შაქრიანი დიაბეტის გვიანი გართულებები

 

დიაბეტიანი პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვამ პირველ პლანზე დააყენა დიაბეტის გვიანი გართულებების პრობლემა, რომელთა რისკიც სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვაგვარი აქვს და მატულობს დაავადების ხანგრძლივობასთან ერთად. მათ მიეკუთვნება მაკრო- და მიკროვასკულარული გართულებები, რიმლებიც ვითარდება როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში.

სისხლში გლუკოზის მუდმივად მაღალი დონე იწვევს დაავადებულ ადამიანებში ასაკობრივი ცვლილებების დაჩქარებას ნორმასთან შედარებით, რაც სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას გამოხატული სხვადასხვა ადამიანში.

ჰიპერგლიკემია იწვევს პირველად მეტაბოლურ ძვრებს და ადრეულ ფუნქციურ ცვლილებებს თირკმელებში, პერიფერიულ ნერვებსა და ბადურაში, ასევე მაკროანგიოპათიებს, რაც გამოვლინდება კორონარული და პერიფერიული არტერიების დაზიანებით.

დიაბეტის გვიან გართულებებს მიეკუთვნება:

·        რეტინოპათია

წარმოადგენს მოზრდილთა სიბრმავის უხშირეს მიზეზს.

აღენიშნება დიაბეტის 10-20 წლის ან მეტი ხანგრძლივობის მქონე თითქმის ყველა პაციენტს. რეტინოპათიის დიაგნოზი ხშირად რამდენიმე წლით უსწრებს წინ დიაბეტის კლინიკური დიაგნოზის დასმას. შაქრიანი დიაბეტის ხანდაზმულობის მიხედვით ვითარდება ჯერ არაპროლიფერაციული რეტინოპათია (ხასიათდება მიკრონევრიზმებითა და წერტილოვანი სისხლჩაქცევებით, მაგრამ იგი არ აზიანებს მხედველობას მანამ, სანამ არ შეეხება მაკულას) და შემდეგ პროლიფერაციული რეტინოპათია (ხასიათდება ნეოვასკულარიზაციით ანუ ახალი სისხლძარღვების გაჩენით, ბადურის აშრევებით და მინისებრ სხეულში სისხლჩაქცევით), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე.

რეტინოპათია ვითარდება ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 60-70%-სა და ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულთა 30%-ში.

·        ნეფროპათია

ვითარდება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთა 35-45%-ში და ტიპი 2 დიაბეტის 20%-ში. ნეფროპათიის პროცესი შეიძლება დიაბეტის დებიუტიდან 20 წელიწადზე მეტ ხანს  მიმდინარეობდეს და გამოიხატოს მიკროალბუმინურიით, შემდგომი პროგრესირება განიცადოს აშკარა პროტეინურიამდე და, საბოლოო ჯამში, თირკმლის უკმარისობის ჩამოყალიბებამდე. შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს თირკმლის უკმარისობის უხშირეს მიზეზს.

·        ნეიროპათია

ყველაზე ხშირია პერიფერიული, სიმეტრიული სენსომოტორული ნეიროპათია, რომელიც მხოლოდ მცირედ დისკომფორტს უქმნის პაციენტს. პაციენტთა მცირე რიცხვს აღენიშნება მტკივნეული პერიფერიული ნეიროპათია, რაც გამოვლინდება ჩხვლეტითი ან წვითი ხასიათის ტკივილებით.

ვეგეტატიური ნეიროპათია შეიძლება გახდეს გასტრო-ინტესტინალური დისფუნქციის, იმპოტენციის, ნაღვლის ბუშტის, გულისა და სისხლძარღვთა ტონუსის დისფუნქციის მიზეზი.

·        კარდიოვასკულარული დაავადებები

დიაბეტი მათი უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია. ისეთმა კარდიოლოგიურმა პრობლემებმა, როგორიცაა სტენოკარდია, ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შესაძლებელია თავი იჩინოს ასაკის მატებასთან ერთად და არამარტო მნიშვნელოვნად გააუარესოს დიაბეტიანთა ცხოვრების ხარისხი, არამედ მკვეთრად შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობა.

·        სხვა გართულებები - ინფექციების მიმართ მდგრადობის დაქვეითება, ცნობიერების დაზიანება

და თითების კონტრაქტურები (ჩაქუჩისებრი თითები).