმაგრის ჯაგრისს ირჩევენ ისინი, რომელთაც უჭირთ მათ შორის ზუსტი არჩევანის გაკეთება.

მეორე –ეს არის მასალა, რომლითაც დამზადებულია ჯაგრისი: სტომატოლოგები არ წყალობენ ბუნებრივი მასალისაგან, მაგ. ღორის ჯაგრისაგან, დამზადებულ ჯაგრისებს, ვინაიდან იგი ადვილად შეიძლება ამოძვრეს ბუდიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც კი აღმოჩნდეს. Mმათგან განსხვავებით, თანამედროვე მასალები ნაკლებად შრევდება, ნაკლებად ძვრება ბუდიდან და მათში ნაკლებად მრავლდება მიკრობები. ზოგიერთ ჯაგრისში გამოიყენება სპეციალური საღებავი, რომელიც თანდათანობით იცვლის ფერს, რითაც მფლობელს აძლევს ნიშანს, რომ უკვე ჯაგრისის შეცვლის დრო დადგა.

ჯაგარი საგულდაგულოდ უნდა იყოს გაკრეჭილი და ძალიან არ სცილდებოდეს პლასტიკატის თავს. “გაწეწილ” ჯაგრისს ეჭვით უნდა შევხედოთ. ორ საფეხურად (დონედ) გაკრეჭილი ჯაგარი გამოირჩევა კბილებს შორის ნაპრალების კარგი გაწმენდის უნარით. სწორედ ამ მიდამოში ჩნდება უფრო ხშირად კარიესი. 

მესამე – ეს არის ჯაგრისის ფორმა და კონსტრუქცია, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჯაგრისის შეძენისას. ტარზე განლაგებული რეზინის განივი ღარები ხელს უშლიან ჯაგრისის სრიალს ხელში და შესაბამისად, ღრძილების ტრავმატიზაციას. ღრძილზე ზეწოლის სიძლიერე (წნევა) მცირდება ჯაგრისის “გადაღუნვით” ან ტარის დაგრძელებით, რასაც მიმართავენ ზოგჯერ მწარმოებლები. რაც შეეხება ფორმას, უმჯობესია მრგვალი ფორმის არჩევა, რომელიც პირის ღრუს ლორწოვანის ნაკლებ ტრავმატიზაციას იწვევს. ზომა უნდა ავირჩიოთ პირის ღრუს ინდივიდუალური  ზომის გათვალისწინებით. Uუმჯობესია ავირჩიოთ შედარებით პატარა ზომის თავის მქონე ჯაგრისი, ვინაიდან დიდი ზომის შემთხვევაში, მისით მანიპულირება პირის ღრუში გაძნელებულია. Mმექანიკური ჯაგრისი შექმნილია ზარმაცებისათვის და მისი შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ ოჯახის ბიუჯეტის შესაძლებლობები.

დღეისათვის ბაზარი გაჯერებულია იაფფასიანი და უხარისხო პროდუქციით. დაბალი ხარისხის მქონე ჯაგრისების სახელწოდებები ემსგავსება მათ ხარისხიან ანალოგებს, თუმცა დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს განსხვავებას დასახელებაში, მაგ. Aquaphresh და Aquafresch, ან Rich და Reech და ა.შ. ასეთ ჯაგრისებში გამოყენებული მასალები ჰიგიენური თვალსაზრისით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ხარისხიანი კბილის ჯაგრისი იაფი არ არის, მაგრამ ეკონომია ამ შემთხვევაში ძვირი გვიჯდება. უხარისხო ჯაგრისით კბილის გაწმენდა ხშირად არაეფექტურია, გარდა ამისა, მას  შეიძლება მოყვეს ემალის დაზიანება, ღრძილებიდან სისხლდენა, კბილის ქვის გაჩენა.

