<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   D ვიტამინი შესაძლოა ადამიანებს დაეხმაროს ტუბერკულოზის თავიდან აცილებაში

D ვიტამინის გარკვეული დოზით მიღება შესაძლოა ადამიანებს ტუბერკულოზის თავიდან აცილებაში დაეხმაროს, აცხადებენ მკვლევარები.
131 პაციენტის შესწავლით აღმოჩენილ იქნა, რომ D ვიტამინი წარმოადგენს დამხმარე საშუალებას ორგანიზმის უნარის გაზრდაში – დათრგუნოს იმ ბაქტერიის ზრდა, რომელიც იწვევს ამ რესპირატორულ დაავადებას.
«ქუინ მერი”-ს (Queen Mary) სამედიცინო სკოლის და «იმპერიალ კოლეჯი”-ს მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ვიტამინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას რისკის მქონე პაციენტებში. კვლევა გამოქვეყნდა რესპირატორული და კრიტიკული მედიცინის ამერიკულ ჟურნალში.
ანტიბიოტიკების ხმარებაში შემოღებამდე, D ვიტამინს იყენებდნენ სანატორიუმებში, როგორც ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებას. თუმცა, დღემდე არცერთი კვლევა არ ჩატარებულა, რათა შეფასებულიყო D ვიტამინის ეფექტი ტუბერკულოზის გამომწვევ მიკობაქტერიასთან მიმართებაში ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებაში.
კვლევის დროს მოხდა სისხლის სინჯების აღება კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტისგან და მიკობაქტერიით ინფიცირებულებისგან. შემდეგ საკვლევი ჯგუფი გაიყო 2 ქვეჯგუფად, 64-ს მიეცა პლაცებო, ხოლო დარჩენილ პაციენტებს კი დაუნიშნეს 2.5მგ D ვიტამინი. 6 კვირის შემდეგ ხელახლა მოხდა სისხლის ანალიზის აღება. ანალიზები შემოწმებულ იქნა აღებიდან 24 საათის შემდეგ და მიკობაქტერიის ზრდა 20%-ით ნაკლები აღმოჩნდა იმ ადამიანთა სისხლში, რომლებიც ღებულობდნენ D ვიტამინს, პლაცებოს ჯგუფის პაციენტებთან შედარებით.
როგორც მკელვარებმა განაცხადეს, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება ყოველივე ზემოთქმულის საბოლოოდ დასამტკიცებლად, თუმცა მათ დასძინეს, რომ D ვიტამინს ნამდვილად აქვს რესპირატორული დაავადების თავიდან აცილების პოტენციური უნარი. მათი თქმით, ბაქტერიას შეუძლია იყოს «მიძინებულ” მდგომარეობაში, უცდიდეს რა იმუნური სისტემის დასუსტებას, რათა შემდგომ შეუტიოს ორგანიზმს, ამიტომ კარგი იქნება, თუ D ვიტამინს დაუნიშნავენ რისკის მქონე პაციენტებს, დაუმატებენ რა მას სასმელებს, მაგალითად რძეს ან ფორთოხლის წვენს.
ტუბერკულოზის შემთხვევებმა გასულ წელს 2%-ით მოიმატა. ინგლისში, უელსსა და ირლანდიაში დაფიქსირდა დაავადების 8 000 შემთხვევა. ოფიციალურმა ლონდონმა დაადასტურა, რომ შემთხვევათა ნახევარი მოდიოდა ემიგრანტ მოსახლეობაზე, სწორედ ისინი ითვლებოდნენ დაავადების პირველად წყაროდ. ტუბერკულოზი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ გლობალურ პრობლემას, იწვევს რა 2მლნ ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. ადრიან მარტინეუმ (Adrian Martineau) განაცხადა, იაფმა და ყველასთვის ხელმისაწვდომმა საშუალებამ შესაძლოა უდიდესი გავლენა იქონიოს ტუბერკულოზის რისკის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე.
როგორც გულ-მკერდის სპეციალისტმა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო კამპანიის ჯგუფის მდივანმა, პროფ. პიტერ დავისმა განაცხადა, «კარგია ის, რომ D ვიტამინი იაფი საშუალებაა და ადვილად დასანიშნიც, თუმცა საჭიროა დავიცადოთ მანამ, სანამ ჩატარდება დამატებითი კლინიკური კვლევები”.
ამგვარად, D ვიტამინი შესაძლოა აღმოჩნდეს ტუბერკულოზისგან თავის დაცვის ეფექტური საშუალება, გარდა იმისა, რომ ის მოიაზრება კიბოს და დიაბეტის გაჩენის რისკის დამწევ, ასევე ძვლების გასამაგრებელ საშუალებად.

http://www.bbc.co.uk

2007.06.06