საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნულ ფორუმში, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტისა და ევროკავშირისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ თანადაფინანსებული პროექტის - «ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა - ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში» (RHIYC) ინიციატივით. ფორუმი წარმოადგენდა საპარლამენტო და მულტისექტორულ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ამ სფეროს პროფესიონალები. ძირითადი განსახილველი საკითხები მოიცავდა:
გაეროს მოსახლეობის ფონდის როლი და გეგმები საქართველოში «ათასწლეულის განვითარების მიზნების” განხორციელებაში
მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა: შედეგები, დასკვნები, რეკომენდაციები
ჰარმონიული და ჯანსაღი აღზრდის ეროვნული კონცეფცია და კურიკულუმი – ძირითადი მიმართულებები და დანერგვის სტრატეგია
პროექტის შედეგების მდგრადობა, პრიორირეტები და პარტნიორობის ასპექტები
ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: საკანონმდებლო გარემო, პოლიტიკა და ამოცანები
ფორუმი გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და UNFPA-ს პარტნიორობისა და საქართველოში ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში შეტანილი წვლილისათვის. აღნიშნა, რომ სწორედ UNFPA-ს პროექტებმა და საგანმანათლებლო ცენტრებმა შეუწყო ხელი ათასწლეულის მიზნების (MDG) იმპლემენტაციას საქართველოში, ისაუბრა RHIYC-ის პროექტის მნიშვნელობაზე, იმ ნაყოფიერ და ეფექტურ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ამ ორგანიზაციასთან, შეაფასა მათი ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგები და აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოში თითქმის არანაირი დოკუმენტი არ არსებობდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკის შესახებ, დღეს კი საქართველო ერთ-ერთ ლიდერად ითვლება ამ სფეროში აღებული პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების კუთხით, რაც განპირობებულია მყარი ინსტიტუციური მექანიზმების არსებობით.
გიორგი წერეთელმა საკუთარ პრეზენტაციაში ვრცლად ისაუბრა ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, დასახულ ამოცანებზე, საკანონმდებლო გარემოსა და პოლიტიკაზე, პრობლემების გადაჭრაზე საქართველოში არსებული სიტუაციისა და გარემოებების გათვალისწინებით და ისეთი ქმედებების განხორციელებით, როგორიცაა:
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკანონმდებლო უზრუნველყოფა და მისი ჰარმონიზაცია შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან;
«ჰარმონიული და ჯანსაღი აღზრდის ეროვნული კონცეფციისა” და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტრატეგიის დანერგვის მხარდაჭერა;
ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიანი მომსახურებისადმი ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში გაცილებით ეფექტურად და საბოლოოდ იქნება გადაჭრილი ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემები.
http://parliament.ge
2009.07.09