კბილები ჯაგრისით უნდა გავიწმინდოთ დღეში ორჯერ. Oოპტიმალურია, თუ თქვენ ამის გაკეთების შესაძლებლობა გეძლევათ ყოველი კვების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ საღეჭი რეზინი. Mმართალია, მისი მეშვეობით სუფთავდება კბილის მხოლოდ საღეჭი ზედაპირი, მაგრამ ამავე დროს ხდება დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფა, რომელიც ახდენს კბილებიდან საკვების ნარჩენების ჩამორეცხვას. კბილის გასუფთავება, გარდა ჯაგრისის ხარისხისა, ასევე დამოკიდებულია კბილის პასტაზეც, რაც ცალკე საუბრის თემაა.

 

 

 

 

რა უნდა ვიცოდეთ კბილის პასტების ირგვლივ?

 

 

Статья სარეკლამო ტრიუკების შედეგად ადამიანები ხშირად არასწორად ირჩევენ კბილის პასტას.

დანიშნულების მიხედვით არსებობს ორი ტიპის კბილის პასტა: ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური.

პირველი მოწოდებულია მხოლოდ კბილების გასასუფთავებლად საკვების ნარჩენებისაგან და პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ასეთი პასტების გამოყენება რეკომედებულია მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელი კბილები და რეგულარულად აკითხავს სტომატოლოგს.

კბილის პასტათა უმრავლესობა მიეკუთვნება სამკურნალო-პროფილაქტიკურ პასტების ჯგუფს. გარდა კბილის გასუფთავებისა, მათ დანიშნულებაში შედის კარიესისა და პაროდონტიტის გამომწვევი მიკროფლორის დათრგუნვა, კბილების ემალის რემინერალიზაცია, ანთებითი მოვლენების შემცირება პაროდონტის დაავადებების დროს, ასევე კბილების გათეთრება. მათ შორის განარჩევენ კარიესის საწინააღმდეგო პასტებს, რომლებიც შეიცავენ კალციუმსა და ფტორს, ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პასტებს (“ტყის”, “კოლგეიტი-ტყის ბალახებით” და სხვ.) და მათეთრებელ პასტებს. ყველა ეს ნივთიერება ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ კბილის გაწმენდის პროცესი გრძელდება 5 წუთზე მეტ ხანს.

კარიესის საწინააღმდეგო მოქმედებას განაპირობებს კბილის პასტებში ფტორიდებისა (ნატრიუმის ფტორიდი, კალას ფტორიდი, ამინოფტორიდი, მონოფტორფოსფატი და სხვ.) და კალციუმის (კალციუმის გლიცეროფოსფატი) შემცველობა.

ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, კერძოდ ფტორის შემცველი კბილის პასტები უნდა გამოვიყენოთ დღეში 2-3 ჯერ, რათა ნერწყვში დაგროვდეს ფტორის საკმარისი რაოდენობა. უნდა აღინიშნოს, რომ ფტორი არის მხოლოდ ქალაქის წყალმომარაგების პირობებში ონკანის წყალში და არ არის ბოთლებში სპეციალურად ჩამოსხმულ სასმელ წყალში, ამიტომ სასარგებლოა ჩვეულებრივი ონკანის წყლის სმა და ამ წყლით კბილების გამორეცხვა.

პასტის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება მიიღწევა მასში სხვადასხვა მცენარეების ექსტრაქტების (პიტნა, სალბი, გვირილა და სხვ.) დამატებით.

მათეთრებელი პასტები შეიცავენ ნატრიუმის ბიკარბონატს ანუ სოდას, რომელიც ხასიათდება გამოხატული აბრაზიული მოქმედებით. ჩვეულებრივ მათ ხმარობენ კვირაში 1-2 ჯერ, ვინაიდან ასეთი პასტების ყოველდღიური გამოყენება არ არის რეკომენდებული ემალის დაზიანების რისკის არსებობის გამო.

პასტის შემადგენლობაში შედის აგრეთვე მთელი რიგი დამხმარე ნივთიერებები, მაგ. დეტერგენტები (ნატრიუმის ლაურილ ფოსფატი), რომლებიც გამოიყენებიან აგრეთვე შამპუნების წარმოებაში და იწვევენ ქაფის წარმოქმნას. აბრაზიული ნივთიერებები (ალუმინის ქვეჟანგი, ცარცი, ნატრიუმის ბიკარბონატი, კრემნიუმის დიოქსიდი) ახდენენ კბილის ზედაპირის გაწმენდას ნადებისა და მიკრობებისაგან.

