"ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ" კონვენციის დამატებითი ოქმი "ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის შესახებ"

სტრასბურგი 04.12.2001
 
 
პრეამბულა
თავი I - ამოცანა და მოქმედების სფერო
  მუხლი 1 – ამოცანა
  მუხლი 2 - მოქმედების სფერო და განმარტებები
თავი II - ზოგადი დებულებები
  მუხლი 3 - გადანერგვის სისტემა
  მუხლი 4 - პროფესიული სტანდარტები
  მუხლი 5 - რეციპიენტისათვის ინფორმაციის მიწოდება
  მუხლი 6 - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
  მუხლი 7 - სამედიცინო მეთვალყურეობა
  მუხლი 8 - ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადობისათვის
თავი III - ცოცხალი დონორისგან ორგანოს და ქსოვილის აღება
  მუხლი 9 - ზოგადი წესი
  მუხლი 10 - ორგანოს პოტენციური დონორი
  მუხლი 11 - დონორისთვის რისკის შეფასება
  მუხლი 12 - ინფორმაცია დონორისათვის
  მუხლი - 13 - ცოცხალი დონორის თანხმობა
  მუხლი 14 - ორგანოს ან ქსოვილის აღებაზე თანხმობის გაცხადების უნარის არმქონე პირთა დაცვა
  მუხლი 15 - ცოცხალი დონორისაგან უჯრედის აღება
თავი IV - გარდაცვლილი ადამიანის ორგანოსა და ქსოვილის აღება
  მუხლი 16 - გარდაცვალების მოწმობა
  მუხლი 17 - თანხმობა და ნებართვა
  მუხლი 18 - ადამიანის სხეულის პატივისცემა
  მუხლი 19 - დონორობის ხელშეწყობა
თავი V - სხვა მიზნით აღებული ორგანოს ან ქსოვილის იმპლანტაცია
  მუხლი 20 - სხვა მიზნით აღებული ორგანოს ან ქსოვილის იმპლანტაცია
თავის VI - ფინანსური მოგების აკრძალვა
  მუხლი 21 - ფინანსური მოგების აკრძალვა
  მუხლი 22 - ორგანოებითა და ქსოვილებით ვაჭრობის აკრძალვა
თავი VII - კონფიდენციალობა
  მუხლი 23 -კონფიდენციალობა
თავი VIII - ოქმის დებულებების დარღვევა
  მუხლი 24 –უფლებების ან პრინციპების დარღვევა
  მუხლი 25 – კომპენსაცია არასწორი ქმედებებით მიყენებული ზიანისთვის
  მუხლი 26 - სანქციები
თავი IX - მხარეებს შორის თანამშრომლობა
  მუხლი 27 - მხარეებს შორის თანამშრომლობა
თავი X - ურთიერთობა ამ ოქმსა და კონვენციას შორის და ოქმის გადამოწმება
  მუხლი 28 – ურთიერთობა ამ ოქმსა და კონვენციას შორის
  მუხლი 29 –ოქმის გადამოწმება
თავი XI - დასკვნითი დებულებები
  მუხლი 30 - ხელმოწერა და რატიფიკაცია
  მუხლი 31 - ძალაში შესვლა
  მუხლი 32 - მიერთება
  მუხლი 33 - დენონსაცია
  მუხლი 34 შეტყობინებები




პრეამბულა
"ბიოლოგიასა და მედიცინაში ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის შესახებ» კონვენციის (შემდგომში მოხსენიებული როგორც "კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ") დამატებითი ოქმის ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, სხვა სახელმწიფოები და ევროპის გაერთიანება,

ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია წევრებს შორის უფრო მჭიდრო ერთიანობის მიღწევა, რისი ერთ-ერთი საშუალებაა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განმტკიცება და შემდგომი რეალიზაცია;

ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის მიზანი, პირველ მუხლში მოცემული განსაზღვრების მიხედვით, არის ადამიანის ღირსებისა და ინდივიდუალობის დაცვა და ბიოლოგიასა და მედიცინაში ადამიანის ხელშეუხებლობის, სხვა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო, დისკრიმინაციის გარეშე, პატივისცემის უზრუნველყოფა;

