სახელმწიფოს მიერ დაწყებული მონიტორინგის შედეგად საკეისრო კვეთების რაოდენობა 60%–დან 30%–მდე შემცირდა – ამ განცხადებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აკეთებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და საკეისრო კვეთების პროტოკოლი დამტკიცდა, საკეისრო კვეთების წილი მშობიარობებს შორის 60%–დან 30%–მდე ჩამოვიდა და გარკვეული ხარისხის კონტროლის ჩარჩოებში მოექცა.
მინისტრი აბორტების თემასაც ეხება და აცხადებს, რომ 15 იანვარს, დედათა და ბავშვთა საბჭოში ამ თემაზე ბოლო შეხვედრა გაიმართა, სადაც ნედლი დოკუმენტი მომზადდა და უახლოეს პერიოდში დოკუმენტი აღნიშნულ საკითხსაც დაარეგულირებს.
,,მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, პირობითად ორი თვეში, უკვე იქნება დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს ამ თემას,“ – აცხადებს სერგეენკო.
შეგახსენებთ: სექტემბერში დამტკიცდა საკეისრო კვეთის ეროვნული პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს, რა სამედიცინო ჩვენებების დროს უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა. აღნიშნული რეგულაციების შესრულება სამედიცინო სახლებისთვის სავალდებულო გახდა. სერგეენკო მაშინ აცხადებდა, რომ საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ ზღვარზეა და სამინისტროს ქმედებებიც სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრისკენაა მიმართული.
საუბრები იყო იმის შესახებ, რომ კლინიკები, კომერციული თვალსაზრისით, დაინტერესებულნი იყვნენ საკეისრო კვეთებით და ასეთი მაღალი სტატისტიკაც ამ ინტერესს უკავშირდებოდა.