შაქრიანი დიაბეტის მწვავე გართულებები

 

განასხვავებენ დიაბეტის მწვავე და გვიან გართულებებს.

მწვავედ განვითარებულ გართულებებს მიეკუთვნება დიაბეტური კეტოაციდოზი, არაკეტოზური ჰიპეროსმოლარული კომა და ჰიპოგლიკემია. ისინი ითვლება დიაბეტურ გადაუდებელ მდგომარეობებად და მათ პრევენციას, დროულ ამოცნობასა და გადაუდებელ დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არასასურველი გამოსავლის თავიდან აცილებასა და შესაბამისად, დიაბეტიანი პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებაში. ამის გათვალისწინებით, ყველა დიაბეტიანმა პაციენტმა და აგრეთვე მათი ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ ამ გართულებების შესახებ, რათა მათი პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მოხდეს ავადმყოფისათვის დროული დახმარების გაწევა.

დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია პოლიურია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი შედარებით იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმე კეტოციდოზის (კეტოაციდოზური კომა) ფორმით, რომლის სიმპტომებია დეჰიდრატაცია (გამოშრობა), პირიდან აცეტონის სუნი, ცნობიერების დაბინდვა,  გაღრმავებული და გაიშვიათებული სუნთქვა (ე.წ. კუსმაულის სუნთქვა).

დიაბეტური კეტოაციდოზი ხასიათდება პლაზმაში ბიკარბონატებისა და სისხლის PH-ს შემცირებით, ანიონების დეფიციტითა და ჰიპერლიპიდემიით; მნიშვნელოვან მეტაბოლურ აციდოზს ხშირად თან სდევს ჰიპერ-ან ჰიპოკალიემია (ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული). დიაგნოსტიკურ საშუალებათა გაუმჯობესების გამო დღესდღეობით ხდება დიაბეტის შედარებით დროული დიაგნოსტიკა, ამიტომაც მისი ისეთი მძიმე ფორმით გამოვლინება, როგორიცაა კეტოაციდოზი, შედარებით იშვიათია.

კეტოაციდოზის პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე:

·     აუცილებლად უნდა აწარმოოთ სისხლში გლუკოზის მონიტორინგი  დღეში რამდენჯერმე და შარდის შემოწმება კეტოსხეულებზე;

· თუ შეგიძლიათ სითხის მიღება, უნდა გაზარდოთ მიღებული არაკალორიული სითხეების რაოდენობა;

·        გამოიძახოთ ექიმი, თუ:

- არ შეგიძლიათ სითხის მიღება,

- სისხლში გლუკოზა ³ 240მგ% და კეტოსხეულებზე ტესტი დადებითია.

 

ჰიპეროსმოლარული არაკეტოზური ჰიპერგლიკემიური კომა შედარებით ხშირია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს. იგი ხასიათდება სისხლში გლუკოზის მაღალი დონით (>40 მმოლ/ლ), მინიმალური კეტოზით, შრატის მაღალი ოსმოსური წნევით (>350მოსმ/ლ) და ღრმა დეჰიდრატაციით. მისი არსებობის შემთხვევაში პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ცვლილებები ცნს-ის მხრივ და კრუნჩხვები.

არაკეტოზური ჰიპეროსმოლარული კომის პროვოცირება შეუძლია ზოგიერთ ინფექციურ დაავადებას, სეფსისს, დამწვრობას, ჰიპერგლიკემიის გამომწვევ მედიკამენტებს (სტეროიდები, ფენიტოინი, დიურეტიკები), იატროგენულ პროცედურებს (ოპერაციული ჩარევა, დიალიზი), ქრონიკულ დაავადებებსა და მწვავე სტრესს.

არაკეტოზური ჰიპეროსმოლარული კომაზე ყველა საეჭვო შემთხვევის დროს უნდა აუცილებლად მიმართოთ ექიმს.

 

გახსოვდეთ:

დიაბეტური კეტოაციდოზი და ჰიპეროსმოლარული კომა, აუცილებლად საჭიროებს ენდოკრინოლოგის კონსულტაციასა და პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.

 

ჰიპოგლიკემია. დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია. სამკურნალო საშუალებები (აბები, ინსულინის ინექცია) ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, მაგრამ ხანდახან მათი ეფექტი ისე ძლიერია, რომ შაქრის დონე ძალიან იკლებს. ასეთ მდგომარეობას ანუ სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებას 3,3მმოლ/-ზე ქვემოთ ეწოდება ჰიპოგლიკემია.

ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია:

·        უეცარი შიმშილის გრძნობა,

·        კანკალი,

·        განწყობილების შეცვლა,

·        დაღლილობა,

·        თავბრუსხვევა,

·        მხედველობის დაბინდვა,

·        სიფერმკრთალე,

·        სიცივის შეგრძნება,

·        ოფლიანობა,

·        მოუსვენრობა,

·        თავის ტკივილი,

·        გახშირებული გულისცემა,

·        ღებინება,

·        კონცენტრაციის დაქვეითება,

·        აბნეულობა,

·        ძილიანობა,

·        ზოგჯერ კრუნჩხვები.

