ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
სოორი, რძიანა
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადება ოდნავ ამობურცული, მომრგვალო ფორმის, მდოგვის ან მუხუდოს მარცვლისოდენა თეთრი ან მოყვითალო ფერის ლაქების, ანდა ფოლაქების სახით, რომლებიც ძლიერ წააგავს აჭრილ რძეს. უპირატესად ემართებათ ბავშვებს ძუძუს წოვების პერიოდში და კახექსიურ მოზრდილებს - ტუბერკულოზის, დიაბეტისა და სხვ. დროს.
სოპორი
ღრმა პათოლოგიური ძილი, ძლიერ გამღიზიანებელს შეუძლია გამოიწვიოს ავადმყოფის საპასუხო მოქმედება.
სპაზმი, ტონური კრუნჩხვა
კუნთის ან კუნთოვანი ჯგუფის ძლიერი, უეცარი, უნებლიე შეკუმშვა, დაკავშირებული კუნთის ტონუსის მომატებასთან.
სპაზმოდერმია
კანის კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა - "ბატის კანი" (სიცივის ან ძლიერი სულიერი განცდის დროს კანზე წვრილი ფოლიკულური ხორკლების დაყრა).
სპერმა, თესლი
სითხე, რომელიც გამოიყოფა მამრობითი სასქესო ჯირკვლებიდან და შეიცავს სასქესო უჯრედებს.
სპერმატოგენეზი
მამრობითი სასქესო უჯრედების (სპერმატოზოიდების) წარმოქმნის პროცესი.
სპერმატოზოიდი
მამრობითი სასქესო უჯრედი.
სპერმატოცელე
სათესლე ჯირკვლის ცისტა, რომელიც სავსეა თესლიანი სითხით.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები
ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პრეკურსორი
სპილოვნობა, ”სპილოს ავადმყოფობა”, ელეფანტიაზი
ლიმფის ქრონიკული შეგუბების გამო კანისა და კანქვეშა ქსოვილის გასქელება. დამახასიათებელია ქვედა და ზედა კიდურებისა და სასქესო ორგანოების გადიდება და დეფორმაცია.
სპინა ბიფიდა
ხერხემლის განვითარების თანდაყოლილი მანკი, ახასიათებს ხერხემლის არხის არასრული დახურვა.
სპინა ვენტოზა
ლულისებრი ძვლების (მაგ. ხელისა და ფეხის ფალანგის) ტუბერკულოზური დაავადება.
სპიროქეტები
დამაავადებელი მიკროორგანიზმები, რომელთაც სპირალურად ხვეული ძაფის ფორმა აქვთ.
სპლანქნოდინია
შინაგანი ორგანოების ტკივილი.
სპლანქნოპტოზი
შინაგანი ორგანოების, ჩვეულებრივ მდებარეობასთან შედარებით, დაბლა დაწევა.
სპლენალგია
ელენთის ტკივილი.
სპლენექტომია
ელენთის ამოკვეთის ოპერაცია.
სპლენომეგალია
ელენთის გადიდება.
სპონდილიტი
ხერხემლის ერთი ან რამდენიმე მალის ანთება. განასხვავებენ ტუბერკულოზურ, ტრავმულ, სიფილისურ სპონდილიტს.
სპონდილოართროზი, მადეფორმირებელი სპონდილოართრიტი
დეგენერაციული პროცესი ხერხემალში მალთაშუა სახსრების დაზიანებით.
სპონდილოზი
ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ქრონიკული არაანთებითი დაავადება, უფრო ხშირად მექანიკურად მეტად დატვირთულ მიდამოში, ხერხემლის სახსრების უმოძრაობა.
სპოროტრიქოზი
სოკოსმიერი დაავადება, უმთავრესად აზიანებს კანსა და კანქვეშა ქსოვილს.
სპრუ
ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნების უცნობი ეტიოლოგიის დაავადება. ახასიათებს ქაფიანი, თიხისებრი განავალი 5-8-ჯერ დღეში, წყლულოვანი სტომატიტი, ანემია და სიგამხდრე.
სტაფილოდერმია
კანის დაავადება, რომელსაც სტაფილოკოკები იწვევს.
სტაფილოკოკი
დაჩირქების გამომწვევი ბურთისებრი ფორმის გრამდადებითი მიკრობი, რომელიც ყურძნის მტევნებივით ჯგუფებად გროვდება.
სტაფილომა
თვალის რქოვანას და თეთრი გარსის ნაწილობრივი ამობურცვა, რომელიც ვითარდება უმეტესად ანთებითი დაავადებების შედეგად.
