ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
დიასტაზი
ძვლების ან კუნთების დაშორება
დიასტოლა
გულის წინაგულების ან პარკუჭის მოდუნება, რომელიც მოსდევს მის შეკუმშვას - სისტოლას.
დიაფიზი
ლულოვანი ძვლის შუა, ძირითადი ნაწილი.
დიგესტია
საჭმლის მონელება
დივერგენცია
მხედეველობის ღერძების დაშორება, რომლის დროსაც ისინი იკვეთებიან თვალების უკან (სიელმე).
დივერტიკული
საყლაპავი მილის, კუჭის, ნაწლავის, შარდის ბუშტისა და სხვა მილოვანი და ღრუ ორგანოების ღრუ, ჯიბისებრი დანამატი.
დიზართრია
დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევა. ცალკეული სიტყვის, მარცვლისა და ბგერის (განსაკუთრებით თანხმოვნის) წარმოქმნის გაძნელება ან დამახინჯებულად წარმოთქმა. ვითარდება თავის ტვინის სხვადასხვა დაზიანების ან მბგერავი იოგების, რბილი სასის, სახისა და სასუნთქი კუნთების ინერვაციის მოშლის შედეგად, აგრეთვე ”კურდღლის ტუჩის”, ”მგლის ხახის”, უკბილობისა და სხვა შემთხვევაში.
დიზენტერია
მწვავე ინფექციური დაავადება. ახასიათებს მსხვილი ნაწლავის ანთება, ხანმოკლე ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია. დაავადების წყაროა დაავადებული ან ბაქტერიამტარებელი ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად გამოყოფს დიზენტერიის მიკრობებს. ავრცელებს ბუზიც. საიმკუბაციო პერიოდი საშუალოდ 2-3 (იშვიათად 1-5) დღეა. დაავადება იწყება მწვავედ, სიცხით. ინტოქსიკაციის მოვლენებით, რასაც დაერთვის შეტევითი ტკივილი მუცლის ქვედა არეში და სხვადასხვა ინტენსივობისა და ხასიათის (ლორწოვანი, სისხლიანი და ჩირქიანი) ფაღარათი. ზოგჯერ ფაღარათი წინ უსწრებს სიცხეს. ახასიათებს ცრუ ჭინთვები. უფრო გავრცელებულია დიზენტერიის მსუბუქი ფორმები - ხანმოკლე, უსისხლო და ულორწო ფაღარათი ინტოქსიკაციის მოვლენების გარეშე. გვხვდება უმძიმესი ფორმაც (განსაკუთრებით ავადდებიან მცირეწლოვანი ბავშვები), რომელსაც ახასიათებს ექსიკოზი (წყლისა და მარილების კატასტროფული დაკარგვა) ან ინფექციური შოკი, რაც ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება.
დიზოვარია
საკვერცხეთა ფუნქციის მოშლა
დიზურია
შარდვის მოშლა, საშარდე ბუშტიდან შარდის გამოსვლის გაძნელება. დიზურიას, ჩვეულებრივ, იწვევს შარდსადენის ანთება, მისი დახშობა კენჭით, გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის, ჰემატომის ან სიმსივნის დაწოლა შარდსადენზე, აგრეთვე ფუნქციური მოშლილობა ნერვული სისტემის დაავადებათა დროს (მაგ., სპაზმი).
დილატაცია
1. ღრუ ორგანოს გაგანიერება (მაგ., კუჭის, გულის მთლიანად ან ცალკეული ნაწილის გაგანიერება) ; 2. სხეულის ხვრელის ან არხის ხელოვნური გაგანიერება.
დინამომეტრია
ადამიანის კუნთების ცალკეული ჯგუფის ძალის გაზომვა სპეციალური ხელსაწყოთი - სამედიცინო დინამომეტრით. მედიცინაში იყენებენ, როგორც დამხმარე ნიშანს ადამიანის ფიზიკური განვითარების შეფასებისას.
დიოპტრია
ლინზებისა და სხვა ოპტიკური სისტემების ოპტიკური ძალის ერთეული. აღინიშნება D-თი. 1 D უდრის ისეთი ლინზის ან სფერული სარკის ოპტიკურ ძალას, რომლის მთავარი ფოკუსური მანძილი არის 1მ. სხივების შემკრები ლინზის ოპტიკური ძალა დადებითია, გამბნევისა - უარყოფითი. დიოპტრიით გამოსახავენ სათვალის ოპტიკურ ძალას. ახლომხედველთა სათვალის ოპტიკური ძალა უარყოფითია, შორსმხედველთა სათვალისა კი - დადებითი, მაგ., -1,5 D ან +2,0 D.
დიპლეგია
სხეულის ორივე ნახევრის კუნთების დამბლა. შეიძლება იყოს თავის ტვინის ორივე ჰემისფეროს ან ზურგის ტვინის დაზიანების შედეგი.
დიპლოკოკი
სფერული, წყვილ-წყვილად განლაგებული პარკოვანი ბაქტერიები.
დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)
დიპლომამდელი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება
დიპლოპია
მხედველობის გაორება, საგნის გაორებულად დანახვა. უმეტესად იწვევს თვალის მამოძრავებელი ერთ-ერთი კუნთის პარეზი ან დამბლა. დიპლოპიის დროს დარღვეულია ბინოკულარული მხედველობა. დიპლოპიას, როგორც თვალის მამოძრავებელი კუნთის დამბლის ერთ-ერთ ნიშანს, სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სხვა დაავადების (ენცეფალიტის, ტვინში სისხლის ჩაქცევისა და სხვ.) დასადგენადაც.
