საქართველოს მთავრობის
დადგენილება N 47
2004 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების
დამტკიცების შესახებ
 
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "კ" ქვეპუნქტი ძალაში შედის საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ.
3.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი

ზურაბ ჟვანია
 
 
 
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
 
მუხლი # 1 - ზოგადი დებულებანი
მუხლი # 2 - სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები
მუხლი # 3 - სამინისტროს კომპეტენცია
მუხლი # 4 - სამინისტროს სისტემა
მუხლი # 5 - სამინისტროს ხელმძღვანელობა
მუხლი # 6 - მინისტრი
მუხლი # 7 - მინისტრის მოადგილეები
მუხლი # 8 - სამინისტროს თანამდებობის პირები
მუხლი # 9 - სამინისტროს სხვა მოხელეები
მუხლი # 10 - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი
მუხლი # 11 - სამინისტროს აპარატი
მუხლი # 12 - შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი # 13 - სოციალურ საკითხთა პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი # 14 - ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი # 15 - სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების პროგრამების კოორდინაციის სამმართველო
მუხლი # 16 - ფარმაციის პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი # 17 - სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი
მუხლი # 18 - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი # 19 - ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი
მუხლი # 20 - იურიდიული დეპარტამენტი
მუხლი # 21 - გენერალური ინსპექცია
მუხლი # 22 - საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი
მუხლი # 23 - ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტი
მუხლი # 24 - ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვის კონტროლის ბიურო
მუხლი # 25 - მინისტრის სათათბირო ორგანოები
მუხლი # 26 - სამინისტროს სიმბოლიკა
მუხლი # 27 - დასკვნითი დებულებანი
 
 
მუხლი # 1 - ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს მინდობილი სფეროს განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას, კოორდინაციას და კონტროლს უწევს მის განხორციელებს.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
4. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა), რომელიც რეგისტრირებულია დადგენილი წესით.
8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 0160, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი N 30.


მუხლი # 2 - სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები
1. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) მოსახლეობის შრომის, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და ამისათვის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში მათი კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით;
ბ) შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი დაცვის სფეროში:
ბ.ა) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება და წინადადებათა წარდგენა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში;
ბ.ბ) კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტის კოორდინაცია კანონით დადგენილი წესით;
ბ.გ) მეწარმეთა გაერთიანებებთან და პროფესიულ კავშირებთან ერთად სამმხრივ გენერალურ და დარგობრივ შეთანხმებათა დადების ორგანიზაციულ-მეთოდური აქტების შემუშავება და ამ შეთანხმებათა შესრულების მიმდინარეობის შემოწმება;
ბ.დ) შრომის პირობებიდან გამომდინარე, შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემის საკითხებზე პროექტებისა და წინადადებების მომზადება;
ბ.ე) გამოვლენილი დარღვევების აღსაკვეთად სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების სახდელების სფეროში, საჭიროების შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ წერილობითი წარდგინება სამართალდაცვის ორგანოებში;
ბ.ვ) შრომისა და შრომის დაცვის სფეროს მაკონტროლებელი ორგანოების კოორდინაცია;
გ) დასაქმების სფეროში:
გ.ა) დაინტერესებული სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მონაწილეობით დასაქმების ეროვნული და სხვა მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;
გ.ბ) დასაქმების სფეროს რეგულირება და კოორდინაცია;
გ.გ) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად პროფესიული ორიენტაციის, კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ერთობლივ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა;
გ.დ) შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება;
დ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:
დ.ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
დ.ბ) მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, კანონმდებლობით გარანტირებული კვალიფიციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების სახეების სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე;
დ.გ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების ერთიანი წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
დ.დ) სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება;
დ.ე) სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში;
დ.ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში პრიორიტეტულ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
დ.ზ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია;
დ.თ) ნებაყოფლობითი სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების რეგისტრაცია და ექსპერტიზა;
დ.ი) ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების შემუშავება და დამტკიცება, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელება და მისი ზედამხედველობა;
დ.კ) სამედიცინო განათლების, მედიცინის მეცნიერების განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნის ხელშეწყობა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
დ.ლ) სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის უზრუნველყოფა;
დ.მ) საქართველოში სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო დანიშნულების სხვა პროდუქციის წარმოების განვითარების პერსპექტიულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
დ.ნ) სამკურნალო საშუალებათა წარმოებისათვის ხელშეწყობა და მათი ინტეგრირება შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე;
დ.ო) საქართველოში მიმოქცევაში არსებული სამკურნალო საშუალებათა ხარისხის სისტემატური კონტროლი;
ე) სოციალური დაცვის სფეროში:
ე.ა) რეგიონების (ქალაქებისა და რაიონების) მიხედვით მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასება და მისი ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება, მოსახლეობის სოციალური დაცვის ტერიტორიული პროგრამების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება;
ე.ბ) მოსახლეობის ცხოვრების დონეზე დაკვირვების მიზნით განმაზოგადებელი სოციალური ნორმატივის - საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდიკის შემუშავება და მისი მუდმივი სრულყოფა;
ე.გ მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით მიზნობრივ-სოციალური დახმარების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავება;
ე.დ) სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი და გადახდისუნარიანი მოთხოვნის წარმოქმნისათვის საჭირო კომპენსაციების ზომის განსაზღვრა კანონით დადგენილი წესით;
ე.ე) მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებისა და პროგნოზების შედგენაშემუშავება და მათი განხორციელება;
ე.ვ) პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის სოციალური დახმარების გაწევის პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
ე.ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციის ღონისძიებათა განსახორციელებლად შესაბამის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი საქმიანობა;
ე.თ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრთა ან ბრძოლაში დაინვალიდებულთა, დაჭრილთა და დაავადებულთა, აგრეთვე ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციის, საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
ე.ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული სწავლებისა და შრომითი მოწყობის ღონისძიებათა შემუშავება და შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;
ე.კ) მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სახელმწიფო სოციალური და კერძო, ნებაყოფლობითი, აგრეთვე სავალდებულო დაზღვევის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ე.ლ) სახელმწიფო საოჯახო პოლიტიკის პრინციპებისა და მიზნების განსაზღვრა, კონკრეტული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა;
ე.მ) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სახელმწიფოს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მისი განხორციელებისათვის სახელმწიფო ცენტრალური და ტერიტორიული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ე.ნ) ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნა;
ე.ო) დემოგრაფიული საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე.პ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარება;
ე.ჟ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მონაწილეობა მმართველობის მინდობილ სფეროში.


