სალმონელოზი და სტაფილოკოკური კვებითი მოშხამვები

 

სალმონელოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს სალმონელას გვარის ბაქტერიებით ინფიცირებული საკვების მიღება. სალმონელოზური კვებითი ტოკსიკოინფექციები მთელს მსოფლიოში ფა­რ­თოდ გავრცელებული დაავადებებია. მათი გამომწვევი სალმონელები სხვა­და­­სხვა ცხოველებისა და ფრინველების (განსაკუთრებით შინაურის) პარაზიტებს წარმოადგენენ. ცხოველებში ინფექცია სხვადასხვაგვარად მიმ­დინარეობს. არაიშვიათად ინფექციის გამომწვევის მოხვედრა ხდება ცხოველის კუნთებში,  ხოლო ფრინველებში კი უფრო ხშირად _ კვერ­ცხში.

ადამიანის დაავადება ხდება  ძირითადად დაინფიცირებული ხორციანი საკვებით,  ასევე ფრინველის კვერცხითა და მისი შემცველი პროდუქტებით (კვერცხის ფხვნილით, კვერცხის მაიონეზით და სხვ.), უფრო იშვიათად კი _ რძით. ბაქტერიები ხორცში შეიძლება მო­ხ­ვდეს როგორც ცხოველის სიცოცხლეშივე, ასევე დაკვლის რეჟიმის დარ­ღ­ვე­ვი­სას, ცხოველის ფეშხვის ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების შეუსრუ­ლე­ბ­ლობის, უმი და მოხარშული ხორცის ერთი და იგივე დაფაზე დამუ­შა­ვე­ბისას, მზა პროდუქტების შენახვის წესების დარღვევისას.

სალმონელები საკმაოდ გამძლე ბაქტერიებია, განსაკუთრებით საკვებ პრო­დუქტებში. საკმარისია ითქვას, რომ დასნებოვნებული ხორცის 400 გრამზე მეტი წონის ნაჭრების 2,5 საათი ხარშვისას სალმონელები არ იღუპებიან. 10-15%-იანი მარილხსნარში 2-3 თვე ინახებიან, ხოლო კარაქში 4 თვემდე.

სალმონელოზის დროს ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 12-24 საათია. დაავადება იწყება უეც­რად შემცივნებით და ტემპერატურის მომატებით. ავადმყოფს თავიდანვე აწუ­ხებს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი.

 

სალმონელების გარდა კვებითი მოშხამვები შეიძლება გამოიწვიოს სტა­ფი­­ლოკოკებმა. ინფექციის წყარო ჩვეულებრივ ადამიანია კანის ჩირქოვანი დაა­ვა­დებებით (უხშირესად ხელის თითების). თუ ასეთი ადამიანი დაკ­ავ­ში­რე­ბუ­ლია საკვების დამზადებასა და განაწილებასთან, შეიძლება მოხდეს პრო­დუ­ქ­ტების დასნებოვნება. არ არის გამორიცხული მოშხამვა მასტიტით დაავადებული ძროხების რძის საკვებად გამოყენებისას. სტაფილოკოკები კარგად მრავლდებიან ნახშირწყლოვან (შაქარი) და ცილოვან (რძე, ხორცი) საკვებში. ამიტომაც განსაკუთრებით სა­ში­შია შაქრის შემცველი რძის პროდუქტებით დასნებოვნება (კრემი, კრემიანი ნამცხვრები, ნაყინი და სხვ.). შეიძლება მო­შხამვა გამოიწვიოს რძის, ხაჭოს, არაჟნის, ყველის, ხორცის პროდუქტებმა და ზეთში დაკო­ნ­სერვებულმა თევზმა. აღსანიშნავია, რომ სტაფილოკოკებით და­ბი­­­ნძურებული საკვები პროდუქტები გარეგნულად, სუნით და გემოთი არ გა­მო­ი­რჩევა ვარგისი საკვებისაგან.

 

კვებითი მოშხამვების მიზეზი შეიძლება იყოს სხვა მიკრობებიც: ბოტუ­ლი­ზ­მის და პერფრინგენსის კლოსტრიდიები, ბაცილუს ცერეუსი, ეშერიხიები (ნაწ­ლავის ჩხირები), პროტეუსისა და კლებსიელას გვარის მიკრობები და სხვა.

 

კვებითი მოშხამვების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის მიერ ჰიგიენური წესების  გათვალისწინება და მუდმივი შესრულება:

·        სამზარეულოს მთელი მოწყობილობა და ჭურჭელი საჭმლის მომზადების შემდეგ გულმოდგინედ უნდა გაირეცხოს ჯერ თბილი წყლით, შემდეგ დაიმ­დუ­ღ­როს და გამშრალდეს. ხორცსაკეპი მანქანა უნდა დაიმდუღროს ხმარებამდეც;

·        უმი და მოხარშული პროდუქტებისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) უნდა იყოს სხვადასხვა დასამუშავებელი დაფები ან ერთი და­ფის სხვადასხვა მხარე;

 

თითქოს არ არის ძნელი ამ საკმაოდ მარტივი წესების დაცვა, მათი შეს­რულება კი ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის საწინდარია.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

                                                                                                                                     www.ncdc.ge