<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   მითები ანტიბიოტიკების შესახებ

სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევათა ნახევარში ანტიბიოტიკების დანიშვნა და მიღება არასწორად ხდება. სმოლენსკის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანტიმიკრობული ქიმიოთერაპიის ს/კ ინსტიტუტის მეცნიერებმა რუსეთის გამოცდილების საფუძველზე მოახდინეს ანტიბაქტერიულ თერაპიასთან დაკავშირებული ძირითადი მცდარი შეხედულებების ფორმულირება.
ამის შესახებ მოხსენებულ იქნა მოსკოვში ჩატარებულ კონგრესზე ”ადამიანი და წამალი”.
მოხსენების ავტორის ირინა ანდრეევას თქმით, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მცდარ აზრს წარმოადგენს ანტიბაქტერიული მკურნალობის კურსის განსაზღვრა 10-14 დღით. სინამდვილეში, ანტიბაქტერიული მკურნალობის კურსის გაგრძელება სიმპტომების სრულ გაქრობამდე არ არის საჭირო, და ხშირად, ეფექტის მისაღწევად სავსებით საკმარისია მოკლე კურსი და ზოგჯერ წამლის ერთჯერადი მიღებაც კი.
მეორე მცდარი შეხედულება ეხება მიკრობების მედიკამენტისადმი მდგრადობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის აუცილებელ ცვლას ყოველ 5-7 დღეში. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეფექტური პრეპარატის შეცვლა სხვა პრეპარატით არათუ ამცირებს, არამედ პირიქით, ადიდებს ამ რისკს. თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება 2-3 დღის განმავლობაში წამალი აუცილებლად უნდა იყოს შეცვლილი.
სმოლენსკელი მეცნიერები მოძველებულად თვლიან მოსაზრებას ანტიბიოტიკების ტოქსიკურობისა და იმუნიტეტზე დამთრგუნველი ზემოქმედების შესახებ. ძველი ანტიმიკრობული საშუალებები ნამდვილად ხასიათდებოდნენ ამ არასასურველი თვისებებით, მაგრამ ამჟამად იმუნიტეტზე უარყოფითად მოქმედი მედიკამენტების წუნდება ხდება ჯერ კიდევ კლინიკურისწინა გამოცდის სტადიაზე. ამავე დროს ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მაგალითად, მაკროლიდები, არათუ თრგუნავენ, არამედ ასტიმულირებენ კიდეც იმუნურ სისტემას. ამის გამო სპეციალისტები არ ურჩევენ ანტიმიკრობული თერაპიის ფონზე იმუნომოდულატორებისა და ანტიალერგიული პრეპარატების დანიშვნას, ხოლო რაც შეეხება ანტიმიკოზურ საშუალებებს, თვლიან, რომ ის უნდა დაინიშნოს შესუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში (აივ-ინფექცია ან ონკოლოგიური დაავადებები).
ძლიერ გაზვიადებულად თვლიან წარმოდგენას ანტიბიოტიკების ისეთი გვერდითი ეფექტის შესახებ, როგორიცაა დისბაქტერიოზი. უმრავლეს შემთხვევაში ანტიმიკრობული საშუალებებით გამოწვეული ნაწლავური მიკროფლორის შემადგენლობის შეცვლა კლინიკურად არ ვლინდება, არ საჭიროებს სპეციალურ კორექციას და აღდგება თავისით. თუ წამლის მიღებას თან ახლავს გვერდითი მოვლენები, მაგალითად, დიარეა, უკეთესია პრეპარატის შეცვლა, ხოლო მიკროფლორის აღმდგენი წამლის მიღება არც ამ შემთხვევაში არ არის საჭირო.
ბევრი ექიმი თვლის, რომ ყველაზე ეფექტურია ანტიბიოტიკების უშუალოდ კერაში შეყვანა. თანამედროვე პრეპარატების უმრავლესობა ინტრავენურად შეყვანის შემდეგაც აღწევს საჭირო კონცენტრაციას ინფექციით დაზიანებულ ქსოვილში. გარდა ამისა, ადგილობრივი მოხმარებისას ძნელი განსასაზღვრავია პრეპარატის ოპტიმალური დოზა, ამიტომ იგი გამართლებულია მხოლოდ კანის ინფექციების, კონიუქტივიტის, ვაგინოზების და გარეთა ოტიტების დროს.
მკვლევართა აზრით, პრაქტიკოს ექიმებს შორის მსგავსი მცდარი წარმოდგენების წინააღმდეგ ბრძოლა უთუოდ არსებითად გაზრდის ანტიმიკრობული თერაპიის ხარისხსა და უსაფრთხოებას.

http://medportal.ru

2007.05.15