ითვლისწინებენ რა, რომ სამედიცინო მეცნიერების პროგრესი, სახელდობრ, მიღწევები ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის სფეროში, ხელს უწყობს ადამიანების გადარჩენას და აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს;

ითვლისწინებენ რა, რომ ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახლეობისთვის შეთავაზებული მომსახურების აღიარებული ფორმაა;

ითვალისწინებენ რა, რომ ორგანოებისა და ქსოვილების ნაკლებობის გამო შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს განხორციელებული ორგანოებისა და ქსოვილების დონაციის გაზრდის მიზნით, განსაკუთრებით ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისა და ამ სფეროში ევროპული თანამშრომლობისათვის ხელშეწყობის გზით;

ითვალისწინებენ რა, გარდა ამისა, ეთიკურ, ფსოქოლოგიურ და სოციალურ-კულტურულ პრობლემებს, რომლებიც თან ახლავს ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვას;

ითვალისწინებენ რა, რომ ორგანოებისა და ქსოვლების გადანერგვის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, კეთილდღეობას და ღირსებას;

ითვალისწინებენ რა, რომ ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვა უნდა განხორციელდეს ორგანოებისა და ქსოვილების დონორების, პოტენციური დონორებისა და რეციპიენტების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით და რომ სათანადო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ ამ პირობების უზრუნველყოფის უნარი;

აღიარებენ რა, რომ, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპაში ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვისათვის ხელშეწყობისათვის საჭიროა ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ადამიანის სხეულის ნაწილების აღების, გაცვლისა და განაწილების ღონისძიებების კომერციალიზაციის თავიდან აცილება;

მხედველობაში იღებენ რა მინისტრთა საბჭოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შესრულებულ სამუშაოს ამ სფეროში;

გადაწყვიტეს რა, მიიღონ საჭირო ზომები ადამიანის ღირსების, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვასთან დაკავშირებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი I - ამოცანა და მოქმედების სფერო

მუხლი 1 - ამოცანა
ამ ოქმის ხელმომწერმა მხარეებმა ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვისას უნდა დაიცვან თითოეული პირის ღირსება და ინდივიდუალობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყონ მისი ხელშეუხებლობის, სხვა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა.
მუხლი 2 - მოქმედების სფერო და განმარტებები
1. ეს ოქმი ეხება ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვას მკურნალობის მიზნით.
2. ამ ოქმის დებულებები ქსოვილების შესახებ ეხება, აგრეთვე, უჯრედებს, ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ჩათვლით.
3. ეს ოქმი არ ეხება:
a. რეპროდუქციულ ორგანოებს და ქსოვილებს;
b. ემბრიონის ან ნაყოფის ორგანოებს და ქსოვილებს;
g. სისხლს და სისხლის დერივატებს.
4. ამ ოქმის მიზნებისათვის:
- ტერმინი «გადანერგვა» გულისხმობს ერთი ადამიანიდან ორგანოსა თუ ქსოვილის აღებისა და ამ ორგანოსა თუ ქსოვილის სხვა ადამიანისათვის იმპლანტაციის მთლიან პროცესს ხსენებულთა მომზადების, დაცვისა და შენახვის ყველა პროცედურის ჩათვლით;
- მე-20 მუხლში, ტერმინი «აღება» გულისხმობს ორგანოს აღებას იმპლანტაციის მიზნით.

