<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ანალგეტიკები ანტიდეპრესანტების ეფექტურობას ამცირებს

მეცნიერთა თქმით, ასპირინი და ანთებისსაწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, რომელიც ტკივილის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, იწვევს ანტიდეპრესანტების, როგორიცაა მაგ. პროზაკი, ეფექტურობის დაქვეითებას. ეს აღმოჩენა საშუალებას იძლევა ავხსნათ, თუ რატომ არ არის ეფექტური ანტიდეპრესანტებით მკურნალობა დეპრესიის მქონე ბევრი პაციენტის შემთხვევაში, რომლებსაც ერთდროულად აწუხებთ ქრონიკული ტკივილი და განწყობის ცვლილებები, აღნიშნავს The Gazette.

ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ყველაზე ხშირად გამოყენებული ანტიდეპრესანტები - სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და შეაფასეს მათი ეფექტურობა ასპირინთან, იბუპროფენთან და ნაპროქსენთან კომბინაციაში. ეს პრეპარატები შეუყვანეს თაგვებს და აღმოაჩინეს, რომ ანტიდეპრესანტებზე ცხოველების ქცევითი რეაქციები იბლოკებოდა ანალგეტიკების მიერ. ეს ეფექტი დადასტურდა ადამიანებზე ჩატარებული კვლევებითაც. დეპრესიის მქონე პაციენტების 54% აღნიშნავდა ანტიდეპრესანტების ეფექტურობას მაშინ, როდესაც ანალგეტიკების მომხმარებელ პაციენტებს შორის იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 40%-ს შეადგენდა.

ამ ეფექტების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები უნდა გაითვალისწინონ ასაკოვანი ადამიანების მკურნალობისას, რომელთაც ხშირად ერთდროულად აწუხებთ დეპრესია და ართრიტი და იძულებულები არიან შეუთავსონ ერთმანეთს ანტიდეპრესანტებისა და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარება.

გარდა ამისა, ეს აღმოჩენა შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებისთვისაც. მკვლევართა აზრით, ასაკოვან ადამიანებში დეპრესია წარმოადგენს ამ დაავადების განვითარების ერთ-ერთ ფაქტორს და ამიტომ მისი აღკვეთით შესაძლებელია აღნიშნული რისკის შემცირებაც.

აღსანიშნავია, რომ ეს დასკვნები არ ეხება ყველა ანტიდეპრესანტს. კვლევებმა აჩვენა, რომ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაკლებაც გავრცელებული ორი ტიპის ანტიდეპრესანტის (ტრიციკლური ან ნორადრენერგული) ეფექტურობის მატებაც კი.

http://www.meddaily.ru

2011.04.28