<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატი

რანდომიზებული კველევის საფუძველზე დადასტურდა ახალი მექანიზმის მქონე ახალი პრეპარატის ეფექტურობა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ სტანდარტული ანტიტუბერკულოზური მკურნალობა.

ხუთ-კომპონენტიან მეორე რიგის მკურნალობასთან კომბინაციაში საექსპერიმენტო diarylquinoline-ის შემცველი TMC207-ის გამოყენება დამაჯერებლად ამცირებს ნეგატიური ნახველის კულტურის მიღების დროს პლაცებოსთან შედარებით, აღნიშნავენ სამხრეთაფრიკელი მეცნიერი, დოქტორი ანდრეას ჰ.დიაკონი და მისი კოლეგები.
TMC207-ის ჯგუფში უარყოფითი კულტურის მიღების მაჩვენებელი შეადგენდა 48%-ს (21 პაციენტიდან 10), ხოლო პლაცებო ჯგუფში – 9%-ს (23 პაციენტიდან 2). კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “The New England Journal of Medicine”.

სხვა ანტიტუბერკულოზური წამლებისაგან განსხვავებით, TMC207 ახდენს მიკობაქტერიის ატფ-ის სინთეზის ინჰიბირებას, აზიანებს რა ენერგეტიკულ ჰომეოსტაზს. In vitro კვლევებში ინჰიბირება აღინიშნება, როგორც წამალზე მგრძნობიარე, ისე რეზისტენტული შტამების შემთხვევაშიც. იგი კლავს ტუბერკულოზის პასიურ, არაგამრავლებად ბაცილებს.

მკვლევარებმა ჩაატარეს პლაცებო-კონტროლირებადი ორსაფეხურიანი კვლევა, რომელიც მოიცავდა რვა კვირიან გამოსაკვლევ ფაზას და შემდეგ, მომდევნო ოცდაოთხკვირიან ეფექტურობის გამოსავლენ ფაზას ახლადდიაგნოსტირებულ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში.

გამოსაკვლევ ფაზაში პაციენტებს შემთხვევითი არჩევის პრინციპით აძლევდნენ პლაცებოს ან 400 მგ TMC207-ს ერთხელ დღეში ორ კვირის მანძილზე და შემდეგ - 200 მგ-ს სამჯერ კვირაში რვა კვირამდე.

ფონური თერაპია მოიცავდა კანამიცინს, ოფლოქსაცინს, ეთიონამიდს, პირაზინამიდს და ციკლოსერინს ან ტერიზიდონს წამლის მიმართ მგრძნობელობისა და გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით.

კვლევისთვის შერჩეული იყო 47 ჰოსპიტალიზებული პაციენტი პოზიტიური ნაცხის მქონე პულმონური TB-ის დიაგნოზით. გამოსაკვლევი ფაზა დაასრულა 44-მა. მონაწილეებიდან 74% იყო მამაკაცი, 55% - აფროამერიკელი და 87% - აივ-ნეგატიური. საშუალო ასაკი იყო 33.

კვლევის განმავლობაში გამოხატულ გართულებებს არ ჰქონდა ადგილი. აღინიშნებოდა მხოლოდ გულისრევის შეგრძნების უფრო მატება აქტიური მკურნალობის ჯგუფში (26%), პლაცებო ჯგუფთან შედარებით (4%). ოთხი კვირის შემდეგ აქტიური მკურნალობის ჯგუფში 77%-ს აღენიშნებოდა ნეგატიური ნაცხი, ხოლო პლაცებო ჯგუფში – 57%-ს. რვა თვისთვის კი აღნიშნული მაჩვენებლები იყო, შესაბამისად, 84% და 68%.

მეცნიერების თქმით, ამ პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭიროა მისი ეფექტურობის მასშტაბული მელტიცენტრული კვლევებით დადასტურება.

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ტუბერკულოზით ავადდება ცხრა მილიონი ადამიანი, დაახლოებით 490 ათას შემთხვევაში ინფექცია მდგრადია სტანდარტული თერაპიის მიმართ.

http://www.medpagetoday.com

2009.06.05