ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
პოლიესთეზია
მგრძნობელობის მოშლა, როდესაც ერთი გაღიზიანება აღიქმება, როგორც მრავალი.
პოლიმასტია
განვითარების ანომალია, სარძევე ჯირკვლების ზედმეტი რაოდენობა.
პოლიმენორეა
ხშირი და უხვი მენსტრუაცია.
პოლიომიელიტი (მწვავე), მწვავე ატროფიული სპინური ბავშვთა დამბლა
ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება, ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადება. უფრო ხშირად ავადდებიან მცირეწლოვანი ბავშვები. გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსი. გამავრცელებელია ინფიცირებული ადამიანი. ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა პროცესის უპირატესი ლოკალიზაციით ზურგის ტვინის წინა რქებსა და თავის ტვინის მამოძრავებელი ნერვების ბირთვებში. პროფილაქტიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროულად ჩატარებულ იმუნიზაციას.
პოლიოპია
მხედველობის პათოლოგია - ერთი საგნის რამდენიმედ აღქმა.
პოლიორქიდია
ორზე მეტი სათესლე ერთ ინდივიდში.
პოლიპი
ლორწოვანი გარსების სიმსივნისმაგვარი ჰიპერპლაზიური წარმონაქმნი, რომელიც შედარებით განიერი ფეხით შეერთებულია ორგანოს ზედაპირთან. ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად.
პოლიპნოე
გახშირებული სუნთქვა. ვითარდება ჟანგბადის უკმარისობისა და ნახშირორჟანგის დაგროვების შედეგად.
პოლიურია
დღე-ღამეში შარდის გამოყოფის რაოდენობის მომატება. გვხვდება შაქრიანი დიაბეტის, ნეფროსკლეროზის, თირკმლის ტუბერკულოზის, ისტერიის, ეპილეფსიისა და სხვ. დროს.
პოლიფაგია
მუდმივი ხასიათის შიმშილის გრძნობა, საკვების მიღება გადაჭარბებული რაოდენობით, გაუმაძღრობა.
პოლიციტემია
სისხლში ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი მომატება.
პოსტჰემორაგიული ანემია
ვითარდება ჭრილობიდან, კუჭ-ნაწლავიდან, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან მწვავე სისხლის დენის შემდეგ.ახასიათებს მკვეთრი სიფერმკრთალე, თავბრუ, ყურებში შუილი.
პრევენტიული
თავიდან ასაცილებელი, დაცვითი. მაგ. პრევენტიული აცრა.
პრეკურსორი
ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ დამზადებისას და გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეკურსორების სიაში
პრეტერნატურალური ანუსი
არაბუნებრივი ანუსი, რომელიც შექმნილია ხელოვნურად - ქირურგიული ოპერაციის საშუალებით.
პრიაპიზმი
სასქესო ასოს ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია.
პროგნათია
ყბების მკვეთრად წინ წამოწევა.
პროდრომული პერიოდი
ინფექციური დაავადების დაწყებითი სტადია, როდესაც ადამიანი შეუძლოდ გრძნობს თავს, მაგრამ დაავადების დამახასიათებელი ნიშნები ჯერ არ ჩანს.
პროზოპალგია
სამწვერა ნერვის არეში შეტევითი ხასიათის მკვეთრი მწვავე ნევრალგიური ტკივილი.
პროზოპლეგია
სახის ნერვის პერიფერიული დამბლა.
პროთრომბინი
სისხლის პლაზმაში შემავალი გლუკოპროტეიდი, ფერმენტ თრომბინის წინამორბედი, სისხლის შედედების ბიოქიმიური მექანიზმის ცენტრალური რგოლი, კალციუმის იონებისა და თრომბოპლასტინთან ურთიერთქმედების შედეგად გარდაიქმნება თრომბინად.
პროლაფსი, გამოვარდნა
ორგანოს ან მისი ნაწილის გარეთ გამოტრიალება ან გამოვარდნა ბუნებრივ ან ხელოვნურ ხვრელში.
პროლიფერაცია
ქსოვილის უჯრედების დაყოფით გამრავლება ქსოვილის რეგენერაციული პროცესის დროს.
პრომიელოციტი
გრანულოციტური რიგის ახალგაზრდა წინამორბედთა შორის ყველაზე დიდი ზომის უჯრედი ბაზოფილური ციტოპლაზმით, რომელიც მდიდარია მარცვლებით, ბირთვი ოვალური აქვს, ხშირად ექსცენტრულად მდებარეობს.
პროპედევტიკული კურსი
რაიმე მეცნიერების წინასწარი კურსი, შესავალი, რომელიც ამ მეცნიერების შემოკლებული ელემენტარული გადმოცემაა.
პროსტატა,, წინამდებარე ჯირკვალი
მამაკაცის სასქესო ჯირკვალი, წაბლისებრი ფორმის და ზომისაა, მის სისქეში გაივლის შარდსადენის დასაწყისი ნაწილი; ეიაკულაციის დროს ჯირკვლის სეკრეტი შეერევა სპერმას.
პროსტატიტი
წინამდებარე ჯირკვლის ანთება.
პროსტრაცია, ღონემიხდილობა
დაძაბუნება, უხალისობა, გარემოსადმი ინტერესის დაკარგვა.
პროტოკოლი, კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანამიმდევრობა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
პროფესიული მზადება, დიპლომისშემდგომი განათლება
დიპლომამდელი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება
პროფესიული რეაბილიტაცია
უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს შედარებით ხანგრძლივი (1-5-თვიანი) სწავლების/მზადების კურსის გავლას და რომლის მიზანია ექიმის პროფესიული კომპეტენციის აღდგენა კონკრეტულ საექიმო სპეციალობაში
პროფილაქტიკა
ღონისძიებანი, რომელთა მიზანია დაავადების აცდენა.
პროფილაქტიკური აცრა
ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა (ვაქცინაცია) გადამდები დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის განვითარების მიზნით
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი
იმ ინფექციური დაავადებების სია, რომელთათვისაც საჭიროა პროფილაქტიკური აცრა, და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები
პროფილაქტიკური მკურნალობა
სამედიცინო ინტერვენციების განხორციელება (ვაქცინაცია, სპეციფიკური მედიკამენტების მიღება) გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფის პაციენტებში
პროფუზიული
უხვი, ძალიან ძლიერი.
პროქსიმალური
სხეულის შუა სიბრტყესთან შედარებით ახლოს მდებარე.
პროქტიტი
სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
პრურიგო, კანის ქავილი
არაგადამდები დერმატოზების ჯგუფი. ახასიათებს წვრილი გამონაყარი და ძლიერი ქავილი.
პტილოზისი
წამწამების სრული ან ნაწილობრივი გაცვენა ანთებითი პროცესის შედეგად.
პუბერტული პერიოდი
სქესობრივი მომწიფების პერიოდი.
პულპა
ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, რომლითაც ამოვსებულია კბილის გვირგვინისა და ფესვის ღრუ.
პულპიტი
კბილის პულპის ანთება.
პუნქცია
სხეულის რომელიმე ღრუს ან სისხლძარღვის გაჩხვლეტა სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მიზნით.
პურპურა
კაპილარების კედლის განვლადობის დარღვევის შედეგად წერტილოვანი სისხლჩაქცევების განვითარება კანსა და ლორწოვან გარსებში.
პუსტულა
ჩირქოვანი ბუშტუკი, ჩირქოვანი მუწუკი, ჩირქგროვა კანზე.
პუტრიდული
ლპობითი.
<< Previous  1  2  3 4