ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
სიმპტომი ბლუმბერგ-შჩოტკინის
ავადმყოფი მუცლის კედელზე დაჭერილი ხელის თითების უცბად აშვების დროს ძლიერ ტკივილს გრძნობს. კარგად არის გამოხატული პერიტონეუმის ანთების დროს.
სიმპტომი ბრუძინსკის
1. ზედა - ზურგზე მწოლიარე ავადმყოფის თავის წინ პასიურად მოხრისას ფეხების მოხრა და მოზიდვა მოცლისკენ; 2. ქვედა - მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრილი ქვედა კიდურის მუხლის სახსარში პასიურად გაშლისას ერთდროულად მეორე ფეხის მოხრა მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში; 3. ბოქვენის სიმპტომი - ბოქვენზე ხელის დაჭერისას ფეხების მოხრა და მოზიდვა მუცლისკენ; 4. ლოყის მენინგეალური სიმპტომი - ყვრიმალზე ხელის ძლიერი დაჭერის საპასუხოდ მოხრითი მოძრაობა ხელებში, იშვიათად ფეხებშიც. ბრუძინსკის სიმპტომები გვხვდება მენინგიტის, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, მწვავე ცერებრულ-მენინგეალური შეშუპების დროს.
სიმპტომი კერნიგის
მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარში სწორი კუთხით მოხრილი კიდურის გაშლის გაძნელება და მტკივნეულობა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ავადმყოფს ცნობიერება დაკარგული აქვს. გვხვდება სხვადასხვა წარმოშობის მენინგიტის, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, გავა-წელის რადიკულიტის, ურემიის დროს.
სიმპტომი ლასეგის
გაშლილი ფეხის აწევისას ტკივილის განვითარება ან გაძლიერება წელის ან საჯდომი ნერვის საპროექციო არეში. კიდურის მუხლის სახსარში მოხრისას კი ნერვის დაჭიმვისა და ტკივილის გაქრობა. გავა-წელის რადიკულიტის დამახასიათებელია.
სიმპტომი პასტერნაცკის
თირკმელში კენჭების არსებობის, პიელიტის, პარანეფრიტის, თირკმლის ტუბერკულოზის და სხვ. დროს წელის არეში დარტყმისას ადგილობრივი მტკივნეულობა.
სიმპტომური ანემია
პათოლოგიური მდგომარეობის (მოწამვლის, ინფექციის, სისხლის დენის, შიმშილის) შედეგად განვითარებული ანემია
სიმსუქნე, ობეზიტასი
კანქვეშა ქსოვილსა და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში ცხიმის ჭარბი დაგროვება. განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.
სიმწვანის სენი, ქლოროზი
მიკროციტული ანემიის ფორმა, უმთავრესად გვხვდება გოგონებში (სქეოსობრივი მომწიფების პერიოდში), ახასიათებს სისხლის წითელ ბურთულებში ჰემოგლობინის საგრძნობი შემცირება.
სინართროზი
1. უძრავი სახსარი; 2. ძვლების უწყვეტი შეერთება შემაერთებელი ქსოვილით, ხრტილით ან ძვლოვანივე ქსოვილით.
სინაფსი
ნეირონთა ან ნერვისა და კუნთის შეკავშირების ადგილი.
სინდაქტილია
ხელის ან ფეხის თითების შეზრდა, ჩვეულებრივ, თანდაყოლილია.
სინდესმოზი
ძვლების უწყვეტი შეერთება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით.
სინდესმოლოგია
ანატომიის ნაწილი, შეისწავლის ძვლების შეერთებას, სახსრებსა და იოგებს.
სინდრომი
რაიმე დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების ერთობლიობა.
სინდრომი იცენკო-კუშინგის
ახასიათებს მრგვალი, მთვარისებრი სახე, წითელი ფერის ატროფიული ზოლები მუცლისა და ბარძაყის კანზე; ცხიმის ჭარბი დაგროვება უპირატესად მუცლის არეში, არტერიული ჰიპერტენზია, პოლიციტემია, ჰიპოფიზური დიაბეტის მოვლენები, სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოშლა და სხვ. გვხვდება ჰიპოფიზის ბაზოფილური ადენომის, ტვინის დიენცეფალური მიდამოს დაზიანების და სხვ. დროს.