პასტების შემადგენლობაში შედის აგრეთვე მჟავიანობის სტაბილიზატორები, ვინაიდან მჟავე არე ხელს უწყობს კარიესის განვითარებას. ისინი იწვევენ პირის ღრუს pH–ის გაზრდას. სხვა ნივთიერებები აუჯობესებენ პასტის საგემოვნო თვისებებს და მოწოდებულია მომხმარებლის გემოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

ოპტიმალურია, თუკი კბილის პასტას შეგირჩევთ სტომატოლოგი. შეიძლება თვითონაც გააკეთოთ ეს, თუკი გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს:

_ ძვირიანი კბილის პასტა უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე იაფიანი. უმჯობესია ცვალოთ კბილის პასტები;

_ თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებისადმი, დილით უნდა იხმაროთ კარიესის საწინააღმდეგო პასტა, ხოლო საღამოს კი ანთების საწინააღმდეგო;

_ შეიძინეთ მხოლოდ ის პასტა, რომელსაც აწერია: “აღიარებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ”, რაც ნიშნავს, რომ პასტა შემოწმებულია და იგი შეიცავს ფტორს საკმარისი, ეფექტური და უსაფრთხო რაოდენობით;

_ ყურადღებით გაეცანით კბილის პასტაზე წარწერილ ინსტრუქციებს;

_ ჩვეულებრივ, საკმარისია პასტის მხოლოდ მცირე რაოდენობის (დაახლ. მწვანე ბარდის ზომა) გამოყენება;

_ მეტად მნიშვნელოვანია, დაიცვათ კბილის გაწმენდის ტექნიკა;

_ კბილის გაწმენდის პროცესში არასოდეს არ გადაყლაპოთ პასტა. ეს შენიშვნა ეხებათ განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს;

_ სამი წლის ასაკამდე კბილების გასაწმენდად უმჯობესია გამოიყენოთ ბავშვებისათვის სპეციალურად დამზადებული ხსნარი, კბილის პასტის ნაცვლად;

_ ასწავლეთ ბავშვებს კბილების სწორად გამოწმენდა და შეამოწმეთ, თუ რამდენად სწორად ფლობენ ისინი ამ უნარ-ჩვევებს. ყურადღება მიაქციეთ მათ, განსაკუთრებით 6 წლის ასაკამდე, რათა კარგად გამოივლონ წყალი და არ გადაყლაპონ პასტა.

 

 

 

როგორ უნდა გავიწმინდოთ კბილები სწორად?

Как правильно чистить зубы?კბილის პირველი ჯაგრისის გამოჩენის დღიდან მოწოდებული იქნა კბილის გაწმენდის რამოდენიმე მეთოდი, მაგ. ჩარტერის, სტილმანის, სმიტ-ბელის, რეიტეს, ფონესის, ბასისა და სხვათა მეთოდებს აღენიშნებოდათ თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ სტომატოლოგი უნდა ურჩევდეს პაციენტს, მისი პირის ღრუს მდგომარეობის გათვალისწინებით, კბილის გაწმენდის ამა თუ იმ მეთოდს. თუმცა, არსებობს კბილების გასუფთავების, როგორც ჰიგინური ღონისძიების ჩატარების, სტანდარტული მეთოდები. მათი მიზანია არა მხოლოდ კბილის ზედაპირის გაწმენდა, არამედ ნადების მოცილება კბილებსშორისი არეებიდან, ღრძილების მასაჟი.

