"ბიოლოგიასა და მედიცინაში ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის შესახებ" კონვენციის დამატებითი ოქმი "ადამიანის კლონირების აკრძალვის შესახებ"

პარიზი 12.01.1998
 
 
“ბიოლოგიასა და მედიცინაში ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის შესახებ” კონვენციის წინამდებარე დამატებითი ოქმის ხელისმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, სხვა სახელმწიფოები და ევროპის გაერთიანება,

მხედველობაში იღებენ რა მეცნიერების მიღწევებს ძუძუმწოვრების კლონირების დარგში, განსაკუთრებით ემბრიონის გაყოფის და ბირთვის გადატანის გზით;

ითვალისწინებენ რა მიღწეულ პროგრესს, რის საფუძველზეც კლონირების ტექნიკის გარკვეულ სახეებს შეუძლია ხელი შუწყოს მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას და მედიცინაში მის პრაქტიკულ დანერგვას;

ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის კლონირება შეიძლება ტექნიკურად შესაძლებელი გახდეს;

მედველობაში იღებენ რა, რომ ემბრიონის გაყოფა შეიძლება მოხდეს ბუნებრივად, რასაც ზოგ შემთხვევაში შედეგად მოჰყვება გენეტიკურად იდენტური ტყუპების დაბადება;

ამასთან, ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის დეპერსონალიზაცია გენეტიკურად იდენტური ადამიანების წინასწარგანზრახვით შექმნის გზით ლახავს ადამიანის ღირსებას და, ამდენად, წარმოადგენს ბიოლოგიის და მედიცინის არადანიშნულებისამებრ გამოყენებას;

აგრეთვე, ითვალისწინებენ რა, რომ ამგვარმა წინასწარგანზრახულმა ბიოსამედიცინო პრაქტიკამ თითოეულ დაინტერესებულ ინდივიდს შეიძლება შეუქმნას სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური ხასიათის სიძნელეები;

ითვალისწინებენ, რა "ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ" კონვენციის მიზნებს, განსაკუთრებით პირველ მუხლში მოხსენიებულ პრინციპს, რომელიც მიმართულია თითოეული ადამიანის ღირსებისა და თვითმყოფადობის დაცვისაკენ,

შეთანხმდენ შემდეგზე:

მუხლი 1

1. აკრძალულია ნებისმიერი ჩარევა, რომლის მიზანია სხვა ადამიანის, ცოცხალის ან გარდაცვლილის, გენეტიკურად იდენტური ადამიანის შექმნა.

2. ამ მუხლში ტერმინი სხვა ადამიანის "გენეტიკურად იდენტური" ადამიანი, ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს სხვისი ბირთვული გენების იდენტური ნაკრები.

მუხლი 2

დაუშვებელია ამ ოქმის დებულებების დარღვევა კონვენციის 26-ე მუხლის პირველ პარაგრაფში ასახული პირობების შესაბამისად.

მუხლი 3

მხარეებმა ამ ოქმის პირველი და მეორე მუხლების დებულებები უნდა განიხილონ, როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები და სათანადოდ გამოიყენონ კონვენციის ყველა დებულება.

მუხლი 4

ოქმი ღიაა ხელმოსაწერად კონვენციის ხელმომწერი მხარეებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. ხელისმომწერ მხარეს შეუძლია არ მოახდინოს ოქმის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, თუ მას წინასწარ ან ერთდროულად არ აქვს რატიფიცირებული, მიღებული ან დამტკიცებული კონვენცია. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელი ინახება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 5

1. ოქმის ძალაში შევა იმ მომდევნო თვის პირველი დღიდან, როცა გავა სამთვიანი ვადა მას შემდეგ, რაც ხუთი ხელმომწერი მხარე, მათ შორის ევროპის საბჭოს არანაკლებ ოთხი წევრისა, მე-4 მუხლის დებულებების შესაბამისად, განაცხადებს თანხმობას შეუერთდეს ოქმს.

2. ნებისმიერ ხელისმომწერ ქვეყანაში, რომელიც მოგვიანებით სურვილს გამოთქვამს შეუერთდეს ოქმს, ეს უკანასკნელი ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან მას შემდეგ, როცა გავა სამთვიანი ვადა სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის გადაცემიდან.

მუხლი 6

1. ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა კონვენციას, შეუძლია მიუერთდეს ამ ოქმს.

2. შეერთება განხორციელდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის ოქმთან შეერთების სიგელის გადაცემის საფუძველზე და ძალაში შევა მომდევნო თვის პირველ დღეს, ოქმთან შეერთების სიგელის გადაცემიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 7

1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით.

2. დენონსაცია ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან, როცა გავა სამთვიანი ვადა მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს შეტყობინებას.

მუხლი 8

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უნდა აცნობოს ევროპის საბჭოს ყოველ წევრს, ევროპის გაერთიანებას, ყოველ ხელმომწერ მხარეს, მხარეს და სახელმწიფოს, რომელიც მოწვეულია შეუერთდეს ამ კონვენციას:

ა) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

ბ) სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის მიღების შესახებ;

გ) მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

დ) ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების, შეტყობინების ან ურთიერთობის შესახებ.

ამის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი, არიან რა სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს

შესრულებულია პარიზში, 1998 წლის 12 იანვარს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი აუთენტურია, ერთ პირად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მოცემული ოქმის შემუშავებაში, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მოწვეულია შეუერთდეს კონვენციას და ევროპის გაერთიანებას.