თავი II - ზოგადი დებულებები

მუხლი 3 - გადანერგვის სისტემა
მხარეებმა უნდა უზრუნველყონ სისტემის არსებობა, რომელიც პაციენტებისთვის შესაძლებელს გახდის გადანერგვის თანაბარ ხელმისაწვდომობას.
მე-3 თავში ასახულ დებულებებში მოხსენიებული ორგანოები და, საჭიროებისამებრ, ქსოვილები უნდა განაწილდეს მხოლოდ ოფიციალურ მოცდის სიაში შეტანილ პაციენტებს შორის სამედიცინო კრიტერიუმების შესაბამისად, გამჭვირვალე, ობიექტური და სათანადოდ დადგენილი წესების მიხედვით. ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის, დანიშნული უნდა იქნენ ამ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ორგანოების საერთაშორისო გაცვლის ორგანიზაციის შემთხვევაში პროცედურებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანი, ეფექტური განაწილება მონაწილე ქვეყნებს შორის, სოლიდარობის პრინციპის გათვალისწინებით თითოეულ ქვეყანაში.
გადანერგვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ორგანოებისა და ქსოვილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სათანადო ჩანაწერების სახით, ორგანოებისა და ქსოვილების წარმომავლობისა და გამოყენების დასადგენად.

მუხლი 4 - პროფესიული სტანდარტები
ნებისმიერი ჩარევა ორგანოსა თუ ქსოვილის გადანერგვის მიზნით უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული ვალდებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 5 - რეციპიენტისათვის ინფორმაციის მიწოდება
რეციპიენტს და, საჭიროების შემთხვევაში, იმპლანტაციაზე ნებართვის გამცემ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს წინასწარ უნდა მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია იმპლანტაციის მიზნისა და არსის, შედეგებისა და რისკის, აგრეთვე, ჩარევის არსებული ალტერნატივების შესახებ.

მუხლი 6 - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვაში მონაწილე ყველა სპეციალისტმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეამციროს რეციპიენტისთვის რაიმე დაავადების გადაცემის რისკი და თავი აარიდოს ნებიემიერი სახის ქმედებას, რაც გავლენას იქონიებს ორგანოსა თუ ქსოვილის იმპლანტაციისათვის შესაბამისობაზე.

მუხლი 7 - სამედიცინო მეთვალყურეობა
გადანერგვის შემდეგ ცოცხალ დონორებს და რეციპიენტებს უნდა შეეთავაზოს შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა.

მუხლი 8 - ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადობისათვის
მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის და საზოგადობისათვის ზოგადად ორგანოების და ქსოვილების საჭიროების შესახებ. აგრეთვე, უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ორგანოებისა და ქსოვილების აღებისა და იმპლანტაციის პირობების შესახებ, თანხმობისა და ნებართვის გაცემის საკითხების ჩათვლით, განსაკუთრებით, გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების აღებასთან დაკავშირებით.

თავი III - ცოცხალი დონორისგან ორგანოს და ქსოვილის აღება

მუხლი 9 - ზოგადი წესი
ცოცხალი დონორისაგან ორგანოს ან ქსოვილის აღება დასაშვებია მხოლოდ რეციპიენტის სამკურნალოდ, როდესაც შესაბამისი ორგანოს ან ქსოვილის მიღება არ არის შესაძლებელი გარდაცვლილი ადამიანისაგან ან არ არსებობს შესაბამისი ეფექტის მქონე მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი.

მუხლი 10 - ორგანოს პოტენციური დონორი
ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება რეციპიენტის სარგებლობისათვის, რომელთანაც დონორს ახლო პიროვნული ურთიერთობა აქვს კანონით დადგენილი წესით ან ასეთი კავშირის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით და შესაბამისი დამოუკიდებელი ორგანოს თანხმობით.

მუხლი 11 - დონორისთვის რისკის შეფასება
ორგანოს ან ქსოვილის აღებამდე, უნდა ჩატარდეს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და ჩარევა, რათა შეფასდეს და შემცირდეს რისკი დონორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის. ორგანოს აღება შეიძლება არ განხორციელდეს, თუ დონორის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

მუხლი 12 - ინფორმაცია დონორისათვის
დონორი და ამ ოქმის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ნებართვის გამცემ პირს ან ორგანოს, წინასწარ უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ორგანოს აღების მიზნისა და ხასიათის, აგრეთვე მისი შედეგებისა და რისკის შესახებ. ისინი ასევე ინფორმირებული უნდა იყვნენ დონორის კანონით დადგენილი უფლებებისა და დამცავი მექანიზმების შესახებ. კერძოდ, ისინი ინფორმირებული უნდა იყვნენ მათი უფლების შესახებ მიიღონ დამოუკიდებელი კონსულტაცია რისკის თაობაზე შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტისაგან, რომელიც არ მონაწილეობს ორგანოს ან ქსოვილის აღების და გადანერგვის პროცესში.

