შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა

 

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

·  სისხლში გლიკოზირებული  (გლიკირებული) ჰემოგლობინის (HbA1 ან HbA1c) განსაზღვრა, რომელიც ასახავს გლუკოზის საშუალო დონეს წინა 2-3 თვის განმავლობაში. ის იზომება მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში და მეტად მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს. საჭიროა მისი განმეორება მინიმუმ 6 თვეში ერთხელ კარგად კონტროლირებულ პაციენტებში. უფრო ხშირი ტესტირება (ტიპი 1 დიაბეტის დროს - 2-3 თვეში ერთხელ, ხოლო ტიპი 2 დიაბეტის დროს – 3-4 თვეში ერთხელ) აუცილებელია ცუდი კონტროლისა და ახალი მკურნალობის დაწყების შემთხვევაში.

დიაბეტის კარგი კონტროლის მაჩვენებელია, თუ გლიკოჰემოგლობინის დონე <7,5%, თუმცა, ეს მაჩვენებელი სხვადასხვაა სხვადასხვა ტიპის დიაბეტის დროს. ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში გლიკოჰემოგლობინის დონე არ უნდა აღემატებოდეს ნორმის ზედა ზღვარს (გლიკოჰემოგლობინის საზღვრები ჯანმრთელ ბავშვებში - 4,4-6,4%) 1%-ზე მეტად. მცდარად მომატებული დონე შეიძლება აღინიშნოს ურემიის, ალკოჰოლიზმისა და ასპირინის ხმარების შემთხვევაში.

 

ქვემოთ მოცემულია გლიკირებული ჰემოგლობინისა და სისხლში შაქრის შემცველობის შესაბამისობის ცხრილი

 

HbA1c

სისხლში შაქრის საშუალო დონე

4,5%

3,6 მმოლ/ლ

5,0%

4,4 მმოლ/ლ

5,5%

5,4 მმოლ/ლ

6,0%

6,3 მმოლ/ლ

6,5%

7,2 მმოლ/ლ

7,0%

8,2 მმოლ/ლ

7,5%

9,1 მმოლ/ლ

8,0%

10,0 მმოლ/ლ

8,5%

11,0 მმოლ/ლ

9,0%

11,9 მმოლ/ლ

9,5%

12,8 მმოლ/ლ

10,0%

13,7 მმოლ/ლ

10,5%

14,7 მმოლ/ლ

11,0%

15,6 მმოლ/ლ

 

შარდში შაქრის არსებობასა და სისხლში შაქრის დონეს შორის არსებობს მკაფიო ურთიერთკავშირი. შაქარი შარდში გამოჩნდება მაშინ, როცა სისხლში მისი დონე გადააჭარბებს 9-10მმოლ/-. თუკი უზმოზე შაქარი სისხლში არ აჭარბებს ნორმას, მაგრამ სადღეღამისო შარდში  არის 2%, ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში ამ ადამიანის შაქრის დონემ გადააჭარბა 10მმოლ/-. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად კონტროლირებადი პაციენტების შარდში შაქრის დონის განსაზღვრა დამატებით ინფორმაციას არ იძლევა;

·        შარდში აცეტონის (კეტონური სხეულები) განსაზღვრა.

ძალზედ მომატებული შაქრის ციფრების შემთხვევაში (14-15მმოლ/ლ), ასევე თანმხლები დაავადებების დროს, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის, გულისრევისა და პირღებინების დროს  შარდში ასევე უნდა განისაზღვროს აცეტონი. ეს საშუალებას მისცემს ადამიანს დროულად მოახდინოს შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის დიაგნოსტიკა და თავიდან აიცილოს დიაბეტური კომის განვითარება.

