სოკოთი მოშხამვა

 

სოკოს გამოყენებას საკვებად დიდი ხიფათი ახლავს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა კიდევ ერთხელ მივმართავთ სოკოს მოყვარულებს, გამოიჩინონ  განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვან შემდეგი წესები:

 

სოკოები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: საკვებად ვარგის, პირობითად ვარგის (რომელთაც სჭირდებათ სპეციალური კულინარული დამუშავება საკვებში გამოყენებამდე) და შხამიანად, რომლებიც შეიცავენ სპეციფიკურ ტოქსინებს (შხამებს). მოშხამვებს ძირითადად შხამიანი ან პირობითად შხამიანი სოკოები იწვევს, იშვიათად საკვებად ვარგისი სოკოებიც, განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ.

პირობითად ვარგისი სოკოებიც იწვევს სასიკვდილო მოშხამვას. ასეთ სოკოებს უვნებელს ხდის 10-20 წუთი ხარშვა (ნახარში უნდა გადაიღვაროს) ან 2-3 კვირა შრობა. დუღილის დროს შხამი ნახარშში გადადის, ხოლო შრობისას _ იშლება. სოკოების ზოგი სახეობის დამუშავება კი ხდება მათი დამარილებით, დამწნილებით, დამუჟუჟებით. ამგვარი დამუშავების დროსაც შხამი იშლება.

პირობითად საკვებად ვარგისი სოკოთი მოშხამვის ნიშნები _ გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი _ თავს იჩენს რამდენიმე საათის  შემდეგ მათი გამოყენებიდან. ადამიანის გამოჯანმრთელება ხდება 1-2 დღეში.

შხამიანი სოკო იწვევს ერითროციტების დაშლას (ჰემოლიზს). მოშხამვის Pპირველი ნიშნები  თავს იჩენს საკამაოდ სწრაფად, რამდენიმე საათის შემდეგ, რასაც თან სდევს ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი. მძიმე მოშხამვისას მე-2-3 დღეს ვითარდება სიყვითლეც. მოშხამვის გამოსავალი ხშირად სავალალოა.

 

გახსოვდეთ!

 

ნებისმიერი, ძალიან მსუბუქი, მოშხამვისას ან მოშხამვაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაშიც კი აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ან მოშხამულის საავადმყოფოში მოთავსება. მკურნალობის დაგვიანებით დაწყება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს!

 

 

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

                                                                                                                                     www.ncdc.ge