ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ფიბროადენომა
ჯირკვლოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნე, ადენომა, რომელშიც ჭარბად არის განვითარებული შემაერთებელი ქსოვილი.
ფიბრობლასტი
შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, მონაწილეობენ უჯრედშორისი ნივთიერების, კერძოდ, კოლაგენის ძირითადი შემადგენელი ნაწილის წარმოქმნაში.
ფიბრომა
ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ფიბრომიომა
კეთილთვისებიანი სიმსივნე; შედგება როგორც შემაერთებელი, ისე უპირატესად კუნთოვანი ქსოვილისაგან.
ფიბროსარკომა
შემაერთებელი ქსოვილის უმწიფარი ავთვისებიანი სიმსივნე.
ფიზიოთერაპია
მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფიზიკური, ბუნებრივი საშუალებებით (მასაჟი, სამკურნალო ტანვარჯიში, კლიმატოთერაპია და სხვ.) მკურნალობის მეთოდებს და მათ გავლენას სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობაზე.
ფიზიოლოგია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმის, მისი ორგანოების, ქსოვილების, უჯრედებისა და უჯრედთა სტრუქტურული ელემენტების ფუნქციებს, ე.ი. ცხოველქმედების პროცესებს.
ფიზიოლოგიური ხსნარი
ხელოვნური ხსნარი, რომელსაც აქვს სისხლის პლაზმის თანაბარი ოსმოსური წნევა, ე.ი. შეიცავს მარილებს იმავე კონცენტრაციით, როგორც სისხლის პლაზმა (თბილსისხლიანებისთვის სუფრის მარილის 0,9%-იანი წყალხსნარი).
ფილოგენეზი
ორგანული სამყაროს (მცენარეთა, ცხოველთა ან მათი ცალკეული ჯგუფების) განვითარების პროცესი.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
ეს არის დაავადება, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ რომელიც არ ინკურნება. მკურნალობის ფონზე შესაძლებელია მისი განვითარების შენელება, მაგრამ მთლიანობაში, დაავადება დროთა განმავლობაში პროგრესირებს. ამის გამო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება დიაგნოსტირდება 40 წლის და მეტი ასაკის ადამიანებში. ისეთი განსაზღვრებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა, აღარ გამოიყენება. დღეისათვის ისინი შედის დიაგნოზში - ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
ფილტვის სკლეროზი
ფილტვში შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება, რასაც თან სდევს ფილტვების დაავადებული მიდამოს გამკვრივება და შეჭმუხნა.
ფიმა
კაკლისოდენობიდან ქათმის კვერცხისოდენობამდე ან უფრო დიდი ზომის კანის ხორკლიანი სიმსივნე.
ფიმოზი
პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი (ბალანიტის, გონორეის ან სხვ. დროს).
ფისტულა
პათოლოგიურად ან ხელოვნურად ოპერაციის გზით წარმოქმნილი ვიწრო მილი, რომელიც იხსნება სხეულის ზედაპირზე ან აერთიანებს ღრუ ორგანოებს ერთმანეთთან (ფისტულის გზით გამოდის სეკრეტი, ექსკრეტი ან ჩირქოვანი გამონადენი).
ფიტონციდები
მცენარეების მიერ პროდუცირებული ბაქტერიციდული ნივთიერებები. დიდი რაოდენობით არის ნიორში, ხახვსა და სხვა მცენარეებში.
ფლებიტი
ვენის ანთება.
ფლებოთრომბოზი
ვენაში თრომბის წარმოქმნა; ფლებიტი მეორადად თრომბოზის განვითარებით.
ფლებოლითი, ვენის კენჭი
მრგვალი კენჭისებრი წარმონაქმნი; გვხვდება ვარიკოზულად გაფართოებული ვენის სანათურში, ვითარდება თრომბის გაკირვის შედეგად.
ფლებომალაცია
ვენის კედლის დარბილება.
ფლებოსკლეროზი
ვენების სკლეროზი, ვენის კედელში შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდა.
ფლექსურა
ნაკეცი, მაგ. ნაწლავის ნაკეცი.
ფლიქტენა
1. კანის ოდნავ შემაღლებული, ბრტყელი, ღრუიანი, თხელაპკოვანი ბუშტუკი; 2. ოფთალმოლოგიაში: კვანძი, რომელიც ვითარდება რქოვანას ზედაპირულ შრეში ან კონიუნქტივაზე.
ფლუოროგრაფია
რენტგენოლოგიური (ნაკადური) გამოკვლევის მეთოდი - ეკრანიდან ჩრდილოვანი გამოსახულების გადაღება მცირე ზომის ფირზე.
ფლუქტუაცია
პალპაციით, პერკუსიით ან ხელით ბიძგებისას რბილი ან ელასტიკურკედლიანი ღრუს რხევის შეგრძნება, მაგ. ასციტის დროს.
ფობია
შიშის აკვიატებული მდგომარეობა.
ფოლიკულინი
1. ერთ-ერთი მდედრობითი სასქესო ჰორმონი; 2. სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ქალის სასქესო ჰორმონს.
