ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ტაბეს დორსალის, ზურგის ტვინის ტაბესი
ნერვული სისტემის სიფილისის გვიანი გამოვლენა. საფუძვლად უდევს ზურგის ტვინის უკანა ფესვებსა და სვეტებში დეგენერაციული ცვლილებები.
ტაბესი
პროგრესირებადი განლევა, ატროფია.
ტალი
ბრტყელი ან ოდნავ შემაღლებული, მუქი მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნი, რომლის სიდიდე არ აღემატება ოსპის მარცვალს. უფრო ხშირად აღინიშნება სახეზე, კისერსა და ზედა კიდურებზე.
ტანალგია
მყესის ტკივილი.
ტაქიკარდია
გულის შეკუმშვათა გახშირება.
ტაქიპნოე
ქოშინის ერთ-ერთი სახე, როდესაც სუნთქვა აჩქარებულია (სრულასაკოვნებში წუთში 40-60-მდე, ნაცვლად 16-18-სა სიმშვიდის დროს), მაგრამ ღრმა არ არის. გვხვდება ისტერიის, ზოგჯერ გულისა და ენდოკრინული სისტემის დაავადების დროს.
ტაქისფიგმია
ხშირი პულსი.
ტაქიურია
სითხის სწრაფი გამოყოფა თირკმელებიდან, ხშირი შარდვა.
ტელეანგიექტაზია
სხეულის სხვადასხვა ნაწილში უხვად განლაგებული მყარად გაგანიერებული კაპილარები.
ტელემედიცინა
სამედიცინო მომსახურების დისტანციური უზრუნველყოფა, რომელსაც სამედიცინო დარგის პროფესიონალი ახორციელებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით და რომლის მიზანია ინფორმაციის გაცვლა დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების, სამედიცინო კვლევისა და მისი შედეგების შეფასებისათვის
ტენდინიტი
მყესის ანთება.
ტენდოვაგინიტი
მყესის ბუდის ანთება.
ტენეზმი
დეფეკაციის ან მოშარდვის მტკივნეული ნდომა. განპირობებულია სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის კუნთების სპაზმური, მტკივნეული შეკუმშვით, შიგთავსის ნაწილობრივი გამოყოფით ან მოტყუებით. გვხვდება დიზენტერიის, მწვავე კოლიტის, სიგმოიდიტის, რექტოსიგმოიდიტის, პროქტიტის, ცისტიტის დროს.
ტერატოგენური ნივთიერებები და პრეპარატები
საშიში ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ ან ხელს უწყობენ ნაყოფის განვითარების პროცესის დარღვევას და სიმახინჯეებს
ტერატოლოგია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცხოველებისა და მცენარეების სიმახინჯეებს.
ტერატომა
თანდაყოლილი, რთული, მრავალქსოვილიანი სიმსივნე.
ტერმინალური მდგომარეობა
უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია
ტესტის, სათესლე ჯირკვალი
მამაკაცის სასქესო ჯირკვალი, სადაც წარმოიშობა მამაკაცის სასქესო უჯრედი - სპერმატოზოიდი.
ტეტანია
ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის გამო კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა.
ტეტანუსი
1. კუნთების ხანგრძლივი ტონური შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია მცირე ინტერვალით დაცილებული ნერვული იმპულსების მიღებით; 2. გაშეშება - მძიმე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტეტანუსის ბაცილა (მის ტოქსინებს აქვს ნეიროტროპული თვისება, ე.ი. მოქმედებს ნერვულ სისტემაზე). ახასიათებს განივზოლიანი კუნთების შეტევითი ხანგრძლივი ტონური შეკუმშვა და მთელი სხეულის მტკივნეული დაძაბულობა.
ტეტრაპლეგია
ოთხივე კიდურის დამბლა.
ტიკი
ნერვული ტოკვა, კრუნჩხვა, ჰიპერკინეზის ერთ-ერთი სახე. ახასიათებს კუნთების უნებლიე, სწრაფი სტერეოტიპული კლონური შეკუმშვა, რომელიც გარეგნულად ძალიან წააგავს მიზანდასახულ მოძრაობას.
ტიპირება
ქსოვილების იმუნოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა
ტიფი
რამდენიმე მწვავე ინფექციური დაავადების საერთო სახელწოდება (მუცლის ტიფი, პარტახტიანი ტიფი, შებრუნებითი ტიფი, პარატიფი), რომელთა მძიმე მიმდინარეობის დროს ცნობიერება იბინდება.
ტიფი მუცლის
მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მუცლის ტიფის ჩხირები. დაავადების პირველ კვირას აღინიშნება პეიერის ბალთების ინფილტრაცია, ტემპერატურის თანდათანობითი აწევა, საერთო ღონემიხდილობა და სხვ.; მეორე კვირას - ელენთის გადიდება, მუდმივი ცხელება, პულსის შენელება, როზეოლური გამონაყარი, დაბინდული ცნობიერება, მშრალი ენა, ლეიკოპენია ლიმფოციტოზით და ვიდალის დადებითი რეაქცია; მესამე კვირას - საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ მოსალოდნელია გართულებანიც ნაწლავებში (სისხლჩაქცევებისა და ნაწლავთა პერფორაციის სახით და ა. შ.).
