<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ახალი ვაქცინები საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ - ახალი შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნებისათვის

ახალი ვაქცინების დანერგვამ ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში განვითარებად ქვეყნებში. 2005 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამო გარდაიცვალა 250 000 ქალი, რომელთა უმრავლესობა განვითარებადი ქვეყნების მკვიდრია.
ქალებში ამ ტიპის სიმსივნეს მეორე ადგილი უჭირავს გავრცელების მიხედვით. ჯანმო-ს მონაცემებით, ამ დაავადების გამო სიკვდილობის მაჩვენებელი უახლოეს 10 წელიწადში 25%-ით მოიმატებს. 2005 წელს აღირიცხა საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების 500 000 ახალი შემთხვევა, რომელთაგან 90% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის ინვაზიურ კიბოს თითქმის ყოველთვის სასიკვდილო გამოსავალი აქვს.
ადრეულ ეტაპებზე საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპის შემთხვევაში შესატყვისი სკრინინგისა და მკურნალობის პროგრამები ძალიან ეფექტურია, მაგრამ ისინი ძვირადღირებული და რთულად განსახორციელებელია არასაკმარისი რესურსების მქონე ქვეყნებში. 2006 წელს ლიცენზირებული იქნა ვაქცინა, რომელიც დაგვიცავს ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) გამოწვეული ინფექციებისა და დაავადებებისაგან. უახლოეს პერიოდში ლიცენზირებული იქნება კიდევ ერთი ვაქცინა. ლიცენზირებული ვაქცინა ეფექტურია აპვ ინფექციების იმ ტიპების (16 და 18) პროფილაქტიკისათვის, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 70%-ს, ასევე ინფექციათა იმ ტიპების (6 და 11) პროფილაქტიკისათვის, რომლებიც იწვევენ მახვილწვერიანი კონდილომების განვითარების შემთხვევათა დაახლოებით 90%-ს. ამჟამად ვაქცინები გადიან რეგულატორულ შემოწმებას სხვადასხვა ქვეყნებში და შეიძლება შექმნან ახალი შესაძლებლობები საშვილოსნოს ყელის კიბოს ლიკვიდაციისათვის, რომელიც მეორე ადგილზე დგას ქალებში სიკვდილობის მაჩვენებლის მიხედვით. ”ახალ ვაქცინებს აპვ-ს წინააღმდეგ, მათი ეფექტურად მიწოდების შემთხვევაში, შეუძლიათ გადაარჩინონ ასეულობით ათასი სიცოცხლე განვითარებად ქვეყნებში, - განაცხადა დოქტორმა ჰოვარდ ზაკერმა, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ჯანდაცვის ტექნოლოგიებისა და ფარმაცევტული პრეპარატების დარგში. ეფექტური ვაქცინების დანერგვა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: ისინი გვეხმარებიან სასიკვდილო სიმსივნეების წინააღმდეგ ბრძოლაში და წარმოადგენენ ეფექტურ ტექნოლოგიებს. ისინი ავსებენ უკვე არსებულ პროგრამებს კიბოს წინააღმდეგ, რომლებიც პროფილაქტიკაზე, სკრინინგზე და მკურნალობაზეა დაფუძნებული”.
ვაქცინები თავდაპირველად განსაზღვრული იყო გოგონებისათვის, მაგრამ მომავალში შეიძლება გამოყენებული იქნას ბიჭებშიც მათ მიერ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ან დაწყების პერიოდში. ვაქცინები იძლევიან უნიკალურ შესაძლებლობას, მოცული იქნას მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ადრე ძნელად მისადგომი იყო, კერძოდ კი ადრეული ასაკის მოზარდები, ამიტომ მრავალფეროვანი სტრატეგიის ჩატარების შემთხვევაში, აუცილებელია გამოყენებული იქნას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაძლებლობები მოზარდთა ჯანდაცვითი პროგრამების გაძლიერების გზით.
”ჩვენ არ ვიცით ვაქცინების საბოლოო ღირებულება განვითარებად ქვეყნებში, - განაცხადა რეპროდუქციული ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელმა ერლეტეი პაინელმა, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ძირითადი ამოცანა იქნება მათი სწრაფი დანერგვა იქ, სადაც ისინი განსაკუთრებით საჭიროა - ღარიბ ქვეყნებში. საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვლილ ქალთა 80% მიეკითვნებოდა უღარიბეს ფენას და ცხოვრობდა ისეთ რაიონებში, სადაც არ იყო საკმარისი სამედიცინო მომსახურების დონე. სწორედ მოსახლეობის ეს ნაწილი მოიგებს ყველაზე მეტად ამ ვაქცინის ხელმისაწვდომობითა და მისაღები ფასით”.
რესურსების მობილიზაცია ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისა და აპვ-საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვისათვის როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე უნდა პრიორიტეტული გახდეს. ვაქცინების დანერგვისათვის აუცილებელია დაფინანსების ინოვაციური გზები. საერთაშორისო დონეზე აუცილებელი იქნება პარტნიორობა, რათა დაიზოგოს დრო, რომელიც ჩვეულებრივ, საჭიროა ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ და განვითარებად ქვეყნებში დაშვებისათვის, სანამ დადგინდება სახელშეკრულებო ფასი და შეიქმნება შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეები განვითარებადი ქვეყნებისათვის ვაქცინების მისაწოდებლად.
გარდა იმისა, რომ აპვ-საწინააღმდეგო ვაქცინა წარმოადგენს ახალ ინსტრუმენტს კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის წინააღმდეგ, მის დანერგვას აქვს ასევე სხვა პოტენციური უპირატესობებიც მთლიანად ჯანდაცვის სისტემისათვის. ასეთი ვაქცინების დანერგვა ხელს შეუწყობს სინერგიის შექმნას იმუნიზაციის, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის დარგებში. ამასთან, ეს მცდელობა შეიძლება აღმოჩნდეს პოტენციურად მნიშვნელოვანი მომავალში შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისათვის.

http://who.int

2006.12.20