ფოლიკულიტი
თმის ბუდის ანთება.
ფონასთენია
ხმის ფუნქციური მოშლა ხმის ჩახლეჩის (დისფონია) ან დაკარგვის (აფონია) სახით. აღენიშნებათ, როგორც პროფესიული დაავადება, მომღერლებს, მსახიობებს, პედაგოგებს და სხვ. ფონასთენიის უფრო ხშირი მიზეზია ნერვული სისტემის ფუნქციური დაზიანება.
ფონენდოსკოპი
ხელსაწყო გულისა და ფილტვების მოსასმენად. შედგება მემბრანიანი ღრუ კაფსულისა და რეზინის მილისგან.
ფონოკარდიოგრაფია
გულის სისხლძარღვთა შესწავლის ერთ-ერთი მეთოდი; გულის მოქმედებით გამოწვეული ხმიანობის ჩაწერა და რეგისტრაცია.
ფორმანილი
მძაფრი სუნის მქონე სადეზინფექციო და საფიქსაციო ფორმალდეჰიდის 40%-იანი წყალხსნარი.
ფორტიფიკანტი
დანამატი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციისათვის
ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები
მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის
ფოტოფობია
სინათლისადმი თვალის მომეტებული მგრძნობელობა, ტკივილი, ცრემლდენა და ბლეფაროსპაზმი. აღინიშნება რქოვანას დაავადების, ირიტისა და ირიდოციკლიტის შემთხვევაში.
ფოტოფსია
სინათლის ჰალუცინაციური შეგრძნება ნაპერწკლების, გაელვების, მნათი რგოლების, ხაზებისა და სხვ. სახით. გვხვდება მხედველობის პერიფერიული ნერვული აპარატის როგორც ანთებითი, ისე არაანთებითი (სიმსივნე, ბადურის ჩამოცლა და სხვ.) პათოლოგიური პროცესების დროს, რომლებიც იწვევენ ნერვულ დაბოლოებათა გაღიზიანებას.
ფრამბეზია
კანის ქრონიკული ინფექციური დაავადება, ახასიათებს კანზე დვრილოვან-აიროვანი წანაზარდები. გავრცელებულია ტროპიკულ ქვეყნებში.
ფრაქტურა
მოტეხილობა - ძვლის მთლიანობის დარღვევა.
ფრემიტუსი
გულმკერდის რხევა ფონაციის დროს, რომელიც შეიგრძნობა გულმკერდზე მიდებული ხელით; ფილტვის ქსოვილის ინფილტრაციის შემთხვევაში (ანთება, ინფარქტი) გაძლიერებულია, ხოლო პლევრის ღრუში ჰაერის ან სითხის დაგროვების დროს (პლევრიტი, პნევმოთორაქსი და სხვ.) პირიქით, შესუსტებულია.
ფრენიკოტომია
შუასაძგიდის ნერვის ოპერაციული გადაკვეთა (იმავე მიზნით, რა მიზნითაც ფრენიკოექსერეზი).
ფრიგიდულობა
ქალის სქესობრივი გულგრილობა.
ფრიქცია, შეზელა
ორგანიზმში კანიდან სამკურნალო ნივთიერებათა შეყვანის ერთ-ერთი მეთოდი, მაგ. მალამოს შეზელა.
ფრონტიტი
შუბლის წიაღის ანთება.
ფსამომა
მკვრივი, კეთილთვისებიანი სიმსივნე, გაკირული ენდოთელიომა.
ფსიტაკოზი
მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანზე გადადის თუთიყუშისგან.
ფსიქასთენია
ნევროზი, რომელიც უმეტესად უვითარდებათ უმაღლესი ნერვული მოქმედების სუსტი ტიპის წარმომადგენლებს. კლინიკურად დამახასიათებელია უკიდურესი გაუბედაობა, ავადმყოფური ეჭვები, აკვიატებული აზრები, ყურადღების გამახვილება უმნიშვნელო სიმპტომებზე და მათი გადაქცევა გადაუწყვეტელ პრობლემად, აპათია და სხვ.
ფსიქიატრია
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ფსიქიკურ დაავადებებს, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ფსიქიატრიის დარგის მუშაკი
ექიმი, ფსიქოლოგი, ექთანი, მომვლელი, სოციალური მუშაკი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც სპეციალური მომზადებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული კვალიფიკაციის საფუძველზე უფლება აქვს, დახმარება გაუწიოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს
ფსიქიატრიული დაწესებულება
შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულების განყოფილება, რომლის საქმიანობის მიზანია პირისათვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა
ფსიქიატრიული დახმარება
ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის გამოკვლევა, მკურნალობა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილება, მისი სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა
ფსიქიკა
ტვინის განსაკუთრებული თვისება, ფუნქცია, რაც გამოიხატება გარე სამყაროს ასახვაში; ადამიანის სულიერ ძალთა, შესაძლებლობათა ერთობლიობა.
<< Previous  13 Next >>