ლეიშმანიოზით დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ამ დიაგნოზით 17 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ყველაზე პატარა 1 წლის და 2 თვისაა. პატარა მარიამი პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში 2 დღის წინ მიყვანეს. ფიზიკური სისუსტე, უმადობა, ტემპერატურის მატება დღეში სამჯერ, წონაში სწრაფი კლება, ეს ის ნიშნებია, რომელიც ბავშვს აღენიშნებოდა. ოჯახის წევრებმა არ იციან, დაავადება რამ გამოიწვია. მარიამს სახლში ერთ კვირაში წაიყვანენ. ინტენსიური მკურნალობა კი ერთი წლის განმავლობაში ჩაუტარდება.
ექიმები ამ სტატისტიკაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, თუმცა მოსახლეობას საღამოს საათებში პარკების, სკვერებისა და ტბების მიმდებარე ტერიტორიაზე გასვლას არ ურჩევენ.
"ეპიდემია არ არის, მხოლოდ შემთხვევათა რიცხვია რამდენიმე ერთეულით მომატებული შარშანდელთან შედარებით, რაც არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ეპიდემიასთან," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე მიშა ცანავა.
დაავადების გავრცელების ძირითად წყაროს შინაური ცხოველები და მცირე ზომის მფრინავი მწერი ფლებოტომუსი წარმოადგენს.
http://www.rustavi2.com.ge
2007.07.03