<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   პარაცეტამოლმა შესაძლოა შეამციროს კიბოს რისკი

საბერძნეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, პარაცეტამოლის რეგულარული გამოყენებით შესაძლოა 3-ჯერ შემცირდეს საკვერცხის კიბოს გაჩენის რისკი.
ათენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წინა წლებში ჩატარებული რვა გამოკვლევის ანალიზის შედეგად, რომელიც ჩატარდა პარაცეტამოლის კიბოსსაწინააღმდეგო ეფექტის შესასწავლად და რომელშიც 746 000 ქალი იღებდა მონაწილეობას, აღმოაჩინეს, რომ საკვერცხის კიბოს გაჩენის რისკი 30%-ით შემცირდა ამ ტკივილგამაყუჩებლის მიღების შედეგად. თუმცა მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს, ნათქვამია «ბრითიშ ჯორნელ ოვ ფარმაკოლოჯი”-ს ერთერთ ნომერში.
იმის გამო, რომ ამ მიმართულებით დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, მკვლევარები ქალებს არ ურჩევენ პარაცეტამოლის მიღებას საკვერცხის კიბოსგან თავის დასაცავად.
საკვერცხის კიბო არ წარმოადგენს ძალზე გავრცელებულ დაავადებას, ის 60 ქალიდან დაახლოებით ერთს უვითარდება. მაგრამ სიკვდილობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის განმავლობაში დაავადებულთა მესამედი თუ იცოცხლებს – ვინაიდან დაავადების დიაგნოსტირება რთულია და ამის გამო ხშირად მისი დადგენა გვიან სტადიაში ხდება.
მკვლევართა ჯგუფმა გააანალიზა 1966-2004 წლებში პარაცეტამოლსა და საკვერცხის კიბოს შორის კავშირზე ჩატარებული კვლევები დიდ ბრიტანეტში, აშშ-ში და დანიაში. მონაცემთა თანახმად, 4 405 ქალი იყო დაავადებული საკვერცხის კიბოთი.
სხვადასხვა კვლევაში პარაცეტამოლის რეგულარული გამოყენება სხვადასხვა იყო, თუმცა საშუალოდ ის შეადგენდა 30 აბს თვეში.
«ვინაიდან პარაცეტამოლი ძალზე გავრცელებული ტკივილგამაყუჩებელია და ფართოდ გამოიყენება, მის კავშირს საკვერცხის კიბოს დაბალ რისკთან უნდა ჰქონდეს ძალზე დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის”, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სტეფანოს ბონოვასმა. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ «დაბალი რისკის მქონე პაციენტებში პარაცეტამოლის ხანგრძლივი გამოყენების შედეგად სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გაჩენის რისკი, შესაძლოა აღემატებოდეს ამ პრეპარატის პოტენციურ სარგებელს საკვერცხის კიბოს პრევენციაში”.
მკვლევარებმა ვერ შეძლეს იმის დადგენა, თუ რატომ ამცირებს პარაცეტამოლი საკვერცხის კიბოს რისკს.
როგორც ბრიტანეთის კიბოს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საინფორმაციო კოორდინატორმა, პროფ. კატ არნიმ (Kat Arney) განაცხადა, კვლევის შედეგები მისასალმებელია, თუმცა ის გვერდითი ეფექტების შესახებაც გვაფრთხილებს.
მისი თქმით: «კვლევის შემდეგი საფეხური ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაა იმ მექანიზმის დასადგენად, თუ როგორ ამცირებს პარაცეტამოლი კიბოს რისკს. აგრეთვე ამ პრეპარატის სარგებლის დადგენა უნდა მოხდეს ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევის საფუძველზე”.

http://news.bbc.co.uk

2006.07.07