მუხლი 13 - ცოცხალი დონორის თანხმობა
ამ ოქმის მე-14 და მე-15 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, ორგანო ან ქსოვილი ცოცხალი დონორისაგან შეიძლება აღებული იქნეს მისი ნებაყოფლობითი, ინფორმირებული და კონკრეტული თანხმობის შემდეგ, რომელიც გაცხადებულია წერილობით ან ოფიციალური ორგანოს წინაშე.
პირს შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე ნებაყოფლობით უარი თქვას ადრე გაცხადებულ თანხმობაზე.

მუხლი 14 - ორგანოს ან ქსოვილის აღებაზე თანხმობის გაცხადების უნარის არმქონე პირთა დაცვა
1. ორგანოს ან ქსოვილის აღება დაუშვებელია ადამიანისაგან, რომელსაც არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი ამ ოქმის მე-13 მუხლის შესაბამისად.
2. გამონაკლისის სახით და კანონით გათვალისწინებული დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რეგენერაციის უნარის მქონე ქსოვილის აღება პირისაგან, რომელსაც არა აქვს თანხმობის გაცხადების უნარი, შეიძლება შემდეგი პირობების დაცვით:
i. არ არის შესაფერისი დონორი, რომელსაც აქვს თანხმობის გაცხადების უნარი;
ii. რეციპიენტი არის დონორის და ან ძმა;
iii. გადანერგვის მიზანია რეციპიენტის სიცოცხლის გადარჩენა;
iv. მისი წარმომადგენლის ან ოფიციალური პირის ან კანონით გათვალისწინებული პირის ან ორგანოს ნებართვა მიცემულია გარკვევით, წერილობით და დამოწმებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ;
v. პოტენციური დონორი არ არის წინააღმდეგი.

მუხლი 15 - ცოცხალი დონორისაგან უჯრედის აღება
კანონმა შეიძლება დაადგინოს, რომ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ii და iii ქვეპუნქტებით განსაზღვრული დებულებები არ ეხება უჯრედების აღებას, რამდენადაც მათი აღება დონორისათვის მხოლოდ მინიმალური რისკის და დისკომფორტის გამომწვევია.

თავი IV - გარდაცვლილი ადამიანის ორგანოსა და ქსოვილის აღება

მუხლი 16 - გარდაცვალების მოწმობა
გარდაცვლილი ადამიანისაგან ორგანოს ან ქსოვილის აღება დაუშვებელია, სანამ სიკვდილი არ იქნება დამოწმებული კანონით განსაზღვრული წესით.
ექიმები, რომლებმაც უნდა დაამოწმონ გარდაცვალება, არ უნდა მონაწილეობდნენ გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ან ქსოვილის აღებაში ან გადანერგვის პროცესში, არ უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი ორგანოს ან ქსოვილის პოტენციური რეციპიენტის მოვლისათვის.

მუხლი 17 - თანხმობა და ნებართვა
გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ან ქსოვილის აღება დაუშვებელია, სანამ არ იქნება მიღებული კანონით გაათვალისწინებული თანხმობა ან ნებართვა.
ორგანოს ან ქსოვილის აღება დაუშვებელია, თუ გარდაცვლილი ამის წინააღმდეგი იყო.

მუხლი 18 - ადამიანის სხეულის პატივისცემა
ორგანოს აღებისას ადამიანის სხეულს პატივისცემით უნდა მოექცნენ და ყველა შესაძლო ზომა იხმარონ გვამის გარეგნული სახის აღსადგენად.

