<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ახალი საშუალება ლატენტური ტუბერკულოზის სამკურნალოდ

ვეილა კორნელის სამედიცინო კოლეჯის (Weill Cornell Medical College) მეცნიერებმა აღმოაჩინეს პრინციპულად ახალი საშუალება ლატენტური ტუბერკულოზის წინააღმდეგ. ჟურნალ Cell Host & Microbe-ის შეტყობინებით, ამ აღმოჩენას შეიძლება განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ტრადიციული ანტიბიოტიკებისადმი მიკობაქტერიების მზარდი რეზისტენტობის პირობებში.
კარლ ნეიტანის (Carl Nathan) ხელმძღვანელობით სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ფერმენტი დიჰიდროლიპოამიდ-აცეტილტრანსფერაზა (DlaT), რომლის საშუალებით ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიები საკვები ნივთიერებებიდან ენერგიას ღებულობენ, გარდა ამისა, ეწინააღმდეგებიან ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის შემოტევებს. ზღვის თაგვებზე ექსპერიმენტებით მეცნიერებმა აჩვენეს, რომ DlaT-ს აქვს ასევე საკვანძო მნიშვნელობა ლატენტური ტუბერკულოზის რეაქტივაციაში.
ნეიტანმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს 15000 ნივთიერება იმ ნაერთის მოსაძებნად, რომელიც DlaT ფერმენტის ბლოკირებას მოახდენდა. ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდა - როდანიდების კლასის ნაერთი საჭირო თვისებების მქონე აღმოჩნდა. კვლევის თანაავტორებმა deCODE Chemistry კომპანიიდან ამ ნივთიერების დაახლოებით ათასი ვარიანტის სინთეზი მოახდინეს. მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით პერსპექტიული აღმოჩნდა: ისინი იწვევდნენ ”მთვლემარე” მიკობაქტერიების ამორჩევით განადგურებას.
ჯანმოს მონაცემებით, ტუბერკულოზით ყოველწლიურად 1,6 მლნ ადამიანი იღუპება მსოფლიოში. პლანეტის დაახლოებით მესამედი დაინფიცირებულია ლატენტური ტუბერკულოზით. დაინფიცირებულთა 5-10%-ში იმუნიტეტის დამაქვეითებელი პროვოცირებადი ფაქტორების (სტრესი, კიბო, შიდსი და სხვ.) ზემოქმედებით დაავადება აქტიურ ფორმაში გადადის.
”მთვლემარე” მიკომაქტერიების განადგურება წარმოადგენს ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელოვან მეთოდს. ტრადიციული ანტიბიოტიკები ძირითადად აქტიურად გაყოფად ბაქტერიებზე მოქმედებენ. დაავადების ლატენტური ფორმისთვის გამოიყენება მკურნალობის ხანგრძლივი (ნახევარ წლამდე) კურსი ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით, რამაც შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. მეცნიერთა აზრით, სწორედ ამიტომ, ტუბერკულოზის მკურნალობაში ახალი მიდგომების აღმოჩენა უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს.

http://www.eurekalert.org

2008.03.17