 

სისხლში შაქრის დონის ტესტირება აუცილებელია:

1.      45 წელს ზევით ყველა ინდივიდისათვის. ნორმის შემთხვევაში, საჭიროა მისი განმეორება 3-წლიანი ინტერვალებით;

2. უფრო ახალგაზრდა ასაკში ტესტირება საჭიროა იმ პირებში, რომელთაც:

·        აღენიშნებათ სიმსუქნე;

·        აღენიშნებათ დიაბეტის ოჯახური ანამნეზი (ოჯახში ჰყავთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დაავადებულები);

·        წარსულში ტესტირებისას აღენიშნებოდათ გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა ან უზმოზე გლიკემიის დარღვევა;

·        იმშობიარეს 4,5 კგ-ზე მეტი წონის ნაყოფით ან დაუდგინდათ გესტაციური დიაბეტი;

·        აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია (140/90მმHHg);

·        მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები <35მგ% (0,9მმოლ/ლ) და/ან ტრიგლიცერიდები ≥250მგ% (2,82მმოლ/ლ);

·        წარმოადგენენ მაღალი რისკის ეთნიკურ პოპულაციებს (მაგ: აფრო-ამერიკული, ესპანურ-ამერიკული, ამერიკის მკვიდრი, აზიურ-ამერიკული, წყნარი ოკეანის კუნძულთა მაცხოვრებლები).

 

ბავშვებსა და მოზრდილებში შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია (ამერიკის დიაბეტის ასოციაცია, 1998წ, ექსპერტთა კომიტეტის მოხსენება შაქრიანი დიაბეტის  დიაგნოსტიკისა და კლასიფიკაციის საკითხებზე):

·   დიაბეტის ძირითად სიმპტომებს (პოლიდიფსია, პოლიურია, წონაში დაკლება) დამატებული სისხლის პლაზმაში შემთხვევითი* გაზომვისას  გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია - ≥200მგ% (11,1 მმოლ/ლ);

 

*შემთხვევითი გაზომვა ნიშნავს გაზომვას კვებიდან გასული დროის მიუხედავად დღის ნებისმიერ მონაკვეთში. პლაზმური გლუკოზის შემთხვევითი განსაზღვრა  შესაძლებელია მაშინ, როცა ტესტის ჩატარებამდე 3 სთ-ით ადრე პაციენტს მიღებული აქვს საკვები ან სასმელი; სკრინინგული ტესტი დადებითად ითვლება, თუ მისი მნიშვნელობაა ≥200მგ% და დიაბეტის დიაგნოზის დასადასტურებლად საჭირო ხდება უზმოზე პლაზმური გლუკოზის განსაზღვრა.

 

·      დიაბეტის ძირითადი სიმპტომები (პოლიდიფსია, პოლიურია, წონაში დაკლება) პლუს უზმოზე* გასინჯული პლაზმური გლუკოზა ≥126მგ% (7,0 მმოლ/ლ). თუ უზმოზე პლაზმური გლუკოზა ≥126მგ%, დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ტესტის განმეორება ნებისმიერ სხვა დღეს;

 

 *მის ჩატარებამდე საჭიროა შიმშილი სულ მცირე 8სთ-ს მანძილზე.

 

·       ორალური გლუკოზა-ტოლერანტობის ტესტის* ჩატარებისას  გლუკოზით დატვირთვიდან 2სთ-ის შემდეგ პლაზმური გლუკოზა უნდა აღწევდეს≥200მგ%.

 

*ორალური გლუკოზა-ტოლერანტობის ტესტის ჩასატარებლად მოზრდილ პაციენტს ეძლევა 75გ გლუკოზის ექვივალენტური დოზის საკვები, ბავშვებში - 1,75 გ/სხეულის წონის კგ-ზე, რაც არ უნდა აღემატებოდეს 75გ გლუკოზას. გლუკოზით დატვირთვიდან 2 სთ-ის შემდეგ ხდება  პლაზმაში გლუკოზის გაზომვა.

 

ეს კრიტერიუმები უნდა დადასტურდეს განმეორებითი შემოწმებით სხვადასხვა დღეებში, გარდა მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაციით მიმდინარე უეჭველი ჰიპერგლიკემიის შემთხვევებისა.