<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები პარკინსონიზმის წინააღმდეგ

იბუპროფენის, ნაპროქსენის და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) რეგულარული მოხმარება ამცირებს პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს, იტყობინება ჟურნალი Neurology.
ანჟელიკა ვახნერმა (Angelika D. Wahner) და მისმა კოლეგებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა 579 ადამიანის მონაწილეობით. ამ ადამიანების ნახევარს აღენიშნებოდა პარკინსონის დაავადების საწყისი სტადია. მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს ასპირინისა და სხვა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღების სიხშირესა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც ღებულობდნენ კვირაში აასპ-ის ორ ან მეტ აბს მინიმუმ ერთი თვის მანძილზე, ითვლებოდნენ რეგულარულ მომხმარებლად.
გაირკვა, რომ აასპ-ის (ასპირინის გარდა) რეგულარული მოხმარებისას პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი მცირდება 56%-ით, როგორც მამაკაცებში, ასე ქალებში. დაცვითი ეფექტი გრძელდება მკურნალობის დამთავრებიდან ორი წლის მანძილზე, ხოლო შემდეგ თანდათან მცირდება. მეცნიერების თქმით, ასპირინიც იწვევს დაავადების განვითარების რისკის შემცირებას 40%-ით, მხოლოდ ქალებში. ”ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ მამაკაცები ხშირად ღებულობენ ასპირინის მცირე დოზებს გულის დაავადებების გამო მაშინ, როდესაც ქალები ართრიტისა და თავის ტკივილის გამო იყენებენ ასპირინის უფრო მაღალ დოზებს”- ვარაუდობს ანჟელიკა ვახნერი.
პარკინსონის დაავადება ცნს-ის დოფამინური ნეირონების პროგრესირებადი დაზიანებით და დაღუპვით მიმდინარე ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა. მეცნიერების აზრით, დაღუპილი უჯრედების მოცილება ხდება იმუნური სისტემის საშუალებით და შესაძლოა ეს პროცესი თანხლებულია ანთების განვითარებით.
”ეს ანთებითი პროცესი ასე თუ ისე აზიანებს მოქმედ დოფამინმაპროდუცირებელ უჯრედებს და შესაძლოა იწვევს მათ დაღუპვას”- აღნიშნავენ კვლევის ავტორები. ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ იმუნური სისტემის გადაჭარბებული აქტივობის შემცირება და დაავადების განვითარების მანკიერი წრის გაწყვეტა.
მკვლევართა აზრით, საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება, რათა შეფასდეს რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის აასპ-ის დანიშვნის მიზანშეწონილობა და მოხდეს ოპტიმალური პრეპარატისა და მათი დოზირების დადგენა.

http://www.medportal.ru

2007.11.08