logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბრძოლა სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ - ცვლილებები და რისკები

ფსიქოტროპულ და ფსიქოაქტიურ მედიკამენტებზე, რომლებისგანაც საქართველოში ხშირად ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებენ, კონტროლი მკაცრდება.

კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი საშულებების ექსპორტ-იმპორტზე კვოტა დაწესდება, ხოლო მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის აფთიაქსაც და მომხმარებელსაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაემუქრებათ.

ამ დროისათვის უცნობია, როგორი კვოტა იქნება დაწესებული ზემოხსენებული მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტზე, კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ეს საქართველოს წლიური მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდება და რაოდენობა დიდი ალბათობით, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგინდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი, დავით მაჭარაშვილი ამბობს, რომ ცვლილება აუცილებელი იყო, რადგან დღეს ქვეყანაში აქტიურად გამოიყენებენ სამკურნალო პრეპარატებს კუსტარული ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებლად.

კერძოდ, კოდეინის შემცველი პრეპარატებისგან კუსტარულად მზადდება დეზომორფინი ე.წ. კრაკადილი. ფსევდოეფედრინისა და ეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატებისგან კი მზადდება არხიტამინები - ლინკი და ჯეფი, რომლებიც ასევე გავრცელებული ნარკოტიკებია.

”სამწუხაროა, მაგრამ ამ ნარკოტიკებს საქართველოში დიდი რაოდენობით მომხმარებელი ჰყავს. ვეცადეთ კანონმდებლობის ადმინისტრაციული კუთხით გამკაცრებას. გასული წლის ზაფხულში გავაორმაგეთ ადმინისტრაციული სახდელები ურეცეპტოდ გაცემაზე პირველ ჯერზე 3000 ლარის ნაცვლად დაწესდა 6000 ლარი. განმეორებით შემთხვევაში 6000 ლარის ნაცვლად 12000 ლარი, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. გამომდინარე აქედან, კანონის უფრო გამკაცრების საკითხი დადგა. ამ ტიპის დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც ჩანს, აფთიაქებისათვის აღნიშნული მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავალი იმდენად მაღალი იყო, რომ მათ ერჩივნათ ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით წელიწადში რამდენჯერმე გადაეხადათ და საქმიანობა კვლავ განეგრძოთ.

რაც შეეხება, იმპორტის კვოტის დაწესებას, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლების სტატისტიკამ კატასტროფული მონაცემები აჩვენა. ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ ერთობლივი ინსპექტირების შედეგად 2013 წლის 16 ოქტომბრიდან პირველ დეკემბრამდე შემოწმებული 27 აფთიაქიდან მიღებულ ნაშთებსა და რეცეპტებით გაცემულ წამლებს შორის შედარებამ აჩვენა, რომ კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების 99.99% ურეცეპტოდაა გაცემული. სიცხადისათვის, სულ, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 15 მილიონი ტაბლეტი კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი შემოვიდა.

„არსებული კანონმდებლობით ნივთიერებებს, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლის მარეგულირებელ ორგანოს, იმპორტიორს რამდენიც უნდა იმდენს შემოიტანს. ჩვენს მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლეგალური გზით შემოტანილი სამკურნალო საშუალებები გაედინებოდა არალეგალურ არხებში. აქედან გამომდინარე, კვოტის დაწესება და ქვეყნის რეალური საჭიროებების დადგენა საშუალებას მოგვცემს ზედმეტი რაოდენობით არ შემოვიდეს ეს პრეპარატები და არ მოხდეს მათი არალეგალურ არხებში გადინება,” - ამბობს მაჭარაშვილი.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები: აცეტილჰიდროკოდეინი, დიჰიდროკოდეინი, კოდეინი, ნოკოდიკოდინი, ნიკოკოდინი, ნორკოდეინი, ფოლკოდინი და ეთილმორფინი - ნარკოტიკული საშუალებების მეორე ნუსხაში გადადის. შესაბამისად, მათი რეცეპტის გარეშე რეალიზაცია აფთიაქისთვის (როგორც იურიდიული პირის, ასევე მის უკან მდგომი ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის გამყიდველისთვისაც) სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

გასულ კვირას დაავადებათა კონტროლის ცენტრში აფთიაქებისა და კლინიკების წარმომადგენლებს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები და მედიკამენტების ჯგუფებს შორის ახლებური გადანაწილების შედეგად რეცეპტების შეცვლილი წესით გაცემის საკითხი გააცნეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული შენიშვნები არ გამოთქმულა. კითხვები ძირითადად რეცეპტის გაცემის წესებს შეეხო.

აფთიაქების წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია იმ ინიციატივამ, რომ მათ იმ რეცეპტის დასკანერება ან დაქსეროქსება მოუწევთ, რომლის საფუძველზეც კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველ მედიკამენტებს გასცემენ მომხმარებელზე. კლინიკების წარმომადგენლები კი დაინტერესდნენ, რა ეღირება სპეციალური რეცეპტის ბლანკი, რადგან მათი თქმით, ექიმებს საკმაოდ ხშირად უწევთ ზემოხსენებული მედიკამენტების გამოწერა. მათ პასუხად განუცხადეს, რომ თითო რეცეპტის ბლანკი 1-დან 2 თეთრამდე ეღირება.

