<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ეზეტიმიბი აუმჯობესებს სტატინების ეფექტურობას ინფარქტის დროს

სიმვასტატინთან ერთად ეზეტიმიბის დამატებით მიცემამ გაზარდა მწვავე ინფარქტით დაავადებული იმ პაციენტების რიცხვი, რომელთაც დროის მოკლე შუალედში მოახერხეს მიეღწიათ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების სამიზნე დონისათვის (Eur J Clin Investig 2007;35:357-63).
ბელგიელი მეცნიერები დოქტორ F Chenot-ის ხელმძღვანელობით (კლინიკური ცენტრი Jolimont-Lobbes, Haine Saint-Paul) რანდომიზებულად უნიშნავდნენ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებს (სულ 60 პაციენტი) ან ერთდროულად ეზეტიმიბსა (10 მგ/დღ) და სიმვასტატინს (40მგ/დღ), ან მხოლოდ სიმვასტატინს, ან საერთოდ არ ნიშნავდნენ ლიპიდურ ცვლაზე მოქმედ პრეპარატებს.
ორდღიანი მკურნალობის შემდეგ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინის დონე 15%-ით უფრო დაბალი იყო საწყის დონესთან შედარებით სტატინის ჯგუფში და 27%-ით დაბალი კომბინირებული თერაპიის ჯგუფში. კონტროლის ჯგუფში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის 10%-ით დაქვეითება არადამაჯერებელი იყო. 7 დღის შემდეგ ამ მაჩვენებლებმა შეადგინა, შესაბამისად, 25%, 51% და 0%. მკურნალობის პირველი 7 დღის განმავლობაში ტრიგლიცერიდების დონემ მოიმატა 45%-ით კონტროლის ჯგუფში, სტატინების ჯგუფში დარჩა უცვლელი, ხოლო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში დაქვეითდა 17%-ით. ავტორების აზრით, მიღწეული შედეგები საჭიროებს დასაბუთებას უფრო მსხვილმასშტაბიანი კლინიკური კვლევებით. თუკი ეს დამტკიცდა, ეზეტიმიბის დანიშვნა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ხელს შეუწყობს თრომბოზული გართულებების რისკის შემცირებას.
როგორც აღმოჩნდა, ეზეტიმიბი ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს С-რეაქტიული ცილის კონცენტრაციას. ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის სამეცნიერო სესიაზე წარმოდგენილი იყო კლინიკური კვლევების შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ ეზეტიმიბის სიმვასტატინთან დანიშვნისას С-რეაქტიული ცილის დონე დაქვეითდა 33,3%-ით, როცა სიმვასტატინით მონოთერაპიის დროს ეს მაჩვენებელი შემცირდა 14,3%-ით. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ეს ორივე პრეპარატი გამოშვებული იქნება ერთი აბის სახით.
ეზეტიმიბი ახალი ჰიპოლიპიდემიური პრეპარატია, რომელიც ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას წვრილ ნაწლავში, მაშინ როცა სტატინები მოქმედებენ ღვიძლის დონეზე, ამიტომ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის დასაქვეითებლად უფრო მიზანშეწონილია დაინიშნოს ეზეტიმიბი დაბალი და საშუალო დოზის სტატინებთან კომბინაციაში, ვიდრე მხოლოდ მაღალი დოზით სტატინების გამოყენება, რაც არც ისე უვნებელია.

http://Cardiosite.ru

2007.05.16