ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გადაუდებელ მედიცინის სამსახურს ხვალ სასწრაფო დახმარების ხუთი მეორადი მანქანა გადაეცემა.
როგორც იაპონიის საელჩოდან იტყობინებიან, სასწრაფო დახმარების მანქანების გადაცემის ცერემონია იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი “გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის” ფარგლებში მოხდება.
ცერემონიას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და პროექტან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტის საგრანტო კონტრაქტს იაპონიის საელჩოსა და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის 2009 წლის 18 სექტემბერს მოეწერა ხელი.
ავტომანქანები სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფენ. პროექტის ღირებულებაა 80 735 აშშ დოლარს შეადგენს.
საელჩოს ინფორმაციით, “გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამა” 1998 წელს დაიწყო. დღეისთვის საქართველოში 6,987,354 აშშ დოლარის ღირებულების 94 პროექტია დაფინანსებული. სულ იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში საქართველოსთვის გამოიყო 337,6 მილიონი აშშ დოლარი ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის სექტორი, სოციალური სექტორი, კულტურული სფერო და ადამიანთა რესურსების განვითარება.
http://www.interpressnews.ge
2010.03.09