შაქრიანი დიაბეტის კლასიფიკაცია

 

შაქრიანი დიაბეტის კლასიფიკაცია ემყარება ეტიოლოგიურ პრინციპს. გამოარჩევენ მის ორ ძირითად სახეს:

·        ტიპი 1 ანუ ინსულინ-დამოკიდებული ან იუვენილური დიაბეტი (როგორც წარსულში იყო ცნობილი) - გამოწვეულია პანკრეასის β-უჯრედების დესტრუქციით, რასაც, თან სდევს ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი. მასში განარჩევენ იმუნურ და იდიოპათურ ფორმებს;

·        ტიპი 2 ანუ ინსულინ-დამოუკიდებელი ან მოზრდილთა დიაბეტი - ხასიათდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობით, თუმცა, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ინსულინის სეკრეციის დარღვევასაც.

გარდა ამისა, არსებობს დიაბეტის სხვა, სპეციფიკური ტიპებიც, რომელთაც იწვევს:

1.     β - უჯრედების ფუნქციის გენეტიკური დეფექტი;

2.     ინსულინის მოქმედების გენეტიკური დეფექტი;

3. პანკრეასის ეგზოკრინული აპარატის დაავადებები (პანკრეატიტი, ტრავმა, ინფექცია, პანკრეატექტომია, პანკრეასის კიბო);

4.   ენდოკრინოპათიები, როგორიცაა აკრომეგალია, კუშინგის სინდრომი, ფეოქრომოციტომა და ა. შ.;

5. წამლისმიერი ან ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული დიაბეტი (თიაზიდური დიურეტიკები, სტეროიდები, ფენიტოინი, ნიკოტინის მჟავა, თიროიდული ჰორმონები, α-ინტერფერონი);

6.     ზოგიერთი ინფექციები, მაგ. თანდაყოლილი წითურა ან ციტომეგალოვირუსი;

7. აუტოიმუნური დიაბეტის იშვიათი ფორმები (“გაშეშებული კაცისსინდრომი და ინსულინის რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულები);

8.    სხვა გენეტიკური პათოლოგიები, როგორიცაა დაუნის, კლაინფელტერისა და ტერნერის სინდრომები.

 

ცალკე უნდა აღინიშნოს ე.წ. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, რომელიც წარმოადგენს შუალედურ მდგომარეობას ნორმასა და შაქრიან დიაბეტს შორის. ამ დროს გლუკოზის დონე სისხლის პლაზმაში უზმოზე არ აღემატება ნორმას (ნაკლებია 6,1მმოლ/ლ-ზე), მაგრამ გლუკოზით დატვირთვიდან 2 სთ-ის გასვლის შემდეგ 7,8-11,1მმოლ/ლ ფარგლებშია, რაც ჯერ არ იძლევა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირების საშუალებას და არაოფიციალურად განიხილება როგორც პრე-დიაბეტი, ანუ მოსალოდნელია მომავალში დიაბეტის განვითარება.

 

ბოლო წლებში შემოტანილია ისეთი ცნება, როგორიცაა  გაუარესებული გლიკემია უზმოდ (იგივეა, რაც დარღვეული დილის გლიკემია): უზმოზე ვენურ პლაზმაში ჭეშმარიტი გლუკოზა 6,1-7.0 მმოლ/ლ ფარგლებშია, ხოლო ჭამიდან 2სთ-ის შემდეგ არ აღემატება ნორმას.

 

გესტაციური შაქრიანი დიაბეტი - ეს არის ორსულობის დროს განვითარებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკაში, ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ორსულობის დროს არ გამოარჩევენ ერთმანეთისაგან ჭეშმარიტ დიაბეტსა და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას.