პროფილაქტიკის შესახებ

 

პროფილაქტიკა (პრევენცია) - მედიცინის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გულისხმობს დაავადების, ტრავმისა და ინვალიდობის განვითარების რისკის შემცირებას, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიურ და სამედიცინო ამოცანას. განასხვავებენ ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ პრევენციას. ჯანდაცვის ეს მიმართულება მოიცავს სამედიცინო, სანიტარულ-ტექნიკურ, ჰიგიენურ და სოციალურ-ეკომომიკურ ღონისძიებებს.

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაავადებათა რისკ-ფაქტორებისა  და უკვე გამოხატული პათოლოგიის არსებობის მიხედვით განასხვავებენ პრევენციის სამ სახეს:

პირველადი პროფილაქტიკა - ეს არის დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირების (ვაქცინაცია, შრომისა და დასვენების რაციონალური რეჟიმი, ხარისხიანი საკვებით რაციონალური კვება, ფიზიკური აქტივობა, გარემის გაჯანსაღება და სხვ.)  სისტემა.

 მეორადი პროფილაქტიკა - ეს არის იმ გამოხატულ რისკ-ფაქტორთა თავიდან აცილების ღონისძიებათა სისტემა, რომლებსაც განსაზღვრულ პირობებში (იმუნური სტატუსის დაქვეითება, გადაღლა, დეზადაპტაცია) შეუძლიათ დაავადების გამოწვევა, გამწვავება ან რეციდივი. ამის მაგალითებია - სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოს ან ჰიპერტენზიის გამოსავლენად, დისპანსერიზაცია, როგორც დაავადების გამოვლინების კომპლექსური მეთოდი, დინამიური დაკვირვება, მიზანმიმართული მკურნალობა, რაციონალური თანმიმდევრული გაჯანსაღების პროცესი.

 მესამეული პროფილაქტიკა - ეს არის ჩამოყალიბებული დაავადების კონტროლის, მართვისა და ავადმყოფთა სარეაბილიტაციო ღონისძიებათა სისტემა ინვალიდობისა და შრომისუუნარობის თავიდან ასაცილებლად. იგი გულისხმობს სოციალურ, შრომით, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო რეაბილიტაციას.

 

გახსოვდეთ!

პრევენციულ ღონისძიებათა სისტემის ეფექტიანობა დასაბუთებული უნდა იყოს მეცნიერული მტკიცებებით