ექიმები მოსახლეობას ნაწლავური ინფექციების თავიდან ასაცილებლად, საკვები პროდუქტების კარგად გარეცხვას, თერმულად დამუშავებას და შესაბამის პირობებში შენახვას ურჩევენ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ინფექციური დაავადებების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, ზაფხულის პერიოდი მიკრობების გავრცელების ყველაზე ხელსაყრელი პირობებია, რის გამოც მომხმარებლებმა პირადი ჰიგიენის გარდა, საკვები პროდუქტებიც შესაბამისი პირობებით უნდა დაამუშავონ და შეინახონ.
ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში სასურველია, ადამიანებმა კრემიანი ნამცხვრები არ მიიღონ საკვებად. ცხელ სეზონზე საერთოდ არ შიძლება შებოლილი პროდუქციის საკვებად მიღება.
ექიმი-ინფექციონისტების განცხდებით, მოქალაქეებმა თავი რომ აარიდონ ნაწლავური ინფექციებით დაავადებას, საკვები პროდუქტები, მათ შორის რძის ნაწარმი, მაიონეზი, შოკოლადი, კვერცხი, სოსისი და ძეხვეული ღია დახლებიდან არ უნდა შეიძინონ., რომელიც ბაზრობებსა და ღია სავაჭრო ფარდულებში უხვადაა წარმოდგენილი.
ზაფხულის პერიოდში ყველა პროდუქტი დახლმაცივრებში უნდა ინახებოდეს და შეძენის შემდეგ ის კარგად გაირეცხოს, თუ საჭიროა თერმულად დამუშავდეს და გამოყენებამდე მაცივარში იქნას შენახული.
ასევე, მნიშვნელოვანია მწვანილეულისა და ბაღჩეულის გამდინარე წყალში კარგად გარეცხვა, რათა მომხმარებელმა თავიდან აიცილოს ისეთი ინფექციური დაავადებები, რომელიც მწვანილზე შესაძლოა მორწყვის შედეგად, ცხოველების ფეკალიებით, დაბინძურებული წყლის საშუალებით მოხვდეს.
ასევე, დაუშვებელია, რეზერვუარებში ნადგომი წყლის სასმელად გამოყენება, რომელიც ნაწლავური ინფექციების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.