სინდრომი მენიერის
შუა ყურის უცნობი ეტიოლოგიის არაანთებითი დაზიანება. ახასიათებს შეტევითი ხასიათის თავბრუ, რომელიც თავის, ზოგჯერ კი თვალების მდებარეობის შეცვლისას ძლიერდება. თავბრუს თან სდევს წონასწორობის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, ყურში შუილი და სმენის დაქვეითება.
სინდრომი მორგანი-ადამს-სტოქსის
პარკუჭების მოქმედების დროებითი შეწყვეტის ან მათი შეკუმშვათა რიტმის ძლიერი შენელების შედეგად გულის წასვლა, მკვეთრი ფერმკრთალობა, ღრმა სუნთქვა, რასაც მოსდევს სუნთქვის შეწყვეტა, სახის კუნთების ტოკვა, ეპილეფსიფორმული კრუნჩხვები. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს ავადმყოფი შესაძლოა დაიღუპოს. ეს სინდრომი აღინიშნება სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს.
სინდრომი ფანკონის
ანემიის მაკროციტული ფორმა ადრეულ ასაკში ერთი ოჯახის წევრებს შორის. ახასიათებს მიკროცეფალია, კანის პიგმენტაცია, სათესლის ჰიპოპლაზია და სხვ.
სინკინეზია
შეუღლებული მოძრაობა - უნებლიე მოძრაობა, რომელიც ერთვის აქტიურ, ნებით მოძრაობას. არჩევენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სინკინეზიას.
სინკოპა
გულის წასვლა, ცნობიერების ხანმოკლე (რამდენიმე წამით ან წუთით) დაკარგვა ტვინის მწვავე ანემიის შედეგად.
სინოვიომა
სახსართა სინოვიური გარსის, იოგების, სინოვიური ბუდეებისა და სასახსრე აბგების სიმსივნე, უმეტესად ახალგაზრდა ასაკში. დამახასიათებელია ნელი ზრდა და მეტასტაზირება.
სინოვიტი
სახსრის სინოვიური გარსის ანთება.
სინოსტოზი
ძვლოვანი ქსოვილის საშუალებით ძვალთა შეერთება.
სინუსი
წიაღი, უბე.
სინუსიტი
თავის წიაღების ლორწოვანი გარსის ანთება (ჰაიმორიტი, ფრონტიტი).
სინქონდროზი
ძვალთა შეერთება ხრტილოვანი ქსოვილით.
სირინგომა
კანის დანამატების კეთილთვისებიანი სიმსივნე.
სირსველი
ქრონიკული ანთებითი დერმატოზი.
სისტოლა
გულის მოქმედების ერთ-ერთი ფაზა - წინაგულებისა და პარკუჭების კუნთოვანი ბოჭკოების რიტმული შეკუმშვა.
სისხლის აღრევა
ახლო ნათესავთა სქესობრივი კავშირი.
სისხლნაკლებობა, ანემია
დაავადებათა ჯგუფი, რომელთაც ახასიათებს ერითროციტებში ჰემოგლობინისა და სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება.
სიტიომანია
პათოლოგიური გაუმაძღრობა. ახასიათებს პერიოდულობა. გვხვდება ნევრასთენიის, ოლიგოფრენიის, ისტერიისა და პროგრესირებადი დამბლის დროს.
სიტიოფობია
აკვიატებული შიში, რომელიც ვითარდება საკვების მიღებასთან დაკავშირებით.
სიფილისი, ლუესი, ათაშანგი
ქრონიკული ინფექციური, საშიში ვენერიული დაავადება. მისი გამომწვევია Treponema pallidum. შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. შეძენილი ეწოდება სიფილისს, როცა ჯანმრთელ ადამიანს იგი ავადმყოფისგან გადაედება უშუალო კონტაქტით - უმეტესად სქესობრივი კავშირით და ნაწილობრივ სხვა გზებითაც (კოცნით, ძუძუს წოვებით, ავადმყოფის ნახმარი ნივთების გამოყენებით). ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 21-24 დღე - ინფექციის შეჭრიდან სიფილისის პირველი ხილული სიმპტომის - მაგარი შანკრის განვითარებამდე.