მუხლი 19 - დონორობის ხელშეწყობა
მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ორგანოებისა და ქსოვილების დონორობის ხელშესაწყობად.

თავი V სხვა მიზნით აღებული ორგანოს ან ქსოვილის იმპლანტაცია

მუხლი 20 - სხვა მიზნით აღებული ორგანოს ან ქსოვილის იმპლანტაცია
1. როდესაც ორგანო ან ქსოვილი არ არის აღებული იმპლანტაციის მიზნით, მისი იმპლანტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონორს განემარტა მოსალოდნელი შედეგები და შესაძლო რისკი და მიღებულია მისი ინფორმირებული თანხმობა, ან თანხმობის გაცხადების უნარის არმქონე ადამიანის შემთხვევაში - შესაბამისი ნებართვა,
2. პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას ეხება ოქმის ყველა დებულება, გარდა III და IV თავში მოცემული დებულებებისა.

თავი VI - ფინანსური მოგების აკრძალვა

მუხლი 21 - ფინანსური მოგების აკრძალვა
1. ადამიანის ორგანიზმი და მისი ნაწილები არ შეიძლება გახდეს ფინანსური ან სხვა რაიმე სარგებლობის წყარო.
ზემოთ მოხსენიებული დებულება არ გულისხმობს გადასახადს, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ მოგებას, სახელდობრ:
- ცოცხალი დონორის შემოსავალის დანაკარგის ან მის მიერ გაწეული სხვა ხარჯების კომპენსაციას, რაც დაკავშირებულია ორგანოს ამოღებასთან ან შესაბამის სამედიცინო შემოწმებასთან;
- სამედიცინო ან გადანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების საზღაური;
- ცოცხალი დონორისგან ორგანოს ან ქსოვილის აღებით გამოწვეული ზიანის კომპენსაცია.
2. ორგანოს ან ქსოვილის საჭიროების ან ხელმისაწვდომობის რეკლამირება ფინანსური მოგების მიღების მიზნით უნდა აიკრძალოს..

მუხლი 22 - ორგანოებითა და ქსოვილებით ვაჭრობის აკრძალვა
ორგანოებითა და ქსოვილებით ვაჭრობა აკრძალულია.

თავი VII - კონფიდენციალობა

მუხლი 23 -კონფიდენციალობა
1. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი პირის შესახებ, რომლისგანაც ორგანო ან ქსოვილი იქნა აღებული, ან რეციპიენტის შესახებ, კონფიდენციალურია. ასეთი მონაცემები შეიძლება შეგროვდეს, დამუშავდეს და გადაეცეს პროფესიული კონფიდენციალობის და პირადი მონაცემების დაცვის წესის შესაბამისად.
2. პირველ პარაგრაფში მოცემული დებულების ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს ისე, რომ შეიზღუდოს იმ დებულებების მოქმედება, რომლებიც უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვით ორგანოების და ქსოვილების გამცემი პირისა და ორგანოების ან ქსოვილების რეციპიენტ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების და გადაცემის საშუალებას იძლევა სამედიცინო მიზნებისთვის, მათ შორის ორგანოების და ქსოვილების წარმომავლობისა და გამოყენების დასადგენად, როგორც ეს მოცემულია ამ ოქმის მე-3 მუხლში.

თავი VIII - ოქმის დებულებების დარღვევა

მუხლი 24 – უფლებების ან პრინციპების დარღვევა
მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ოქმში ასახული უფლებებისა და პრინციპების სათანადო სამართლებრივი დაცვა უკანონო დარღვევების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით.

მუხლი 25 – კომპენსაცია არასწორი ქმედებებით მიყენებული ზიანისთვის
პირს უფლება აქვს გადანერგვის შედეგად მიყენებული ზიანისათვის მიიღოს სამართლიანი კომპენსაცია კანონით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით.

მუხლი 26 - სანქციები
ოქმში მოცემული დებულებების დარღვევისათვის მხარეებმა უნდა დააწესონ სათანადო სანქციები.

