რას ნიშნავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ?



სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა (სგგი) რიცხვს მიეკუთვნება ისეთი ინფექციები, რომელთა გადაცემა ხდება უპირატესად სქესობრივი კონტაქტით. ამჟამად ცნობილია 30-ზე მეტი სგგი. მათ შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ათაშანგი (სიფილისი), გონორეა, ჰერპესი, B და C ჰეპატიტი და შიდსი.

 

 

 

როგორი ხდება სგგდ-თა გავრცელება?



 დაინფიცირება შესაძლებელია ნებისმიერი გზით (ვაგინალური, ანალური, ორალური) განხორციელებული სქესობრივი აქტის დროს და ხანდახან აქტის გარეშეც – სასქესო ორგანოების შეხებითაც კი, განურჩევლად პატრნიორისა (როგორც შემთხვევით პარტნიორთან, ასევე ცოლქმრული ურთიერთობის დროს) და იმისა, სქესობრივი აქტი განხორციელდა ერთჯერადად, თუ მრავალჯერადად. ასე რომ, სქესობრივი ცხოვრების მქონე ნებისმიერი პირი დგას სგგდ-ით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

არსებობს ზოგიერთი სგგდ-ის გავრცელების სხვა გზებიც: მაგ. შიდსით, აგრეთვე  B და C ჰეპატიტით დაინფიცირება შესაძლებელია დაავადებული პირის სისხლთან კონტაქტის გზით - ნახმარი შპრიცების ან ნემსების გამოყენებისას ან სისხლის გადასხმის შედეგად. ხოლო ათაშანგისა (სიფილისი) და ჰერპესის გადაცემა ზოგჯერ კოცნითაც არის შესაძლებელი.

სგგდ (შიდსის ჩათვლით) არ გადაიცემა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შემთხვევითი კონტაქტებით, მაგ. შეხებით, ხელის ჩამორთმევით, სახელურებზე ხელის მოკიდებით, საერთო აბანოსა და საცურაო აუზის, ან საერთო ჭურჭლისა და საკვების გამოყენებით.

 

 

 

როგორია სგგი-ს ნიშნები?

 

სგგი-ს ნიშნები განსხვავებულია და სხვადასხვაგვარად ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. თუ თქვენ ან თქვენი სქესობრივი პარტნიორი რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანს შენიშნავთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს.

 

ქალებში ინფექციის უხშირესი ნიშნებია:

 

·        უჩვეულო გამონადენი საშოდან,  ან ცუდი სუნი;

·        ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;

·        წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;

·        ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;

·        ტკივილი მუცლის ქვემო არეში.

 

მამაკაცებში ინფექციის უხშირესი ნიშნებია:

 

·        ტკივილი ან წვა მოშარდვისას;

·        სასქესო ასოდან თეთრი ან მოყვითალო გამონადენი;

·        წყლულები, ბუშტუკები, სხვა გამონაყარი ან კანის სხვა ცვლილებები სასქესო ასოზე, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.   

 

სგგი ზოგჯერ გამოვლინდება სხვა ინფექციების მსგავსი ზოგადი სიმპტომებით, როგორიცაა საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ღებინება, ნაწლავთა აშლილობა და მადის დაკარგვა.

სგგი ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალებში. თუ თქვენს პარტნიორს სგგი აქვს, თავადაც შეიძლება დაინფიცირებული იყოთ, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დაავადების ნიშნები.

შიდსის ვირუსით დაინფიცირებისას დაავადების ნიშნები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გამოვლინდეს!

 

 

 

როგორ მოვიქცეთ სგგდ-ის ნიშნების აღმოჩენისას?

 

თუ თქვენ ან თქვენი სქესობრივი პარტნიორი შენიშნავთ სგგდ-ის რომელიმე ნიშანს ანუ თუ დაეჭვდით, რომ გაქვთ სგგდ, მაშინვე მიიღეთ ზომები:

 

  1. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და დროულად დაიწყეთ მკურნალობა, ვინაიდან სგგდ-ების უმრავლესობა ადვილად ემორჩილება დროულად დაწყებულ და სწორად წარმართულ მკურნალობას. კვალიფიციური ექიმი ჩაგიტარებთ გამოკვლევებს კონკრეტული ინფექციის დადგენისა და შესატყვისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით. მნიშვნელოვანია არამარტო სწორი მკურნალობის შერჩევა, არამედ მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა;
  2. არ დაუშვათ ინფექციის გავრცელება, არ იქონიოთ სქესობრივი კავშირი მანამ, სანამ მკურნალობას არ დაასრულებთ და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციას პარტნიორს გადასცემთ და მისგან კვლავ დაინფიცირდებით. თუ ვერ შეძლებთ სქესობრივი კონტაქტისათვის თავის არიდებას - გამოიყენეთ პრეზერვატივი;
  3. დაეხმარეთ თქვენს სქესობრივ პარტნიორს მკურნალობაში: საჭიროა დაარწმუნოთ პარტნიორი ექიმთან მისვლისა და მკურნალობის ჩატარების აუცილებლობაში. თუ თქვენ იმკურნალებთ და პარტნიორი კი არა, შესაძლოა მისგან კვლავ დაინფიცირდეთ;
  4. განმეორებით მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ განიკურნეთ: თუ ეს ასე არ იქნება, ექიმი დამატებით მკურნალობას დაგინიშნავთ.