ტიფლიტი
ბრმა ნაწლავის ანთება.
ტიფოიდი
ორგანიზმის რეაქცია ინფექციური აგენტის შეჭრაზე. წააგავს მუცლის ტიფის კლინიკურ სურათს, ახასიათებს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ძილის მოშლა, ტემპერატურის მომატება, მაჯისცემის აჩქარება.
ტომოგრაფია
რენტგენოლოგური გამოკვლევის მეთოდი, საკვლევი ობიექტის ცალკეული შრის გამოსახულების მიღება.
ტომოფლუოროგრაფია
საკვლევი ობიექტის ცალკეული შრის გამოსახულების გადაღება ეკრანიდან მცირე ზომის ფირზე.
ტონზილიტი
ნუშურების ჰიპერპლაზია და ქრონიკული ანთება. კლინიკურად ახასიათებს სუბფებრილური ტემპერატურა, ყელში სიწითხე, ლაკუნებში ზოგჯერ ჩირქიც.
ტონური კრუნჩხვა, სპაზმი
კუნთის ან კუნთოვანი ჯგუფის ძლიერი, უეცარი, უნებლიე შეკუმშვა, დაკავშირებული კუნთის ტონუსის მომატებასთან.
ტონური კრუნჩხვები
კუნთების ხანგრძლივი შეკუმშვით გამოწვეული კრუნჩხვები.
ტონუსი
ნერვული ცენტრებისა და ქსოვილების (განსაკუთრებით კუნთების) მუდმივი დაძაბული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ნერვული სისტემის მოქმედებით.
ტოპაგნოზია
აგნოზიის ერთ-ერთი სახე - ავადმყოფს არ შეუძლია ზუსტად აღნიშნოს გაღიზიანების ადგილი, თუმცა გრძნობს მას.
ტოპიკური
ადგილობრივი, ლოკალური.
ტოპოალგია
ტკივილის უსაფუძვლო შეგრძნება კანის გარკვეულ ადგილზე. გვხვდება ისტერიის, ნევრასთენიის შემთხვევაში.
ტორტიკოლისი, კისერმრუდა
კისრის დეფორმაცია, ახასიათებს თავის არასწორი მდებარეობა ერთ მხარეზე მოკლე მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის გამო. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც კისერმრუდობა კისრის მალების განვითარების მანკით არის გამოწვეული. კისერმრუდობის დროს ხშირია ასიმეტრიაც.
ტოფუსი
ნიკრისის ქარის დროს შარდმჟავას გამოყოფის შეფერხების გამო წარმოქმნილი კვანძები (იხ. პოდაგრა).
ტოქსემია
სხეულის უჯრედებში წარმოქმნილი ან მიკროორგანიზმების მიერ გამოყოფილი შხამიანი (ტოქსიკური) ნივთიერებების არსებობა სისხლში.
ტოქსიკოზი
ენდოგენური ან ეგზოგენური შხამებით სისტემატური მოწამვლით გამოწვეული დაავადება.
ტოქსიკომანია
მომშხამავი ნივთიერებებისა და ნარკოტიკების მიღებისადმი ავადმყოფური ლტოლვა.
ტოქსიკოფობია
მოწამვლის შიში. გვხვდება აკვიატებული მდგომარეობის დროს.
ტოქსიკური ნივთიერებები და პრეპარატები
საშიში ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში მცირე ოდენობით მოხვედრისას იწვევენ სიკვდილს, მწვავე ან ქრონიკულ მოწამვლას
ტოქსინი
შხამიანი ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, ზოგიერთი მცენარე და ცხოველი.
ტოქსოპლაზმოზი
პარაზიტულ ზოონოზთა სახეობა - ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება, სიყვითლე და სხვ. კლინიკური სურათით ზოგჯერ წააგავს ინფექციურ მონონუკლეოზს. ხანდახან მიმდინარეობს ლატენტურად.
ტრაბეკულა
შემაერთებელქსოვილოვანი კონები ლიმფურ კვანძებსა და ელენთაში.
ტრანკვილიზატორები
ფსიქიკური აგზნების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი საშუალებები (ანდაქსინი, ტრიოქსაზინი და სხვ.).
ტრანსპლანტაცია
სხეულის სხვა ნაწილიდან ან სხვა ადამიანიდან აღებული ქსოვილის ან ორგანოს ნაწილის გადანერგვა.
ტრანსპლანტაცია, ორგანოთა გადანერგვა
ადამიანის ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადანერგვა სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად
ტრანსუდატი
არაანთებითი გამონაჟონი სხეულის სხვადასხვა ღრუში. ანთებითი გამონაჟონისგან განსხვავებით შეიცავს მცირე რაოდენობით (3%-ზე ნაკლები) ცილასა და უჯრედოვან ელემენტებს.
Next >>2