ნარკომანიით დაავადებული პირი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ერთმნიშვნელოვნად სამედიცინო სუბიექტად არ მიიჩნევა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნის ნარკოპოლიტიკა მიზნად ისახავდა ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას და ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევათა რიცხვის შემცირებას. მიუხედავად ამისა, როგორც პრევენციულმა, ასევე სამართლებრივმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო - ნარკომანიით დაავადებულ პირთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დაავადებული პირი სამართლებრივი დევნის ობიექტი ხდება, იქნება ეს ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით. ფსიქოაქტიური საშუალებების მიღების ფაქტის დადგენის მიზნით მათ უტარდებათ ნარკოლოგიური ექსპერტიზა – კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევა.
ყველა აღნიშნულ შემთხვევაში როგორც დაავადებული პირები, ასევე მათი ოჯახის წევრები მოკლებულნი არიან სრულფასოვან კანონით მინიჭებულ დაცვის უფლებას. ოჯახის წევრები არ არიან სრულად ინფორმირებულები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ნარკომანიით დაავადებული პირის ოჯახის მდგომარეობას ამძიმებს არაკვალიფიციური და ხშირ შემთხვევაში, არაკეთილსინდისიერი მომსახურება დაცვის (ადვოკატის) მხრიდან.
პრობლემის მიზეზების გათვალისწინებით სოციალური მედიცინის ცენტრი პრობლემით დაინტერესებულ პირებისთვის შეიმუშავა ნარკომანიით დაავადებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი პატრონაჟის პაკეტი. იგი ითვალისწინებს ერთის მხრივ, მოქმედ კანონმდებლობასთან და დაავადებულ პირთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო - საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე საადვოკატო მომსახურებას სამართლებრივი დავების შემთხვევაში.
საკონტაქტო პირი: მარიამ ჩიქვილაძე
ტელ. 895 495129, 871 225059
სოციალური მედიცინის ცენტრი
2009.07.02