კბილების გაწმენდის სტანდარტული პროცედურა უნდა ჩატარდეს შემდეგნაირად:

1.      ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ კბილის ზედაპირისადმი 45 გრადუსიანი კუთხით. გაწმენდა დაიწყეთ გახსნილი კბილების მდგომარეობაში;

2.      დაიწყეთ წმენდა ზედა ყბის კბილების ლოყის ზედაპირიდან. შეასრულეთ 10 მოძრაობა ერთ მხარს და 10 მოძრაობა მეორე მხარეს;

3.      ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით ჯაგრისის  მოძრაობით გაიწმინდეთ კბილების შიდა ზედაპირი (ენის მხარეს);

4.      ამის შემდეგ შეუდექით კბილების საღეჭი ზედაპირების გაწმენდას. საჭიროა შესრულდეს პირიდან გარე მიმართულებით 10-15 მოძრაობა ყოველ მხარეს;

5.      გაიმეორეთ ყველა ეს მოძრაობა ქვედა ყბის კბილებისათვის;

6.      წინა კბილების გაწმენდისას დაიჭირეთ ჯაგრისი კბილების რიგის მიმართ პერპენდიკულარულად;

7.      დაასრულეთ კბილების გაწმენდის პროცედურა ზედა და ქვედა ღრძილების მასაჟით, რომელიც ტარდება დახურული კბილების პირობებში ჯაგრისის წრიული მოძრაობით.

კბილების საღეჭ ზედაპირზე დარჩენილი საკვების ნარჩენები ადვილად იწმინდება ჯაგრისით, მაშინ როდესაც კბილებს შორის დარჩენილი არე ჯაგრისისათვის მიუდგომელია და აქ დარჩენილი საკვების ნარჩენები კარიესის განვითარებისათვის საუკეთესო წინაპირობაა. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ კბილის გაწმენდის პროცესში გარდა კბილის ჯაგრისისა, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ძაფებიც – ე.წ. ფლოსები, რომელთა საშუალებითაც იწმინდება კბილთაშორისი არეები. ფლოსი, ანუ კბილის გასაწმენდი სპეციალური ძაფი ჩვენი ქვეყნის სააფთიაქო დახლებზე მხოლოდ უკანასკნელ წლებში გამოჩნდა. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას გამოკითხულთა მხოლოდ 1,5% იცნობს და ადამიანთა ეს მცირე რაოდენობაც კი მას მხოლოდ კვირაში ერთხელ იყენებს. კბილების გაწმენდის ეს ორი საშუალება _ ჯაგრისი და ფლოსი ერთმანეთს ავსებენ და ისინი ყოველდღიურად უნდა იქნას გამოყენებული.

დაიმახსოვრეთ: კბილების გაწმენდის მთელი პროცედურა არ უნდა იკავებდეს 3 წთ-ზე ნაკლებ დროს. უმჯობესია, თუკი მას 5 წთ-ს დაუთმობთ. სასურველია, სააბაზანო ოთახში იქონიოთ საათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ დროში ორიენტაცია. კარგი იქნება, თუკი პროცედურას დაიწყებთ პირის ღრუში ფტორის შემცველი ხსნარის გამოვლებით, შემდეგ ჩაატარებთ კბილების გაწმენდის სტანდარტულ პროცედურას, ხოლო დაასრულებთ ენის ზედაპირის გაწმენდითა და წყლის გამოვლებით. ძილის წინ კბილებს შორის არსებული ზედაპირისა და ნაპრალების დასაწმენდად აუცილებლად  გამოიყენეთ ფლოსი. რაც შეეხება ელექტრულ კბილის ჯაგრისებს, სტომატოლოგები რეკომენდაციას უწევენ Braun Oral Bელექტროჯაგრისს, რომლის საშუალებითაც განსაკუთრებით ეფექტურად ხდება კბილის ნადების მოცილება და  ღრძილების მასაჟი.

 

საღეჭი რეზინი – გამოვიყენოთ თუ არა იგი?

უამრავი სატელევიზიო სარეკლამო რგოლის წყალობით ბევრმა იცის პირის ღრუში მჟავა-ტუტე წონასწორობაზე საღეჭი რეზინის ზეგავლენის  შესახებ, თუმცა რეგულარულ ღეჭვას აქვს სხვა დადებითი და უარყოფითი მომენტებიც.