”გამოვითვალეთ და მილიონი ცალი რეცეპტის ბლანკი დაგიჯდებათ, სადღაც 15 ათას ლარამდე. პირველ ეტაპზე ეს ბლანკები უფასოდ გადმოგეცემათ, ხოლო მოგვიანებით უკვე ფასიანი გახდება. თუმცა, სოფლის ექიმებისათვის უფასო დარჩება,” - განუცხადეს კლინიკების წარმომადგენლებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

შეხვედრას სპეციალიზებული, ფსიქოტროპული აფთიაქების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ BPN-თან საუბარში აღნიშნეს, რომ ცვლილებების შედეგად კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველ მედიკამენტებზე გაყიდვების მნიშვნელოვან შემცირებას ელიან. კერძოდ, მათი ვარაუდით, გაყიდვების მაჩვენებელი მინიმუმ 50%-ით შემცირდება.

რეცეპტის ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო აფთიაქები კომენტარისგან თავს იკავებენ. “ავერსში” განაცხადეს, რომ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.

BPN-ი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია დღეისათვის კოდეინისა და ეფერდრინის შემცველი კომბინირებული მედიკამენტების შეძენა. აღმოჩნდა, რომ პსპ-ს და ავერსის ქსელში ასეთი ტიპის მედიკამენტები არ აქვთ და ამ პრეპარატების შესაძენად ფსიქოტროპულ აფთიაქებში გადაგვამისამართეს. ფსიქოტროპულ აფთიაქებში კი გვითხრეს, რომ მედიკამენტების შეძენა მხოლოდ რეცეპტით შეგვიძლია. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შემოწმებულ სამ ფსიქოტროპულ აფთიაქში განგვიცხადეს - კოდეინის შემცველი მედიკამენტები ფიზიკურად არ აქვთ.

იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ კანონის მიღებას -გამოიწვევს თუ არა კვოტირების სისტემა კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასების ზრდას და როგორ შეიძლება გადანაწილდეს არსებული კვოტა იმპორტიორ კომპანიებზე, ან რამდენად არსებობს მკაცრი რეგულაციის შემოღებით არალეგალური ბაზრის გაჩენის საფრთხე, ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მსგავსი საფრთხეები ფაქტიურად არ არსებობს.

„ფასი არანაირად არ გაიზრდება კვოტის დაწესებით. დიდი რაოდენობით არალეგალურ არხებში გადინების გამო გვაქვს ამ მასშტაბის მიმოქცევა. სინამდვილეში, რეალური პაციენტები ძალიან მცირეა. როგორც ჩატარებულმა ღონისძიებებმა გვიჩვენა, რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტების მხოლოდ 0.01% გაიცა,“- ამბობს დავით მაჭარაშვილი.

საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" დირექტორი გიორგი გოცაძე მიიჩნევს, რომ კანონის აღსრულების ეფექტიანობაზე იქნება დამოკიდებული შესაძლო საფრთხეებთან გამკლავება. მისი თქმით, საზოგადოებრივი პრობლემის სასწორზე დევს, რა უფრო მნიშვნელოვნია, ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობა, რომ მათ ადვილად ხელი არ მიუწვდებოდეთ სააფთიაქო ნარკომანიასთან, თუ ამ შეზღუდვების გამო ოდნავ უფრო გაძვირებული წამალი.

”ნარკოტიკული საშუალებები დიდი ხანია ექვემდებარება კვოტებს და ძალიან მკაცრ რეგულაციას, როგორც საქართველოში, ისე ბევრ სხვა ქვეყნებში. მორფიუმი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ანალოგიური რეგულაციებითაა შემოტანილი და დღევანდელ სააფთიაქო ბაზარზე ერთ-ერთი უიაფესი მედიკამენტებია. შიში გაძვირებასთან დაკავშირებით მგონი ძალიან გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ მომხმარებელი დაზარალდება, მაგრამ ამ საფრთხის მინიმიზაცია ძალიან ადვილია თუ ნორმალურად დავითვლით, რა მოცულობით შემოდიოდა წინა წლებში და შესაბამის კვოტას დავაწესებთ, ქვეყანაში არსებული საჭირო მოხმარების მიხედვით,“ - ამბობს გოცაძე.

ამ ტიპის რეგულაციების შემოღების ეფექტიანობაში ეჭვი შეაქვს ეკონომიკის ექსპერტს, გიორგი აბაშიშვილს. ის მიიჩნევს, რომ ამ პროდუქციის კვოტირება და შემოტანის შეზღუდვა საბოლოო ჯამში, ოფიციალურ ქსელში ფასის ზრდას გამოიწვევს. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ ასეთ კონტროლს ყოველთვის მოყვება არალეგალური ვაჭრობა, ამ საქმიანობის ჩრდილში გადასვლა, რადგან ადამიანები, ვინც ასეთი ტიპის პრეპარატების მომხმარებლები არიან, მაინც ახერხებენ მათ ყიდვას.

„კვოტირება ყოველთვის პრობლემაა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვინ აიღებს ამ კვოტას და იქნება თუ არა ეს თანაბრად გადანაწილებული დღეს არსებული საბაზრო წილების გათვალისწინებით? ეს საკითხი ბუნდოვანია და ამ მხრივაც საჭიროა უფრო მეტი ფიქრი,” - ამბობს აბაშიშვილი.

იმის შესახებ თუ რა მექანიზმით მოხდება კვოტის გადანაწილება იმპორტიორებს შორის დაზუსტებული პასუხი არ აქვთ ჯანდაცვის სამინისტროში, თუმცა ირწმუნებიან, რომ ცვლილებები ბაზარზე კონკურენციას ხელს არ შეუშლის.

"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და პირველი მოსმენით განხილვისას საკანონმდებლო ორგანოს ერთსულოვანი მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.

გიორგი მუშკუდიანი

http://bpn.ge

2014.02.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006