დისბაქტერიოზი
ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ნორმალური მიკროფლორის შეცვლა
დისემინაცია, განთესვა
ინფექციური და იზოლიორებული კერიდან დაავადების გამომწვევის ან ძირითადი კვანძიდან სიმსივნური უჯრედების გავრცელება ორგანოსა და მთელ ორგანიზმში სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემის საშუალებით. დისემინაციას, ჩვეულებრივ. მოყვება პათოლოგიური პროცესის გენერალიზაცია - მთელ ურგანიზმში ახალი, ხშირად მრავალრიცხოვანი კერების - მეტასტაზების განვითარება.
დისიმილაცია
ნივთიერებათა ცვლის პროცესში რთული ორგანული ნაერთების (ცილების, ნუკლეინის მჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების) დაშლა მარტივ ნივთიერებებად. დისიმილაცია ასიმილაციის საპირისპირო პროცესია. დისიმილაციის შედეგად თავისუფლდება ცხოველმოქმედებისთვის საჭირო ენერგია: ცოცხალ ორგანიზმში დისიმილაცია ასიმილაციასთან ერთად ნივთიერებათა ცვლის უწყვეტად მიმდინარე პროცესია.
დისკინეზია
ნებითი მოძრაობის უნარის დარღვევა
დისმენორეა
მენსტრუალური ციკლის დარღვევა: ახასიათებს მტკივნეულობა და არარეგულარობა.
დისპეფსია
კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა, საჭმლის მონელების დარღვევა.
დისპლაზია
ორგანიზმის, უჯრედების, ქსოვილის, ორგანოს არასწორი ზრდა-განვითარება.
დისპნოე, ქოშინი
სუნთქვის გაძნელება, თან სდევს სუნთქვის უკმარისობის უსიამოვნო შეგრძნება.
დისტალური
სხეულის შუა ხაზიდან დაშორებული, პერიფერიული (საპირისპიროა პროქსიმალური).
დისტილაცია
თხევადი ნარევის დაყოფა შედგენილობით განსხვავებულ ფრაქციებად. პროცესი ემყარება ნარევის კომპონენტების დუღილის ტემპერატურათა სხვაობას. დისტილაციის მეთოდით მიიღება დისტილირებული წყალი.
დისტონია
ტონუსის დარღვევა
დისტოპია
უჯრედთა კომპლექსის, ქსოვილის ან ორგანოს არასწორი მდებარეობა, გადაადგილება.
დისტორსია, დაჭიმულობა, ღრძობა
სახსრის ოიგების გაჭიმვა (ნაწილობრივი გაწყვეტით და სისხლჩაქცევით) სწრაფი და ტლანქი მოძრაობის შედეგად
დისტროფია
1. ქსოვილის ორგანოთა ამ მთელი ორგანიზმის კვების მოშლა; 2. განუვითარებლობა ან გადაგვარება; 3. ჩვილ ბავშვთა ქრონიკული დისპეფსია.
დისტროფიული პაროდონტოპათია
კბილის ირგვლივი ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული ხასიათის ქრონიკული დაავადება, აზიანებს ყბა-კბილთა სისტემას. ამ დაავადების დროს სრულიად ჯანმრთელი, დაუზიანებელი კბილები კარგავს მდგრადობას, შიშვლდება.
დისფაგია
ყლაპვის აქტის მოშლა, მიზეზებია პირის ღრუს, ხახის, საყლაპავი მილის, ხორხის, შუასაყრის ანთებითი პროცესი, ნაწიბუროვანი შეხორცება, სიმსივნე, ზოგიერთი ნერვული დაავადება და სხვ. დისფაგიის დროს ყლაპვა გაძნელებულია ან შეუძლებელია. ყლაპვისას შეიგრძნობა ტკივილი, საკვები და სითხე ხვდება ცხვირში, ხორხსა და ტრაქეაში.
დისფონია
სხვადასხვა მიზეზის გამო ხმის ხრინწიანობა. გვხვდება უმეტესად ხორხის დაავადების დროს.
დიურეზი
შარდის გამოყოფა, შარდის წარმოქმნისა და გამოყოფის პროცესი, დროის მონაკვეთში გამოყოფილი შარდის რაოდენობა.
დიფთერია, ხუნაგი
მწვავე ინფექციური, უპირატესად ბავშვთა ასაკის დაავადება. ახასიათებს ინფექციის შეჭრის ადგილზე ანთებითი პროცესის განვითარება და მკვრივი ფენოვანი ნადების წარმოქმნა, ორგანიზმის მძიმე ინტოქსიკაცია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ხახის დიფთერია, შედარებით ნაკლებად ხორხისა, სხვა ფორმები იშვიათია. დიფთერია გვხვდება სპორადიულად ან ეპიდემიურად.
დიფთერიტი
ლორწოვანი გარსის ფიბროზული ანთება დანეკროზებით (ხშირად არასწორად ხმარობენ დიფთერიის მნიშვნელობით).
დონორი
ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს, ორგანოთა ნაწილს, ქსოვილს სხვა ადამიანისათვის გადანერგვის ან სხვა ადამიანის მკურნალობის მიზნით
დორსალური
ზურგისმხრივი (ვენტრალურის საპირისპირო).
დორსოვენტრალური
ზურგიდან მუცლისკენ მიმავალი
დროებითი საექიმო საქმიანობა
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ხანგრძლივობით განხორციელებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა
დუოდენიტი
თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება
<< Previous  1 2