დიაბეტიანი  პაციენტის განათლება

 

დიაბეტიანი პაციენტის განათლების აუცილებლობა დღეისათვის ეჭვს აღარ იწვევს. შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს ქრონიკული დაავადების კლასიკურ მოდელს. სტაბილური კომპენსაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტსა და ექიმს შორის არსებობს მუდმივი მჭიდრო ურთიერთკავშირი, ამიტომ პაციენტის განათლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და უნდა მოიცავდეს ყველა ძირითად საკითხს.  ავადმყოფი უნდა იცნობდეს დიაბეტის პათოფიზიოლოგიას, დიაბეტის გართულებებს. იგი უნდა აცნობიერებდეს დანიშნული მკურნალობის მნიშვნელობას და შეეძლოს მისი ეფექტურობის შეფასება. მან უნდა იცოდეს, რა შემთხვევებში  მიმართოს ექიმს სასწრაფოდ და როგორ გააკონტროლოს საკუთარი მდგომარეობა, ვინაიდან უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ამ დაავადების გართულებების პრევენცია ან გადავადება შესაძლებელია სისხლში გლუკოზის დონის მკაცრი კონტროლით. ასევე მნიშვნელოვანი საკითხებია დიეტა, ფიზიკური ვარჯიში.

მთელს მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს უტარდებათ სპეციალური საგანმანათლებლო სწავლება დიაბეტისა და დიაბეტიანი პაციენტის მოვლის შესახებ, რათა შემდგომ მათ  მიეცეთ საშუალება იცხოვრონ განსაკუთრებული ცხოვრების წესით, რომელიც  განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის დიაბეტთან გვაქვს საქმე. ეს შესაძლებელს გახდის თავიდან აიცილონ შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული  გართულებები.

უკანასკნელ წლებში ამ დაავადების მართვაში მიღწეული პროგრესის გამო მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა დიაბეტიან პაციენტთა სიცოცხლე, გაუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი: ასეთი პაციენტები  ქმნიან ოჯახებს, ცხოვრობენ სისხლსავსე ცხოვრებით, აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში და მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ კიდეც, რაც საშუალებას გვაძლევს, დავეთანხმოთ ცნობილ გამოთქმას: «შაქრიანი დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების განსაკუთრებული წესია".