შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკულ კამპანიას – "არა ბიონარკოტიკს" საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი შეუერთდა.
შსს-ს ცნობით, უნივერსიტეტში ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო ტრენინგპროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ინიციატივით, საჯარო სკოლების ფსიქოლოგებს ჩაუტარდებათ ნარკომანიის და ანტისოციალური ქცევის პრევენციის სპეციალური ტრენინგები. უნივერსიტეტის პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა ტრენინგებისთვის სახელმძღვანელოები შექმნეს.
"აღნიშნული ლიტერატურა ხელს შეუწყობს პედაგოგებს, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მოსწავლეებს ნარკომანიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების და მათი პრევენციის შესახებ", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, პრეზენტაციას შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე და ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე დაესწრნენ. სოფო კილაძემ "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" კანონზე ისაუბრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა და 1-ელი მაისიდან შევიდა ძალაში.
შსს-ში განმარტავენ, რომ კანონის თანახმად, აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება. ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის ე.წ. ბიონარკოტიკები და დამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.