შაქრიანი დიაბეტის კლინიკური ნიშნები

დიაბეტიჩუმად მიმდინარე დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. გლუკოზის დონის ზომიერ მომატებას ხშირად არავითარი სიმპტომი არ ახლავს თან და  შეიძლება დაავადებული ადამიანი რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ვერაფერს ვერ გრძნობდეს. ეს ეხება ტიპი 2 დიაბეტს. ავადმყოფები წლების განმავლობაში ცხოვრობენ ისე, რომ არც კი იციან თავისი დაავადების შესახებ და ექიმები ზოგჯერ სრულიად შემთხვევით გამოავლენენ მას. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული გლუკოზის ძალიან მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს:

·        ძლიერი წყურვილი (პოლიდიფსია);

·        გამოყოფილი შარდის რაოდენობის მომატება (პოლიურია);

·        სისუსტე, ადვილად დაღლა;

·        ქავილი, კანის მორეციდივე დაავადებები;

·        ჭრილობის შეხორცების გაძნელება;

·        საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები;

·        მადის გაძლიერება (პოლიფაგია);

·        წონაში, ერთის შეხედვით, უმიზეზოდ დაკლება.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (ინსულინ-დამოკიდებული ან იუვენილური დიაბეტი)  ჩვეულებრივ, იწყება მწვავედ: გაძლიერებული წყურვილით, მადის გაძლიერებით, გახშირებული შარდვით, წონაში დაკლებით, მხედველობის დაბინდვითა და ისეთი  ინფექციებისკენ მიდრეკილებით, როგორიცაა სოკოვანი დერმატოლოგიური დაავადებები. ბავშვების უმრავლესობას კლასიკურ სიმპტომებთან ერთად აღენიშნებათ დაღლილობა, სისუსტე და აპათია. 6-7 წლის ასაკამდე ბავშვებს არ ძალუძთ ჰიპოგლიკემიის სიმპტომების ამოცნობა. გარდა ამისა, ბავშვები მოზრდილებზე მეტად ექვემდებარებიან სხვადასხვა ინფექციების განვითარებას, რაც ართულებს მათ მოვლას.

მცირეწლოვან ბავშვებში დიაგნოზის დასმა საკმაოდ ძნელია. ზრდასა და წონაში ჩამორჩენა დიაბეტის მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი ნიშნებია ამ ასაკობრივ ჯგუფში. ბავშვს, რომელსაც უკვე ნასწავლი ჰქონდა ტუალეტში სიარული, შეიძლება განუვითარდეს ღამის ენურეზი. ჩვილს შესაძლოა, რეგულარულად დასჭირდეს საფენის გამოცვლა.

დიაგნოსტიკურ საშუალებათა გაუმჯობესების გამო დღესდღეობით ხდება დიაბეტის შედარებით დროული დიაგნოსტიკა, ამიტომაც მისი ისეთი მძიმე ფორმით გამოვლინება, როგორიცაა კეტოაციდოზი, შედარებით იშვიათია. სიმპტომების საწყისი გამოვლინების შემდეგ ახლადდიაგნოსტირებული პაციენტი შეიძლება გადავიდეს “თაფლობის თვის” პერიოდში ან რემისიის ფაზაში, რომელიც რამდენიმე თვიდან 2 წლამდეც კი შეიძლება გაგრძელდეს.

 

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი - ძირითადად ვითარდება 30 წლის ზევით, ახასიათებს თანდათანობითი დაწყება და სიმპტომების ნელი პროგრესირება. დაავადების ხშირი სიმპტომია დაღლილობა, თუმცა ზოგჯერ დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დიაგნოზის დასმა წლობით გვიანდება, რის გამოც დიაგნოზის დასმის მომენტში ასეთ პაციენტებს უკვე აღენიშნებათ გართულებები.

პაციენტებს არადიაგნოსტირებული და ამდენად არანამკურნალები ტიპი 2 დიაბეტით გააჩნიათ გულის კორონარული დაავადების, ინსულტის, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადების, დისლიპიდემიისა და ჰიპერტენზიის მაღალი რისკი. კეტოაციდოზი იშვიათად ვითარდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი აქვს სტრესს, ავადმყოფობას ან ინფექციას.

ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შედარებით ხშირია ჰიპეროსმოლარული არაკეტოზური ჰიპერგლიკემიური კომა. ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტები არ საჭიროებენ თავიდანვე ინსულინის დანიშვნას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მათი 50%-ისათვის ინსულინი აუცილებელი ხდება.

 

გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ გულის კორონარული დაავადებისა და დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი.

გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა ასოცირებულია ინსულინ-რეზისტენტობის სინდრომთან, რომელიც კიდევ ცნობილია მეტაბოლური სინდრომის* (ანუ, როგორც ადრე უწოდებდნენ, X-სინდრომი) სახელით.

 

*მეტაბოლური სინდრომი (ჯანმო-ს განმარტება) - გულისხმობს ინსულინორეზისტენტობას და ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ორს: არტერიულ ჰიპერტენზიას, დისლიპიდემიას, სიმსუქნეს ან ვისცერალური სიმსუქნეს.