სტეატოზი
ცხიმოვანი ინფილტრაცია.
სტეატორეა
ცხიმოვანი განავალი, გვხვდება პანკრეასის ფერმენტების შემცირებისას ნაწლავებში და სპრუს დროს.
სტენოზი
ღრუ ან მილოვანი ორგანოების დავიწროება.
სტენოკარდია
მწვავე ტკივილის შეტევა გულის არეში, გულის ანგინა. ტკივილი ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან ან მისგან მარცხნივ, იშვიათად - გულის კოვზთან, ან სხვა ადგილებში.
სტერეოგნოზია
ხელის შეხებით საგნების ცნობის უნარი.
სტერილიზაცია
1. მიკროორგანიზმების მოსპობა გამოხარშვით, ფილტრაციით, ქიმიურ ნივთიერებათა ზემოქმედებით. 2. ადამიანის ან ცხოველისთვის განაყოფიერების უნარის მოსპობა ოპერაციის საშუალებით ან რადიოაქტიური დასხივებით.
სტერილურობა
1. შთამომავლობის შექმნის უუნარობა; 2. ბაქტერიებისა და სპორების არარსებობა.
სტერნული პუნქცია
სპეციალური ნემსით მკერდის ძვლის პუნქციით ძვლის ტვინის უჯრედოვანი შედგენილობის განსაზღვრის მეთოდი.
სტიგმები
წითელი ლაქები სხეულზე. ისტერიის დამახასიათებელი ნიშანია.
სტომატიტი
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით სტომატიტი იყოფა: 1. ანთებად, რომელიც ღრძილებზე ლოკალიზდება - გინგივიტი; 2. ღრძილის დვრილების ანთებად - პაპილიტი; 3. ტუჩების ანთებად - ჰეილიტი; 4. ენის ანთებად - გლოსიტი; 5. სასის ანთებად - პალატინიტი.
სტომატოლოგია
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს კბილების, პირის ღრუს, ყბებისა და სახის დაავადებებს.
სტრაბიზმი, სიელმე
თვალის ანომალია, როდესაც შეუძლებელია ორივე თვალის ერთდროული ფიქსაცია მხედველობის წერტილზე. შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.
სტრანგულაცია
ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკის დროს რომელიმე ხვრელში ნაწლავის მარყუჟების ჩაჭედვა, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ილეუსი.
სტრეპტოკოკი, ძეწვაკოკი
დამაავადებელი ბურთისებრი ბაქტერიები, რომლებიც ძეწკვისებრ გაერთიანებებს ქმნიან.
სტრეპტოკოკი, ძეწკვაკოკი
დამაავადებელი ბურთისებრი ბაქტერიები, რომლებიც ძეწკვისებრ გაერთიანებებს ქმნიან.
სტრეპტომიცინი
ძლიერი ანტიბიოტიკი, განსაკუთრებით აქტიურია გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ. გამოყენებულია ტუბერკულოზის, მენინგიტისა და სხვ. დაავადებათა დროს.
სტრესი
ძლიერი გამღიზიანებლის (ინტოქსიკაციის, ინფექციის, ძლიერი განცდის, სისხლის დაკარგვის, მაიონიზებელი გამოსხივების, ტრავმისა და სხვ.) მოქმედების შედეგად ორგანიზმში წონასწორობის დარღვევა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს რთული დაცვითი რეაქციების კომპლექსი - ადაპტაციური სინდრომი.
სტრიდორული
მსტვენავი (სუნთქვითი ხმაური).
სტრიქტურა
რაიმე მილისებრი ორგანოს (მაგ. საყლაპავი მილის, შარდსადენის და სხვ.) დავიწროება ნაწიბურის განვითარების შედეგად.
სტრომა
ორგანოს გამამაგრებელი, საყრდენი სტრუქტურა.
სტრუმა, ჩიყვი
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. არცთუ იშვიათად მიმდინარეობს ორგანიზმის რიგ ფუნქციურ დარღვევასთან ერთად. ენდემური დაავადების სახით უპირატესად აღინიშნება მთიან ადგილებში.
სტრუმექტომია
ჰიპერტროფირებული ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის ოპერაცია.
სტრუმიტი
ჰიპერტროფირებული ფარისებრი ჯირკვლის ანთება.
სტუპორი
სრული მოტორული შეკავება, გარეშე გაღიზიანებაზე რეაქციის მოსპობა. აღინიშნება ზოგიერთი ფსიქოზის დროს, ფსიქომოტორული დათრგუნვის გამო ავადმყოფი უძრავ მდგომარეობაშია, გაშტერებულია.
<< Previous  1  2  35 Next >>