ცოტა რამ საღეჭი რეზინის ისტორიიდან: საღეჭი რეზინა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობს. ასე მაგ. ინდიელები ღრძილებისა და საღეჭი კუნთების გავარჯიშების მიზნით იყენებდნენ მატყლისა და თაფლის ნარევს. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ თამბაქოსთან ერთად ევროპაში მოხვდა დღევანდელი საღეჭი რეზინის წინამორბედები, რომელთა სიკეთეც ვერ დააფასეს მაშინდელმა  ევროპელებმა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ამერიკაში მოხდა საღეჭი რეზინის ხელმეორედ დაბადება. საღეჭად გამოიყენებდნენ ნაძვის ფისს, რომელსაც საღეჭი თვისებების მისანიჭებლად ხანგრძლივად აჩერებდნენ პირის ღრუში. ეს აძნელებდა საღეჭი რეზინის ფართოდ გავრცელებას. “საღეჭი ინდუსტრის” სწრაფი წინსვლა გამოიწვია სხვა მცენარეების წვენის გამოყენებამ, რომლებიც თავისი თვისებებით ემსგავსებოდნენ ლატექსს. შემდეგ დაიწყეს საღეჭ რეზინაში შაქრისა და სხვადასხვა არომატიზატორების დამატება. 1939 წელს გამოჩნდა ამერიკელი პროფესორის ხოლინგვორთის ნაშრომი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ მუდმივი ღეჭვა ხსნის ნერვულ დაძაბულობასა და სტრესს, რის შემდეგაც, საღეჭი რეზინი გახდა ამერიკელი ჯარისკაცების ყოველდღიური ულუფის აუცილებელი კომპონენტი.

არსებობს კიდევ რამოდენიმე მიზეზი, რის გამოც საღეჭი რეზინის გამოყენება სასარგებლოა ადამიანისათვის:

·        საღეჭი რეზინი ასუფთავებს კბილებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ თვალსაზრისით იგი ვერ შეედრება კბილის ჯაგრისს, ვინაიდან ღეჭვისას სუფთავდება კბილების მხოლოდ ერთი (საღეჭი) ზედაპირი;

·       ღეჭვის პროცესში ხდება  ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, რომლის ხარჯზეც პირის ღრუდან  ხდება საკვების ნარჩენების ჩამორეცხვა და მოცილება;

·        საღეჭ რეზინში არსებული შაქრის შემცვლელები (სორბიტოლი, ქსილიტი) ახდენენ მჟავა-ტუტე წონასწორობის აღდგენას. ცნობილია, რომ მჟავე არე ხელს უწყობს მიკრობების გამრავლებას, ხოლო ტუტე არე კი – პირიქით;

·       ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი ამაგრებს ღრძილებს, რაც თავის მხრივ ეხმარება ორგანიზმს წინ აღუდგეს გინგივიტსა და პაროდონტიტს. საღეჭ რეზინს აქვს უარყოფითი თვისებებიც:

·        ბაზარი გაჯერებულია შაქრის შემცველი ისეთი საღეჭი რეზინის ფართო ასორტიმენტით, რომელიც იწვევს pH-ის შემცირებას და შესაბამისად, ხელს უწყობს კარიესის განვითარებას;

· ხანგრძლივი ღეჭვის პროცესი მავნე ზეგავლენას ახდენს ქვედა ყბა-საფეთქლის სახსრის მდგომარეობაზე, ამიტომ ამ სახსრის ანთების დროს ღეჭვა რეკომენდებული არ არის;

·        ხანგრძლივი ღეჭვა ცვლის სახის ფორმას. საღეჭი კუნთების ჰიპერტროფიის გამო სახე კვადრატული ხდება. იცვლება თანკბილვაც, ამიტომაც არ არის რეკომენდებული საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ 10 წთ-ზე ხანგრძლივად;

· საღეჭი რეზინი იწვევს კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას, ამიტომ, გასტროენტეროლოგების აზრით, საღეჭი რეზინის ღეჭვა უზმოზე იწვევს  გასტრიტის გაჩენას ან გამწვავებას;

იმედია, თქვენ გაითვალისწინებთ ყოველივე ზემოთთქმულს და სწორად გამოიყენებთ საღეჭ რეზინს!

 

 

 

და ბოლოს:

 

 

 ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს,  მივმართოთ სტომატოლოგს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, პროფილაქტიკური გასინჯვისა და პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენის ჩასატარებლად!