დიაბეტი და მემკვიდრეობითობა

 

ერთ-ერთი ძირითადი თეორია, რომელიც ხსნის შაქრიანი დიაბეტის განვითარების მიზეზებს, ვირუსული ინფექციისა და მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობის მნიშვნელობაზეა აგებული. როცა ვირუსი ხვდება ორგანიზმში, ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას ვირუსის წინააღმდეგ, მაგრამ იმუნიტეტის ზოგიერთი მემკვიდრეობითი თავისებურების არსებობისას, ვირუსების განადგურების შემდეგ არ ხდება ორგანიზმის დამცველობითი ძალების «გამორთვა»  და გრძელდება ანტისხეულების გამომუშავება, ხდება შეტევა საკუთარი ორგანიზმის უჯრედებზე. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ეს არის პანკრეასის ბეტა-უჯრედები, რომლებიც დაღუპვის გამო ვეღარ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობის ინსულინს. მათი დაღუპვა ხდება თანდათანობით. გარკვეული ხნის განმავლობაში ცოცხალი უჯრედები ჯერ კიდევ ახერხებენ ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ინსულინზე, მაგრამ შემდეგ უჯრედების კატასტროფული შემცირების გამო ხდება შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების თანდათანობით გამოვლენა. ინსულინის 100%-იანი ნაკლებობა - ეს არის სწორედ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი.

დაავადების აღმოცენების რისკი დიაბეტიანი პაციენტების შვილებში მომატებულია. ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევებში მემკვიდრეობითი გადაცემა განსხვავებულია.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს: თუკი დიაბეტიანი პაციენტის არცერთ ნათესავს არ ჰქონია დიაბეტი, შესაძლოა თითოეულ მშობელს მაინც ქონდეს თავის გენოტიპში შაქრიანი დიაბეტის განვითარებისადმი წინასწარგანწყობის მატარებელი გენი. ეს როდი ნიშნავს, რომ ამ ოჯახში ყველა ბავშვი დაავადდება დიაბეტით. უფრო მეტი ალბათობაა, რომ მათ დიაბეტი არ გამოუვლინდებათ, ვინაიდან დადგენილია, რომ ასეთი გენის გადაცემის ალბათობა 3-5%-ს უდრის. მაგ. ცნობილია შემთხვევები, როცა ორი ერთნაირი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ტყუპიდან მხოლოდ ერთს განუვითარდა დიაბეტი, მეორე კი ჯანმრთელი დარჩა.

დიაბეტის განვითარების რისკი არ არის დამოკიდებული ბავშვის სქესზე, მაგრამ დამოკიდებულია დიაბეტიანი მშობლის სქესზე. კერძოდ, ბავშვის დაავადების ალბათობა ტიპი 1 დიაბეტის მქონე დედის პირობებში უდრის 2-3%,  მამის პირობებში 5-6%,  ორივე მშობლის დაავადების დროს 15%. ბავშვის დაავადების რისკი უფრო მაღალია, თუკი ძუძუთი კვების  ნაცვლად იგი იღებს ძროხის რძეზე დამზადებულ საკვებ ნარევებს, ამიტომაც უმჯობესია იგი იკვებებოდეს დედის ან დონორის რძით. უფრო მაღალ ასაკში პროფილაქტიკა  მდგომარეობსსაბავშვო ინფექციების” (წითელა, ჩუტყვავილა, წითურა, ინფექციური პაროტიტი) თავიდან აცილებაში, ვინაიდან ისინი ხშირად ბიძგს აძლევენ დიაბეტის განვითარებას.

ორსულობა უკუნაჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის მძიმე გართულებებით მიმდინარეობის შემთხვევაში (თირკმლის მძიმე უკმარისობა, დიაბეტური ნეფროპათია მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითებით). მთელი ორსულობის განმავლობაში აუცილებელი ენდოკრინოლოგის მუდმივი მეთვალყურეობა.  

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს მემკვიდრეობით დაავადების გადაცემის ალბათობა ძალზედ მაღალია (60-80%), მაგრამ ტიპი 2 დიაბეტის გამოვლინება, როგორც წესი, ხდება 40 წლის შემდეგ. დაავადების თავიდან აცილებას ასეთი მემკვიდრეობის შემთხვევაში ხელს უწყობს ნორმალური წონის შენარჩუნება და საკმარისი ფიზიკური აქტივობა.

გახსოვდეთ:

·   ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს მემკვიდრეობით გადაეცემა არა თვით შაქრიანი დიაბეტი, არამედ გარკვეული წინასწარგანწყობა დიაბეტის მიმართ, ანუ ასეთი განწყობის არსებობის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტი ყოველთვის როდი გამოვლინდება;

·     ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არ გამოვლინდება, თუკი მოახერხებთ ნორმალური წონის შენარჩუნებას.