მუხლი # 3 - სამინისტროს კომპეტენცია
თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი წესით მათი მიღება (გამოცემა);
ბ) კანონით დადგენილი წესით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სუბიექტების ლიცენზირება და სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიცირება;
გ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
დ) ფარმაცევტული საქმიანობისა და სამკურნალო საშუალებათა ხარისხის კონტროლი;
ე) სამკურნალო საშუალებათა სახელმწიფო რეგისტრაცია/ხელახალი რეგისტრაცია და სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
ვ) ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება;
ზ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა, ჰიგიენური ნორმირება, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება და კონტროლი;
თ) დაინტერესებულ სამინისტროებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა კომპლექსის განსაზღვრა;
ი) მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით, სახელმწიფოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, სოციალური დახმარების მინიმალური სახელმწიფო პაკეტის პროექტის მომზადება;
კ) დასაქმების პროგრამების შემუშავება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა წარმოებისა და სამედიცინო ტექნოლოგიათა გამოყენების ერთიანი სახელმწიფო ნორმებისა და წესების შემუშავება და მათი დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის ორგანიზება და მართვა;
მ) საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადებათა პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების შემუშავება და განხორციელების კონტროლი;
პ) ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ნორმატივების, შრომის დაცვის, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის, შრომის ანაზღაურებისა და შეღავათების კომპენსაციის გაცემის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ორგანიზება;
ჟ) მოსახლეობის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;
რ) საერთაშორისო საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების გაფორმება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ტ) საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს ქონა;
უ) ნორმატიული აქტების, სტატისტიკური ანგარიშების კრებულების, მეთოდური ბიულეტენებისა და სხვა ლიტერატურის გამოქვეყნება;
ფ) ყოველწლიური ცნობის წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის სამინისტროში შესულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შეთანხმება;
ღ) სამინისტროს ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება კანონმდებლობის შესაბამისად;
ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა;
შ) კანონით ან კანონის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.


მუხლი # 4 - სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში არიან:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომისა და დასაქმების სამინისტრო;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;
ვ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
ზ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.

2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არ არიან:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი;
ბ) სამხედრო-სამობილიზაციო დეპარტამენტი;
გ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექცია;
დ) წამლის სააგენტო; ე) შრომის ინსპექცია;
ვ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი;
ზ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.
3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრი; ბ) დასაქმების სახელმწიფო სამსახური;
გ) ექსპერიმენტული ნევროლოგიის ს/კ ცენტრი;
დ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;
ე) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;
ვ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი;
ზ) საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია;
თ) საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი;
ი) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი;
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია;
ლ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი;
მ) სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი.