 

გახსოვდეთ, განსაკუთრებით საშიშია თვითმკურნალობა!

 

მკურნალობის დაგვიანებული დაწყებისა ან არასწორად ჩატარებისას  ჯამრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს:

·        ქალებში სგგი ხელს უწყობს ისეთი გართულებების განვითარებას, როგორიცაა მენჯის ღრუს ორგანოების ქრონიკული ანთება, საშვილოსნოს ყელის კიბო, სასქესო ორგანოების სხვა სიმსივნეები, უნაყოფობა, საშვილოსნოს გარე ორსულობა;

·        მამაკაცებში ინფექციის ფონზე ხშირად ვითარდება სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები (მაგ: პროსტატიტი), სტერილობა (უნაყოფობა) და სხვა გართულებები. სგგი შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს.

 

 

 

როგორ შეიძლება სგგდ-ის თავიდან აცილება?

 

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გახსოვდეთ სგგდ-გან თავის დაცვის ერთადერთი საიმედო საშუალება უსაფრთხო სექსია.

 

დაიცავით ოჯახური სიწმინდე და ერთგულება ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორისადმი.

 

 

 

ყველაზე მეტად გავრცელებული სგგდ (მოკლე ცნობარი)

 

გონორეა

გამომწვევია  გონოკოკი. გადაეცემა კონტაქტურად სქესობრივი გზით, იშვიათად საერთო საწოლით სარგებლობის შემთხვევაში, აგრეთვე სხვისი პირსახოცითა და ინტიმური ნივთებით სარგებლობისას (ტრუსი, შარვალი და სხვ.).  კუბაციური პერიოდი

სიმპტომები: მოშარდვისას წვის შეგრძნება სასქესო ორგანოს არეში, იშვიათად წვა ანუსზე ან პირის ღრუში, სასქესო ორგანოებიდან ლორწოვან - ჩირქოვანი ხასიათის გამონადენი, ტემპერატურის მომატება.

სიმპტომები ჩნდება ინფიცირებიდან 1-5 დღეში.

მკურნალობის გარეშე სიმპტომები შეიძლება მალე გაქრეს, მაგრამ დაავადების პროგრესირება გრძელდება, აზიანებს შარდსასქესო სისტემას და იწვევს უშვილობას. გონორეა განიკურნება მხოლოდ სწორი და დროული მკურნალობით.

გონოკოკს შეუძლია დააზიანოს თვალის ლორწოვანი გარსი და გამოიწვიოს სიბრმავე. მშობიარობის დროს თუ დედა დაავადებულია გონორეით, არსებობს ბავშვის დაავადების საშიშროებაც. ამიტომ ახალშობილს თვალებში უწვეთებენ დამცავ ანტიმიკრობულ საშუალებებს.

 

ტრიქომონოზი

გამომწვევია უმარტივესი ორგანიზმი - ტრიქომონა. გადაცემის გზები - კონტაქტური, სქესობრივი და საყოფაცხოვრებო. სიმპტომები: გონორეის სიმპტომების მსგავსია. ამიტომ  ნებისმიერი დისკომფორტი სასქესო გზებში, ქავილი, გამონადენი და სხვა, მოითხოვს გამომწვევის განსაზღვრის მიზნით ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას. დაავადება განკურნებადია.

 

 ქლამიდიოზი

დაავადებას იწვევს მიკროორგანიზმი, რომელიც მოქმედებს უჯრედის შიგნით. დღეისათვის ცნობილია ქლამიდიების ხუთი სახე. სამი სახე გადაეცემა მხოლოდ კონტაქტურად სქესობრივი გზით, ხოლო ორი შეიძლება გადაედოს საყოფაცხოვრებო გზით.

იგი ხასითდება გონორეასთან შედარებით ნაკლებად გამოხატული სიმპტომატიკით, თუმცა გართულებები მასზე სერიოზული შეიძლება ჰქონდეს.

ქლამიდიოზის მკურნალობა ხანგრძლივია - ერთ წლამდე.