სიფილომა
გუმური კვანძი, სიფილისით განპირობებული სიმსივნე.
სიყვითლე
კანისა და ხილული ლორწოვანის ყვითლად შეფერვა სისხლის პლაზმაში ნაღვლის პიგმენტის - ბილირუბინის სიჭარბის შედეგად.
სიყრუე, სურდიტასი
სიყრუე - სმენის დაქვეითება ან სრული დაკარგვა.
სკაბიესი, მუნი
კანის პარაზიტული დაავადება, ახასიათებს ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით, ნაკაწრები და სხვ.
სკარიფიკაცია
მრავალრიცხოვანი, მცირე ზომის ნასერი ან ნაჩხვლეტი კანზე (სამკურნალო მიზნით, ანალიზისთვის საჭირო სისხლის გამოსადენად, კანის შეშუპებისას სითხის გამოსაშვებად და სხვ.).
სკლერა
თვალის თეთრი გარსი, რქოვანასთან ერთად წარმოქმნის თვალის კაკლის გარეთა ფიბროზულ კაფსულას.
სკლეროდერმია
კანის ქრონიკული დაავადება, კანისა და კანქვეშა ქსოვილის გარკვეული უბნების გახევება - დიფუზიური შეშუპება და გამკვრივება.
სკლეროზი
სხვადასხვა ორგანოს ან ქსოვილის ავადმყოფური გამკვრივება, რასაც იწვევს ფუნქციური ელემენტების დაღუპვა და მათი შეცვლა შემაერთებელი ქსოვილით.
სკლერომა
ქრონიკული ინფექციური დაავადება, ახასიათებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში ბრტყელი ან ხორკლიანი ინფილტრატების განვითარება.
სკოლიოზი
ხერხემლის ფრონტალური გამრუდება.
სკორბუტი, სურავანდი
საკვებში C ვიტამინის ნაკლებობით ან სრული არარსებობით გამოწვეული დაავადება. ვნილდება სისხლის დენის, ღრძილების გაფაშრების, კბილების მორყევისა და ჩამოცვენის სახით. ვითარდება სისხლის ჩაქცევები კანში, სახსრებში.
სკოტომა
მხედველობის ველის კუნძულოვანი დეფექტი. თეთრ და შავ ფერებზე აბსოლუტური სკოტომის შემთხვევაში დეფექტის არეში თეთრი და შავი ობიექტები სულ არ აღიქმება, ნაწილობრივი სკოტომის დროს საგანი ჩანს არამკაფიოდ და მეტ-ნაკლებად რუხი ფერისაა.
სკროფულოდერმა
კანის ტუბერკულოზის ფორმა - კანისა და კანქვეშა ქსოვილის ტუბერკულოზი. დამახასიათებელია კაკლისოდენა უმტკივნეულო კვანძები, რომლებიც იშლებიან და წყლულდებიან.
სკროფულოზი, საყმაწვილო
კისრის ლიმფური კვანძების ტუბერკულოზური ანთება ბავშვთა ასაკში (კისერი სქელდება და უძრავი ხდება).
სომატონარკომანი
ტკივილის სინდრომით მიმდინარე რომელიმე სომატური ავადმყოფობით დაავადებული პირი, რომელსაც კანონიერად დაენიშნა ნარკოტიკული საშუალება და მის მიმართჩამოყალიბებული აქვს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულება
სომნამბულიზმი, ლუნატიზმი, მთვარეულობა
ავადმყოფური მდგომარეობა, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს მექანიკურად (მაგ. დადის); ამ დროს ცნობიერება დაბინდულია. გამოღვიძებისას ადამიანს ან არაფერი ახსოვს, ან რჩება მოგონება ცუდად გატარებული ღამის შესახებ. უფრო ხშირად ასაკთან დაკავშირებით ქრება. წინათ ეგონათ, რომ მთვარის შუქი იწვევდა ასეთ მდგომარეობას.
<< Previous  1  24  5 Next >>