4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) კახეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
ბ) ქვემო ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
გ) მცხეთა-მთიანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
დ) შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
ე) სამცხე-ჯავახეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
ვ) იმერეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
ზ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
თ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
ი) გურიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
მ) კოდორის ხეობის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველო.

5. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამინისტროს აპარატი;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;
გ) სოციალურ საკითხთა პოლიტიკის დეპარტამენტი;
დ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი;
ე) ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია;
თ) სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი;
ი) ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტი;
კ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ლ) ფარმაციის პოლიტიკის დეპარტამენტი;
მ) ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის პოლიტიკის დეპარტამენტი;
ნ) ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლის ბიურო;
ო) სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების პროგრამების კოორდინაციის სამმართველო.


მუხლი # 5 - სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით.


მუხლი # 6 - მინისტრი
1. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მისდამი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, ხოლო მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დასანიშნად ან გასათავისუფლებლად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში - მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ი) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
კ) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;
ლ) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულებას;
მ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოსილებებს;
ნ) ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;
ო) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
პ) გამოსცემს ბრძანებებს საქართველოს კანონის, პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
რ) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებსა და სერტიფიკატებს;
ს) უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები;
ტ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
უ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები მთავრობაში გადაწყვეტილებათა მისაღებად სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;
ფ) აბარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ქ) პასუხს აგებს სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად;
ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხებზე;
ყ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
შ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ამოცანებს. 2.მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.


მუხლი # 7 - მინისტრის მოადგილეები
1. მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.


მუხლი # 8 - სამინისტროს თანამდებობის პირები
1.სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა)სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ)სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ)საჯარო სამართლის იმ იურიდიული პირების ხელმძღვანელები, რომელთა საქმიანობას სამინისტრო უწევს სახელმწიფო კონტროლს.
2.სამინისტროს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.


მუხლი # 9 - სამინისტროს სხვა მოხელეები
1.სამინისტროს სხვა მოხელეები არიან:
ა)მინისტრის მრჩევლები;
ბ)მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები;
გ)მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) მდივან-სპეციალისტები;
დ)სამინისტროს სპეციალისტები.
2.მინისტრის მრჩევლებს, თანაშემწეებსა და მდივან-სპეციალისტებს, აგრეთვე სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ-დებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონით დადგენილი წესით. 3.მინისტრის მოადგილის თანაშემწესა და მდივან-სპეციალისტს მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
4.სამინისტროს მრჩევლებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.


მუხლი # 10 - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი
1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს არა აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;
5. დეპარტამენტი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად, სხვა სტრუქტურულ ერთეულებად. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.


მუხლი # 11 - სამინისტროს აპარატი
სამინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) საქმისწარმოების ორგანიზება;
გ) მინისტრის, მინისტრთან შექმნილი კომისიების, მინისტრის საბჭოს, მინისტრის თათბირების ორგანიზება, მიღებულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი;
დ) მინისტრის მიერ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დაკისრებული კონკრეტული საგანგებო დავალებების შესრულება;
ე) მოსახლეობაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; მოქალაქეთა მიღება, შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
ზ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად;
თ) საკადრო საკითხთა გადაწყვეტის შესახებ წინადადებების შემუშავება, კადრების აღრიცხვა, დარგის მუშაკთა გადამზადება, სპეციალიზებული კადრების შრომითი მოწყობის ორგანიზება;
ი) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვითარება.


მუხლი # 12 - შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი
1. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა)საქართველოს შრომითი რესურსების აღრიცხვა და პროგნოზირება, მათი დასაქმების სტრუქტურის შესწავლა და ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად საჭირო რეკომენ-დაციებისა და წინადადებების, დასაქმების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ)დასაქმების ტერიტორიული და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისათვის უმთავრესი კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების მომზადება, აგრეთვე შრომითი ურთიერთობებისა და შრომის ანაზღაურების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და მათი რეალიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების მომზადება;
გ)სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივების შემუშავების ორგანიზება.
2. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შრომით დავებთან დაკავშირებით მონაწილეობს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფაში, აანალიზებს შრომითი დავების წარმოქმნის მიზეზებსა და პირობებს, ამზადებს წინადადებებს მათ აღმოსაფხვრელად.


მუხლი # 13 - სოციალურ საკითხთა პოლიტიკის დეპარტამენტი
სოციალურ საკითხთა პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მოქალაქეთა სოციალური დაცვის, ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სოციალური დაცვის ბადეების ალტერნატიული ვარიანტების შემუშავება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ბ) მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მექანიზმების შემუშავება;
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი.