თავი IX - მხარეებს შორის თანამშრომლობა

მუხლი 27 - მხარეებს შორის თანამშრომლობა
მხარეებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის სფეროში ეფექტური თანამშრომლობისათვის, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის გზით.
კერძოდ, მათ შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ ორგანოებისა და ქსოვილების საკუთარ ტერიტორიაზე სწრაფი და უსარფთხო შეტანისა და გატანისათვის ხელშესაწყობად.

თავი X – ურთიერთობა ამ ოქმსა და კონვენციას შორის და ოქმის გადამოწმება

მუხლი 28 – ურთიერთობა ამ ოქმსა და კონვენციას შორის
ამ ოქმის 1-27-ე მუხლები მხარეებმა უნდა განიხილონ როგორც «ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ» კონვენციის დამატებითი მუხლები. შესაბამისად, კონვენციის ყველა დებულება უნდა ვრცელდებოდეს ოქმზეც.

მუხლი 29 –ოქმის გადამოწმება.
მეცნიერების განვითარების შესაბამისად, ოქმი შეიძლება გადამოწმებული იქნეს «ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ» კონვენციის 32 ე მუხლში მოხსენიებული კომიტეტის მიერ არა უადრეს ოქმის ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ და შემდგომ, კომიტეტის მიერ განსაზღვრული ინტერვალებით.

მუხლი XI - დასკვნითი დებულებები

მუხლი 30 - ხელმოწერა და რატიფიკაცია
ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ კონვენციის ხელმომწერმა მხარეებმა. ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. ხელმომწერმა მხარემ შეიძლება არ მოახდინოს ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, თუ მან წინასწარ ან ერთდროულად არ მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელები შესანახად უნდა გადაეცეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

მუხლი 31 - ძალაში შესვლა
1. ოქმი ძალაში შევა იმ მომდევნო თვის პირველ დღიდან, როცა გავა სამთვიანი ვადა მას შემდეგ, რაც ხუთი ხელმომწერი მხარე, მათ შორის ევროსაბჭოს არანაკლებ ოთხი წევრისა, 30-ე მუხლის შესაბამისად, განაცხადებს თანხმობას შეუერთდეს ოქმს
2. ნებისმიერი ხელმომწერი მხარის მიმართ, რომელმაც შემდგომში განაცხადა თანხმობა შეუერთდეს ოქმს, ის ძალაში შევა მომდევნო თვის პირველ დღიდან, რატიფიკაციის, მიღების, ან დამტკიცების სიგელის დეპონირებიდან სამთვიანი ვადის გავლის შემდეგ.

მუხლი 32 - მიერთება
1. ამ ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, ნებისმიერ სახელმწიფოს. რომელიც მიუერთდა კონვენციას, შეუძლია მიუერთდეს ასევე ამ ოქმსაც.
2. ოქმთან მიერთებისათვის აუცილებელია, დამადასტურებელი დოკუმენტი ჩაბარდეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. მიერთება ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან, ამ დოკუმენტის დეპონირებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 33 - დენონსაცია
1. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გზით.
2. დენონსაცია ძალაში შევა მომდევნო თვის პირველ დღეს, გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 34 შეტყობინებები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპის გაერთიანებას, ყოველ ხელმომწერ მხარეს და სახელმწიფოს, რომელიც მოწვეულია შეუერთდეს მას:
a. ყოველი ხელმოწერის შესახებ;
b. სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის მიღების შესახებ;
c. 31-ე და 32-2 მუხლების შესაბამისად კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს;
d. ამ კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების, შეტყობინების ან ურთიერთობის შესახებ.


ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერებმა, არიან რა სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.

შესრულებულია სტრასბურგში, 2002 წლის 24 იანვარს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია, ერთ პირად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს წევრ თითოეულ სახელმწიფოს, არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მოცემული ოქმის შემუშავებაში, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მოწვეულია შეუერთდეს ოქმს და ევროპის გაერთიანებას.