<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ფოლიუმის მჟავა ჭკუასუსტობის პროფილაქტიკისათვის

ხანდაზმულ ასაკში ფოლიუმის მჟავის საკმარისი რაოდენობით რეგულარულ და ხანგრძლივ მოხმარებას შეუძლია ორჯერ შეამციროს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკი. ეს უკანასკნელი მოხუცებულობითი დემენციის (ჭკუასუსტობის) ერთ–ერთ ვარიანტს წარმოადგენს. ასეთი დასკვნა გააკეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა დაბერების ნაციონალური ინსტიტუტიდან შვიდწლიანი კვლევის შემდეგ (The Baltimore Longitudinal Study of Aging), რომლის განმავლობაშიც ისინი აკვირდებოდნენ 60 წლისა და მეტი ასაკის მქონე 579 პაციენტს. კვლევის დაწყებისას არც ერთ მათგანში არ აღინიშნებოდა დემენციის გამოვლინებები.
მთელი კვლევის პერიოდში ხდებოდა პაციენტების კვების თავისებურებების გულდასმითი მონიტორინგი, კერძოდ, თითოეული მათგანის შემთხვევაში წარმოებდა კვებითი დანამატების მოხმარებისა და საკვები რაციონის კალორიულობის მონიტორინგი ტიპიური შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში. ხდებოდა საკვებ რაციონში შემავალი პროდუქტების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების (ნუტრიენტების), მათ შორის Е, С, В6, В12 ვიტამინების, კაროტენოიდებისა და ფოლიუმის მჟავას რაოდენობის განსაზღვრა.
კვლევის დასასრულს 57 პაციენტს განუვითარდა ალცჰეიმერის დაავადება. პაციენტების საკვები რაციონის ანალიზმა ცხადყო, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც დღიურად იღებდნენ არანაკლებ 400მკგ ფოლიუმის მჟავას, ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკი 55%–ით ნაკლები იყო იმათთან შედარებით, ვინც ამ ვიტამინს ნაკლები რაოდენობით მოიხმარდა საკვებში. უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესობა ფოლიუმის მჟავას იღებდა არა ნატურალური სახით (მწვანე ბოსტნეული, ფორთოხალი, ლიმონი და ა.შ.), არამედ საკვები დანამატებით.
მეცნიერების მიერ არ იქნა ნანახი С ვიტამინის, კაროტენოიდების (ბეტა– კაროტინი) და В12 ვიტამინის პოზიტიური ზეგავლენა ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკის შემცირებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. დიდ ბრიტანეთში, ადამიანების მიერ ფოლიუმის მჟავას საშუალო დღიური მოხმარება ერთ სულზე 200 მკგ–ს არ აღემატება, რაც ორჯერ ნაკლებია ამერიკელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილ „პროფილაქტიკურ“ დონესთან შედარებით.
რასაკვირველია, აღმოჩენა სენსაციური არ არის. სპეციალისტებისათვის დიდი ხანია იყო ცნობილი, რომ ორსულებში ფოლიუმის მჟავას დანიშვნა ხელს უწყობს ნაყოფის თანდაყოლილი მძიმე დეფექტების თავიდან აცილებას, განსაკუთრებით ნერვული სისტემის განვითარების მხრივ. გარდა ამისა, შემჩნეულია ამ ვიტამინის პოზიტიური ზეგავლენა გულისა და ტვინის სისხლძარღვების დაავადებების მქონე პაციენტებში, რაც განპირობებულია მისი მოდიფიცირებადი ზეგავლენით ამინომჟავა ჰომოცისტეინის დონეზე სისხლში. თავის მხრივ, ჰომოცისტეინის დონის მომატებას უკავშირებენ ალცჰეიმერის დაავადების რისკის ზრდას.
ასე, რომ თანამედროვე მეცნიერება საკმაოდ ახლოსაა ფოლიუმის მჟავას როლის განსაზღვრასთან ალცჰეიმერის დაავადების პროფილაქტიკისათვის. ეს დაავადება კი მოსახლეობის დაბერების პროცესიდან გამომდინარე, სულ უფრო ხშირად გვხვდება.

http://medafarm.ru

2005.08.23