<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ასპირინის სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებების შესახებ

ბრიტანელმა მკვლევარებმა გამოავლინეს ის მიზეზები, რომელთა გამოც ასპირინს უნარი აქვს შეანელოს ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდა. ასპირინის ეს უნარი ადრევე იყო აღმოჩენილი. მეცნიერთა მონაცემებით, ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი ახდენს სიმსივნის მკვებავი სისხლძარღვების განვითარების შეჩერებას (Journal of the Federation of American Societies for Experimental Biology).
ცნობილია, რომ ასპირინს, ტკივილდამაყუჩებელ საშუალებას, რომელიც თითქმის საუკუნის წინ იქნა გამოგონილი, ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებიც აქვს და ინფარქტებისა და ინსულტების რისკს აქვეითებს. რიგი მკვლევარების მონაცემებით, ამ მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება მნიშვნელოვნად ანელებს ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების, მათ შორის სარძევე ჯირკვლისა და კუჭის კიბოს, განვითარებას.
უკანასკნელ დრომდე უცნობი რჩებოდა ის მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად ედო ამ სასიკეთო ეფექტს. მათ გამოსავლენად ნიუკასტლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ მედიკამენტის სხვადასხვა დოზირების ზეგავლენა ე.წ. ენდოთელურ უჯრედებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ახალი სისხლძარღვების ფორმირებაზე. მათი მონაცემებით, პრეპარატის უმნიშვნელო კონცენტრაციაც კი მნიშვნელოვნად აქვეითებდა ამ უჯრედების მიერ ახალი სისხლძარღვების ფორმირების უნარს.
იმდენად, რამდენადაც სიმსივნური უჯრედები, ისევე, როგორც ორგანიზმის სხვა უჯრედები, სისხლიდან იღებენ მათი ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელ ნივთიერებებს, ახალი სისხლძარღვების ფორმირება მნიშვნელოვნად აჩქარებს ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას. გარდა ამისა, სისხლის მიმოქცევის სისტემის საშუალებით ხდება ორგანიზმში ავთვისებიანი უჯრედების გავრცელება - სიმსივნის მეტასტაზების ფორმირება.
”როგორც ჩანს, ასპირინი ხელს უშლის კიბოს განვითარებას რამოდენიმე საშუალებით, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის სიმსივნის სისხლით მომარაგების შემცირება”, - ამბობს კვლევითი პროექტის კოორდინატორი დოქტორი ჰელენ არტური (Dr Helen Arthur). მისი სიტყვებით, ასპირინის კიბოსსაწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმის აღმოჩენა შეიძლება გამოყენებულ იქნას პრეპარატების ახალი თაობის შესაქმნელად ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ”ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ასპირინის ხანგრძლივ მიღებასთან, ეს არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენების განვითარების მომატებული რისკი. ჩვენ გვინდა გამოვავლინოთ ასპირინის მოლეკულური სამიზნეები - ნივთიერებები, რომლებიც არეგულირებენ სისხლძარღვების ზრდას და გამოვიყენოთ ისინი შედარებით უსაფრთხო მედიკამენტების შესაქმნელად”, - განმარტავს ჰელენ არტური.
როგორც ბრიტანეთის კიბოს შემსწავლელი საზოგადოების წარმომადგენელმა კეტ არნიმ აღნიშნა, მეცნიერთა ვარაუდი ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების მონაცემებით მტკიცდება. ”ჯერ კიდევ საკმაო გზაა გასავლელი, სანამ საბოლოოდ დავადგენთ, შეიძლება თუ არა ასპირინისა და მისი მსგავსი პრეპარატების გამოყენება კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვუწევთ რეკომენდაციას სიმსივნიან ავადმყოფებს, მიიღონ ასპირინი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგანაც ამ პრეპარატის დიდი დოზებით მიღება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

http://mednovosti.ru

2006.10.10