 

ათაშანგი (სიფილისი)

ქრონიკული ვენერიული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემის, ძვლებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით. დაავადების გამომწვევია მკრთალი სპიროქეტა. ძირითადად გადადის კონტაქტურად სქესობრივი გზით.

საყოფაცხოვრებო საგნებით გადადება ხდება იშვიათად, რადგან სპიროქეტა იღუპება ჰაერზე 1- 2 წუთის განმავლობაში.

სიმპტომები ჩნდება ინფიცირებიდან 2-10 კვირაში. ბოლო კვირას ავადმყოფი გარშემომყოფებისათვის საშიშია.

სიმპტომები:კონტაქტის ადგილზე - სასქესო ორგანოებზე, საშვილოსნოს ყელზე და სხვ. პატარა წყლულების გაჩენა. წყლულები უმტკივნეულოა,  მუხუდოს მარცვლის ზომისა და მოწითალო ფერის. წყლულების ახლოს მდებარე ლიმფური კვანძები დიდდება, ამას ათაშანგის 1 სტადია ეწოდება. 2სტადიაში დამონაყარი ჩნდება, რომელიც რამოდენიმე ხანში ქრება და ათაშანგი გადადის 3 სტადიაში, როდესაც ზიანდება შინაგანი ორგანოები. 4 სტადიაში ზიანდება ნერვული სისტემა.

    1 - 2 სტადიაში ათაშანგი განკურნებადია და არ ტოვებს შედეგებს. 3 სტადიაში ძნელად განკურნებადია და ვითარდება ქრონიკული დაავადება. 4 სტადიაში ათაშანგი განუკურნებელია, ადამიანი ინვალიდდება, შესამჩნევად მახინჯდება. ათაშანგით დაავადებული მშობლები საშიშია შთამომავლობისათვის - ათაშანგიანთა ბავშვებს აქვთ ძვლების სპეციფიკური დაზიანება, სიყრუე და ხშირად გონებრივად განუვითარებლები  იბადებიან.  

 

 

ჰერპეს-ვირუსული ინფექცია გამომწვევია  ადამიანის  ჩვეულებრივი ჰერპეს ვირუსი. სულ არსებობს 6 ტიპის ვირუსი, უფრო ხშირად გვხვდება ორი ტიპის: ერთი ტიპი აზიანებს სახეს, ტუჩებს, ტანს, მეორე ტიპი უროგენიტალურია იგი აზიანებს შარდ - სასქესო სისტემას.

 

B და C ჰეპატიტი

ვირუსული ჰეპატიტები ინფექციური დაავადებებია, რომლებიც ძირითადად აზიანებენ ღვიძლს. სხვა სიმპტომებთან ერთად მათთვის დამახასიათებელია სიყვითლე, გულისრევა და ღებინება.
B და C ჰეპატიტით დაინფიცირება შესაძლებელია სქესობრივი გზით, ასევე დაავადებული პირის სისხლთან კონტაქტის გზით - ნახმარი შპრიცების ან ნემსების გამოყენებისას ან სისხლის გადასხმის შედეგად. დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე B და C ჰეპატიტმა შეიძლება ქრონიკული ხასიათი მიიღოს და გამოიწვიოს გვიანი, მძიმე გართულებები.

 

შიდსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ ) იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს - შიდსს. შიდსი არის ამ ვირუსით გამოწვეული ინფექციის ბოლო სტადია.


შიდსის ვირუსი გადაეცემა:

·        სქესობრივი კონტაქტით;

·        ინფიცირებული სისხლის ან მისი  ცალკეული კომპონენტების გადასხმით, აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული სპრიცის, ნემსისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტის გამოყენებით;

·        დაავადებული დედიდან  ნაყოფზე ან ახალშობილზე მუდცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.


რა სიმპტომები ახასიათებს შიდსს?

ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3 - 10 წელს გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯამრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება მრავალფეროვნებით. ყველაზე ხშირად  მას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

·        ტემპერატურის არა მოტივირებული მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე;

·        ლიმფური კვანძების გადიდება;

·        ძლიერი საერთო სისუსტე;

·        მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;

·        გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება ) რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;

·        ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;

·        თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;

·        პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვა.


როგორ დავიცვათ თავი შიდსისაგან?

·            დავიცვათ ოჯახური სიწმინდე და ერთგულება ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორისადმი;

·            თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირისაგან ან ყოველი ასეთი კავშირის დროს აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით;

·            არ დაუშვათ აივ ინფექციაზე შეუმოწმებელი სისხლისა და მისი პროდუქტების გადასხმა;

·            ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცით, ნემსით და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით;

·            ორსულმა ქალებმა ჩაიტარეთ გამოკვლევა შიდსის ვირუსზე, რათა თავიდან აიცილოთ ინფიცირებული ბავშვის დაბადება...