რა ამცირებს გართულებების განვითარების რისკს

 

თანამედროვე წარმოდგენა დიაბეტის სისხლძარღვოვან გართულებათა ზოგად მექანიზმებზე საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ამგვარ გართულებათა პროფილაქტიკაში ძირითადი როლი ეკუთვნის ნახშირწყლოვანი ცვლის მაქსიმალურად შესაძლებელი კომპენსაციის მიღწევას და შენარჩუნებას. ეს დასკვნა დამაჯერებლად დადასტურდა მრავალრიცხოვან მეცნიერულ კვლევებში, რომელთა საშუალებითაც ერთმანეთს შედარდა გართულებათა სიხშირე გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესებამდე და მის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში პლაზმის გლუკოზის დონის მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტური რეტინოპათიის, ნეფროპათიისა და ნეიროპათიის განვითარების რისკს  სტანდარტული მკურნალობის რეჟიმთან შედარებით. გლიკემიის მკაცრი კონტროლი ასევე აუმჯობესებს გამოსავალს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს.

 

გახსოვდეთ:

·        გლიკემიის მკაცრი კონტროლის ხარისხი შერჩეულ უნდა იქნეს მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად. თუმცა, ამავდროულად, უნდა გათვალისწინებულ იქნას ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკიც.

· გლიკემიის მკაცრი კონტროლი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ასევე ფრთხილად უნდა ვიყოთ 7 წლამდე ასაკის ბავშვებშიც,  განვითარებად ტვინზე ჰიპოგლიკემიის არასასურველი ზემოქმედების გამო.

·  გლიკემიის მკაცრი კონტროლის საკმაოდ სახიფათოა მოხუც პაციენტებში, რადგანაც გამოხატული ათეროსკლეროზის პირობებში ისინი პრაქტიკულად მუდმივი ჰიპოგლიკემიის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

გარდა გლიკემიის კონტროლისა, საჭიროა განხორციელდეს ქმედებანი დიაბეტის ყოველი კონკრეტული გართულების პროფილაქტიკის ან დროული დიაგნოსტიკის მიზნით.

 

დიაბეტური რეტინოპათიის პროფილაქტიკა

გახსოვდეთ, რომ გართულებები თვალის ფსკერზე  უხშირესად ფარულად მიმდინარეობს.

·        რეგულარულად (ყოველწლიურად) გაესინჯეთ გამოცდილ ოფთალმოლოგს, იმის მიუხედავად, რომ მხედველობა არ გაგიუარესდათ. აუცილებლად აცნობეთ მას, რომ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;

·        მხედველობის უეცარი გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს და არა ოპტიკის თანამშრომელს სათვალის შესარჩევად.

 

ტერფის პრობლემების პროფილაქტიკა

გახსოვდეთ, რომ დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ტერფში ტკივილის აღქმის უნარის დაქვეითება (სენსორული ნეიროპათიის გამო) ან საჭიროების შემთხვევაში სისხლის გაზრდილი რაოდენობის მიწოდების უნარის დაქვეითება (სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების გამო), რის შედეგადაც ნებისმიერი მცირე დაზიანება შეიძლება გართულდეს, მოხდეს დაინფიცირება, რაც შემდგომი გართულების შემთხვევაში, შესაძლოა ამპუტაციის მიზეზიც კი გახდეს.

·        მიაკითხეთ ტერფის კლინიკას, სადაც სპეციალისტი შეგასწავლით დიაბეტური ტერფის მოვლას;

·        მიატოვეთ სიგარეტის მოწევა;

·        ეცადეთ იხმაროთ თავისუფალი და საკმარისად გრძელი ფეხსაცმელი;

·        ფეხსაცმელი არ ატაროთ წინდის გარეშე; არ იაროთ ფეხშიშველმა, განსაკუთრებით ზღვაზე;

·        არ იხმაროთ სათბურები ფეხების გასათბობად. ფეხის აბაზანის მიღებისას, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 გრადუსს;

·        ტერფის მოვლისას არ იხმაროთ მჭრელი იარაღები და ქიმიური ნივთიერებები. ფრჩხილების შესამოკლებლად იხმარეთ ქლიბი, ხოლო კოჟრების წინააღმდეგ პემზის ქვა;

·        ყოველდღიურად დაითვალიერეთ ფეხები, სიწითლის ან მცირე დაზიანების აღმოჩენის მიზნით. დაზიანების შემჩნევისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა

გახსოვდეთ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორებია: შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტერინის მომატებული შემცველობა, ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება და სტრესი. შესაძლებელია თითოეულ მათგანზე ზემოქმედება მედიკამენტებით მკურნალობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვდრების გზით.

·        რეგულარულად შეიმოწმეთ არტერიული წნევა, სისხლის გლუკოზა და ქოლესტერინი. მათი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით. დიეტისა და რეგულარული ვარჯიშის უეფექტობის შემთხვევაში უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები;

·        თავი მოარიდეთ სიგარეტს, ცხიმიან საკვებსა და ალკოჰოლს;

·  ჭარბი წონის შემთხვევაში, ასევე ე.წ. ვისცერალური სიმსუქნის დროს (ცხიმი თავმოყრილია უპირატესად მუცლის არეში), უნდა შემცირდეს საკვების კალორაჟი და რაოდენობა, განსაკუთრებით ცხოველური ცხიმი, გაიზარდოს ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტების მოხმარება. წონის დაკლების სასურველი მაჩვენებელია 0,5-დან 1კგ-მდე კვირაში, ან 3კგ თვეში;

·    დაიწყეთ ვარჯიში. ძალიან მსუქნებმა თავი უნდა შეიკავონ ვარჯიშისაგან, სანამ არ დაიკლებენ პირველ სამ კილოგრამს;

·       უნდა ისწავლოთ ყოველდღიური სტრესის გადალახვა. თუ შესაძლებელია, თავი უნდა აარიდოთ არააუცილებელ ემოციებს (მაგ. ტელეგადაცემები).

 

დიაბეტური ნეფროპათიის პროფილაქტიკა

·  გახსოვდეთ, რომ შარდში ალბუმინის მონიმალური შემცველობის აღმოჩენით შესაძლებელია თირკმლის დაზიანების ბევრად უფრო ადრეული გამოლენა, ვიდრე ის კლინიკურად იჩენს თავს;

·  თირკმლის დაზიანების შემდგომი პროგრესირების შეჩერება შესაძლებელია დიაბეტის კარგი კონტროლითა და სპეციალური დიეტის შერჩევით.