 

ჰიპოგლიკემია ყოველთვის არ არის «ჭეშმარიტი». თუკი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისხლში შაქრის დონე საკმაოდ აღემატება ნორმას, ორგანიზმი ეჩვევა მას და ამიტომ, როცა ხდება მისი დაქვეითება ნორმალურ დონემდე ან იმ დონემდე, რომელიც დიდად არ განსხვავდება თირკმლის ზღურბლისაგან, ადამიანი შაქრის ნორმალურ ციფრებზე ისევე რეაგირებს, როგორც ჰიპოგლიკემიაზე: იგი გრძნობს საერთო სისუსტეს, კიდურების კანკალს. ასეთ მდგომარეობას «ცრუ» ჰიპოგლიკემია ეწოდება. ჭეშმარიტი და ცრუ ჰიპოგლიკემიის განსასხვავებლად საჭიროა სისხლში შაქრის დონის შემოწმება, თუკი ამის საშუალება არის. “ცრუ” ჰიპოგლიკემიის დროს არ არის საჭირო დამატებით ნახშირწყლების მიღება.

ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს, თუ:

· მიიღეთ არასაკმარისი რაოდენობის საკვები (ნახშირწყლების არასაკმარისი შემცველობის) ან გამოტოვეთ კვება;

·        მიიღეთ შაქრის დამწევი მედიკამენტი (ტაბლეტები) ან გაიკეთეთ ინსულინი და არაფერი შეჭამეთ;

·        ზომაზე მეტად დაიტვირთეთ ფიზიკურად.

გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლმა შეიძლება გაახანგრძლივებული ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს!

ჰიპოგლიკემიის სიმპტომების დროს ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს საკვების სახით ნახშირწყლების გარკვეული რაოდენობა. მსუბუქი ჰიპოგლიკემია, მიუხედავად უსიამოვნო შეგრძნებებისა, საშიში არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ავადმყოფი მზად უნდა იყოს ჰიპოგლიკემიის გამოვლინებისადმი - თან უნდა ჰქონდეს ადვილად შესათვისებელი ნახშირწყლები (შაქრის 4-5 ნატეხი, 200მლ წვენი და სხვ.), რომლებიც უნდა მიიღოს ჰიპოგლიკემიის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე.

სამწუხაროდ, ინსულინით მკურნალობისას კარგი კომპენსაციის პირობებში შესაძლებელია მსუბუქი ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების განვითარება. ახალგაზრდებში 2-3 ასეთი ხანმოკლე ეპიზოდი კვირის განმავლობაში ნორმალურად ითვლება. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს ჰიპოგლიკემიის საშიშროების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასაკი, მკურნალობის სახე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა და სხვ.

მძიმე ჰიპოგლიკემია (ჰიპოგლიკემიური კომა), რომლის დროსაც ადამიანი კარგავს გონებას, საშიშია ტვინისათვის. ამიტომ შაქრის ციფრების რეგულარული თვითკონტროლი აუცილებელია. ამჟამად მიღებულია, ასეთ შემთხვევაში გლუკაგონის კანქვეშა ან კუნთში ინექციის გაკეთება (მოზრდილებისა და მოზარდების დოზაა 1მგ, 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში: 0,25-0,5მგ; 5-10 წლის ბავშვებში 0,5-1,0 მგ). თუ გლუკაგონი ეფექტურია, ცნს-ის მხრივ ჰიპოგლიკემიის სიმპტომების კუპირება ხდება 10-25წთ-ის შემდეგ. თუ პაციენტს 25წთ-ში არ დაუბრუნდა გონება, საჭირო ხდება ავადმყოფის ტრანსპორტირება სტაციონარში.

გახსოვდეთ:

·  დიაბეტიან პაციენტს ყოველთვის თან ჰქონდეს 10-15გ გლუკოზა, რათა მიიღოს ის ჰიპოგლიკემიის ნიშნების შემჩნევისთანავე;

·  15გ გლუკოზას შეიცავს: შაქრის 4 ნატეხი, ასევე 1,5დლ კოკა-კოლა, ხილის წვენი, ლიმონათი ან 2ჩ/კ თაფლი;

·        შაქარს ცვლის: ხილის ერთი პორცია (ბანანი, 150გ მსხალი), რძის ერთი პორცია (2დლ), 30გ პური (ან ბრიჯი)  და 30გ ყველი, ასევე ნაყინის 1 ბურთულა, 1 იოგურტი,  1,5 დლ ნატურალური ხილის წვენი, 2 მშრალი ნამცხვარი, 30გ შოკოლადი;

·        თუ პაციენტს არ შეუძლია ყლაპვა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა;

· დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თან სამედიცინო საიდენტიფიკაციო ბარათი, რათა ქუჩაში ჰიპოგლიკემიური კომის განვითარების  შემთხვევაში, დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა.

 

ბოლო წლებში დიაბეტის  მკურნალობის სრულყოფამ, კლინიკაში ადამიანის ინსულინის დანერგვამ, ინსულინოთერაპიის რეჟიმების და კონტროლის მეთოდთა ოპტიმიზაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა დიაბეტის მწვავე გართულებათა სიხშირე. აშშ-ს მონაცემებით მთელს მსოფლიოში ამ მიზეზებით ლეტალობა არ აღემატება 3%-ს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაა, ამ მხრივ საქართველოში შესაძლებელია, მდგომარეობა  განსხვავებული იყოს.