როგორ ხორციელდება შაქრის თვითკონტროლი?
 

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტისათვის აუცილებელია შაქრის ციფრების რეგულარული კონტროლი, ვინაიდან დიაბეტის მკურნალობის ძირითადი მიზანია სისხლში შაქრის დონის ნორმასთან მიახლოებულ ფარგლებში შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში. გლუკოზის დამაკმაყოფილებელი დონე მეტყველებს მკურნალობის ეფექტურობაზე. თუკი შედეგი არადამაკმაყოფილებელია, თქვენს ექიმთან ერთად მოგიწევთ ცვლილებების შეტანა მკურნალობაში.

დიაბეტის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს გლუკოზის მაჩვენებლების განსაზღვრის გზით სისხლში და/ან შარდში.

სისხლში გლუკოზის  თვითკონტროლი - სწრაფი და ზუსტი ხერხია, მაგრამ მოითხოვს სისხლის აღებას. იგი რეკომენდებულია უფრო ახალგაზრდა, აქტიურ ტიპებში. კონტროლი შეიძლება ყოველდღიურად განხორციელდეს უშუალოდ პაციენტის მიერ ბინის პირობებში ქიმიური რეაქტივით დაფარული ქაღალდის ზოლების მეშვეობით (ე.წ. სტრიპები) ან სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით. მათი გამოყენებისას მკაცრად უნდა იქნას დაცული ინსტრუქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მიღებული იქნას მცდარი პასუხი. ზუსტად უნდა იქნას დაცული დრო, «სტრიპის» სისხლით გაჟღენთვის აუცილებლობისას გამოყენებულ უნდა იქნას ბამბა ან სადა ზედაპირის მქონე ხელსაწმენდი. უკანასკნელ პერიოდში ამ მიზნით გამოყენებული ხელსაწყოები (გლუკომეტრები) აღარ საჭიროებენ განსაკუთრებული წესების დაცვას. მათი მეშვეობით ხდება სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა ავტომატურად, 30-120 წამში. პასუხი გამონათდება ტაბლოზე. მონაცემები ინახება ხელსაწყოს მეხსიერებაში. გლუკომეტრები გამოირჩევიან სიმარტივით, საიმედოობით, კომპაქტურობით, რაც მოსახერხებელს ხდის მათ გამოყენებას ბავშვებშიც კი.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში სისხლში შაქრის კონტროლთან ერთად ასევე საჭიროა პერიოდულად შარდში შაქრის შემცველობის კონტროლი. ეს საშუალებას იძლევა გაარკვიოთ, რა დაემართა იმ ნახშირწყლებს, რომელიც ორგანიზმში მოხვდა საკვების გზით. შარდში გლუკოზის განსაზღვრა შესასრულებლად უფრო მარტივი, მაგრამ არაზუსტი მეთოდია. იგი რეკომენდებულია უფრო ხანდაზმული ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ ნაკლები მოტივაცია და უჭირთ სახლის პირობებში სისხლის აღება. შარდში გლუკოზის განსაზღვრისათვის გამოიყენება სპეციალური რეაქტიული ზოლები საკვების მიღებიდან 1,5-2 სთ-ის შემდეგ. თვითკონტროლის შედეგები უნდა შეიტანოთ დღიურში მიღებული საკვებისა და ჩატარებული მკურნალობის ამსახველ ჩანაწერთან ერთად.

გახსოვდეთ:

·        თვითკონტროლის მიზნით გლუკოზა იზომება კაპილარულ სისხლში;

· გლიკემიის კონტროლისათვის სისხლის ასაღებად უმჯობესია გამოყენებულ იქნას სპეციალური ავტომატური საჩხვლეტი კალმები ან  სამწახნაგოვანი ლანცეტი;

·   ჩხვლეტა უნდა განხორციელდეს თითის გვერდით ზედაპირზე და არა უშუალოდ «ბალიშზე», რაც ნაკლებად მტკივნეულს გახდის ამ პროცედურას;

·      სისხლის აღება შეიძლება ორივე ხელის ნებისმიერი თითიდან ცერა და საჩვენებელი თითების გარდა. უმჯობესია თანმიმდევრობით  ცვალოთ თითები;

·        შაქრის შემცველობის გაზომვა სისხლში უნდა ხდებოდეს კვების წინ (საუზმე, სადილი, ვახშამი), დამატებით კონტროლი წარმოებს ძილის წინ და თვითგრძნობის გაუარესების შემთხვევაში. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ინსულინის დოზის შერჩევა-კორექცია თქვენი ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის შესაბამისად;

· უნდა აწარმოოთ სპეციალური დღიური თვითკონტროლისათვის, სადაც უნდა დააფიქსიროთ შაქრის გაზომვის ყოველდღიური შედეგები, გაკეთებული ინსულინის რაოდენობა, პურის ერთეულების რაოდენობა მიღებული საკვების მიხედვით. აქვე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული ნებისმიერი გართულებისა (მაგ. ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები)  და თანმხლები მდგომარეობის (მაგ. ტემპერატურის მომატება, ალკოჰოლის მიღება და სხვ.) შესახებ;

·        მკურნალი ექიმი პერიოდულად უნდა ეცნობოდეს დღიურში არსებულ ჩანაწერებს.