მუხლი # 14 - ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სათანადო მონაცემების მოპოვების ტექნოლოგიური ჯაჭვის ფორმირება, მიღებული მონაცემების ანალიზი და მის საფუძველზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ალტერნატივების ფორმულირება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ბ) მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შესაბამისად ღონისძიებების, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი ეფექტიანობის პერმანენტული ანალიზი;
გ) სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;
დ) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღსრულების მექანიზმების ჩამოყალიბება;
ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა.


მუხლი # 15 - სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების პროგრამების კოორდინაციის სამმართველო
სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) მოსახლეობის სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამების, აგრეთვე სხვა უწყებრივი და ტერიტორიული არასახელმწიფო პროგრამების კოორდინაცია და შეთანხმება;
ბ) სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისათვის საჭირო უმთავრესი კრიტერიუმების, პრიორიტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების, დაგეგმვის, ინსპექტირებისა და ანგარიშგების ორგანიზება; დ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.


მუხლი # 16 - ფარმაციის პოლიტიკის დეპარტამენტი
ფარმაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; ფარმაცევტული საქმიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირების კოორდინაცია; ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში.


მუხლი # 17 - სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი
სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
შრომის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური და სამედიცინო სახელმწიფო სტანდარტების, კანონმდებლობით გათვალისწინებული სამედიცინო საქმიანობის ნებართვების (ლიცენზიები) გაცემისათვის საჭირო საორგანიზაციო სამუშაოების შესრულება; შესაბამისი ნორმატიული, მეთოდური და საინსტრუქციო დოკუმენტების შემუშავება.


მუხლი # 18 - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის პოლიტიკის დეპარტამენტი
ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ქვეყანაში ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის კლასიკურ მედიცინასთან ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება; ადგილობრივი ტრადიციული, ჰერბალური სამკურნალო რესურსების მოხმარების შესახებ შესაბამისი მეთოდური და ინსტრუქციული წინადადებებისა და პროექტების შემუშავება.


მუხლი # 19 - ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სისტემის დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვის, განმტკიცებისა და განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების საპროექტო დამუშავების, წარმოების, ექსპლუატაციისა და შეკეთების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება;
ბ) სამედიცინო ტექნოლოგიების თანამედროვე პროგრამების შემუშავება და დანერგვა;
გ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა დაგეგმარების, ოპტიმიზაციისა და რეაბილიტაციის სამუშაოთა მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შედგენა, სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.


მუხლი # 20 - იურიდიული დეპარტამენტი
1. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი სისტემატიზაცია;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია, სასამართლო ორგანოებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა.
2.იურიდიული დეპარტამენტი პასუხისმგებელია "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" გათვალისწინებული საჯარო რეესტრის წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.


მუხლი # 21 - გენერალური ინსპექცია
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების საჯარო მოხელეთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების თანამდებობის პირთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, კორუფციული სამართალდარღვევების ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, მათი ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი წინადადებების შემუშავება და განსახილველად მინისტრისათვის წარდგენა.


მუხლი # 22 - საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი
საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირთადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებისა და სისტემის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების დასაფინანსებლად ფულადი სახსრების გადანაწილების დაგეგმვა;
ბ) სამინისტროს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამუშაოების საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ბალანსის მიღება, შედგენა და სათანადო ორგანოებში წარდგენის ორგანიზება;
გ) ფინანსური რეზერვების გამოვლენა და მათი მობილიზება;
დ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროსადმი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინასო საქმიანობის ანალიზი;
ე) სამინისტროს სისტემაში ხარჯებთან დაკავშირებული ოპერაციების აუდიტის განხორციელების პროცედურის ორგანიზება.


მუხლი # 23 - ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტი
ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევის მიმართულებების განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში მომუშავე მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ორგანიზება;
ბ) სისტემაში განათლების კუთხით მიმდინარე პროცესების კვლევა და შეფასება და მისი შემდგომი განვითარების მიმართულებები.


მუხლი # 24 - ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვის კონტროლის ბიურო
ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლის ბიუროს ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის ზედამხედველობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შესაბამისი კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ იმ მოთხოვ-ნათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან;
გ) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, რომლებიც შეეხება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესებს;
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, ნივთიერებებისა და პრეპარატების ლეგალური ბრუნვის საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ვ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა იმ სამკურნალო, ფარმაცევტული, სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო და ვეტერინარიული დაწესებულების დაკავშირებული არიან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან;
ზ) დოკუმენტაციის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემის თაობაზე.


მუხლი # 25 - მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში - სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ის უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს.
3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში-თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანების შესრულების ვადები და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მისი შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას მოსამსახურის დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს.


მუხლი # 26 - სამინისტროს სიმბოლიკა
1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 37 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა: "საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო".
2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შენობის შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.


მუხლი # 27 - დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობს შესაბამისად.