ინსულინისა და ინსულინოთერაპიის შესახებ

იმისათვის, რომ გლუკოზა მოხვდეს უჯრედში, საჭიროა ინსულინი - ჰორმონი, რომელსაც გამოყოფს პანკრეასი (კუჭუკანა ჯირკვალი). ინსულინი, როგორც ცნობილია, მთავარ როლს ასრულებს ორგანიზმში ნახშირწყლების, ცხიმისა და ცილის მეტაბოლიზმში. ზოგიერთი პაციენტი თვლის, რომ ინსულინი შლის შაქარს, მაგრამ ეს ასე არ არის. ინსულინის მოქმედების მექანიზმი გაცილებით უფრო რთულია. იგი, მსგავსად გასაღებისა,  რომლითაც ვაღებთ კარებს, ეხმარება შაქარს სისხლიდან უჯრედის შიგნით მოხვედრაში. როცა ინსულინის რაოდენობა საკმარისი არ არის, შაქარი რჩება სისხლში, რის გამოც უჯრედები განიცდიან შიმშილს. ინსულინი საჭიროა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ყველა და ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზოგიერთი პაციენტისათვის.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი - ეს არის გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება, რომლის პათოგენეზში წამყვანი როლი ენიჭება აუტოიმუნურ პროცესებს, რასაც მივყავართ ინსულინის აბსოლუტურ უკმარისობამდე. ამიტომ მისი მკურნალობის ძირითადი მეთოდი ინსულინით შენაცვლებითი თერაპიაა ანუ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის მაღალი ციფრების ფონზე განვითარებული შიმშილის დროს პაციენტს დამატებითი საკვების მიცემის ნაცვლად აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ინსულინის ინექცია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელ ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინს გამოყოფს მუდმივად, შეწოვილი ნახშირწყლების რაოდენობის ადექვატურად, მაგრამ შენაცვლებითი თერაპიის დროს შეუძლებელია მიღწეულ იქნას შეწოვილი  ნახშირწყლებისა და ინსულინის ბუნებრივი ბალანსი. გარდა ამისა, ეგზოგენური ინსულინის შეწოვა კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილიდან ხდება უფრო ნელა და დამოკიდებულია მთელ რიგ ფიზიოლოგიურ და გარემო ფაქტორებზე, ამიტომაც არ უნდა დაგვავიწყდეს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი, როცა ვცდილობთ მივაღწიოთ სისხლში შაქრის ციფრების ნორმალიზაციას.

სამწუხაროდ, არ არსებობს ინსულინის პერორალური ფორმა, ვინაიდან ეს ცილოვანი ჰორმონი იშლება საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით და თავისი ფუნქციის განხორციელებას ვეღარ შესძლებს.

ინსულინის პრეპარატები. ჩვეულებრივ, ინსულინის პრეპარატები შეიცავენ 100ერთ/მლ-ში (ინსულინი U-100), ან 40ერთ/მლ-ში (ინსულინი U-40). მათი შეყვანა კანქვეშ ხდება ერთჯერადი შპრიცების საშუალებით, რომლებიც დაგრადუირებულია აღნიშნული კონცენტრაციებისთვის. საქართველოში უფრო ფართოდ გამოიყენება U-40 ინსულინი, თუმცა 1990-იანი წლებიდან ხდება U-100 ინსულინის თანდათანობითი დამკვიდრება საექიმო პრაქტიკაში.

ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტებს, როგორც წესი, ენიშნებათ ადამიანის ინსულინი, იმის გამო, რომ მისი გამოყენებისას უფრო იშვიათად გვხვდება ალერგია, რეზისტენტობა და ლიპოდისტროფია.

თუ პაციენტის მდგომარეობა კარგად კონტროლდება ცხოველური (ღორის ან ხარის) ინსულინით, მისი შეცვლა საჭირო არ არის.

არსებობს ადამიანის ინსულინის სხვადასხვა პრეპარატები:

·        უსწრაფესი მოქმედების (ჰუმალოგი, ნოვორაპიდი)

·        ხანმოკლე მოქმედების (ჰუმულინ R, ნოვოლინ R, აქტრაპიდი)

·        საშუალო ხანგრძლივობის (ჰუმულინ,Nნოვოლინ, ჰუმულინ-ლენტე, მონოტარდი, ინსულატარდი)

·        ხანგრძლივი მოქმედების (ჰუმულინ-ულტრალენტე)

·        შერეული (ინსულინ-იზოფანის სუსპენზია(NPH), რეგულარული

ინსულინი (R*), მიქსტარდი 70/30, მიქსტარდი 50/50,  ნოვოლინ 70/30)HM

 

გახსოვდეთ:

·        ინსულინოთერაპიის სქემის შერჩევა ხდება მკურნალი ექიმის მიერ დიაბეტის ტიპის, გლიკემიის კონტროლის მონაცემებისა და ინსულინის პრეპარატის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. სქემა მკაცრად უნდა იქნას დაცული პაციენტის მიერ;

·        გახსნილი ინსულინის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე შესაძლებელია მხოლოდ 1 თვის მანძილზე. გაუხსნელი ინსულინი ინახება მაცივარში;

·        შპრიცები შეიძლება წინასწარ შეივსოს და შეინახოს მაცივარში ვერტიკალურ პოზიციაში 3 კვირის მანძილზე (დაუშვებელია ლისპროს გამოყენებისას);

·      ინსულინის ინექციის გაკეთება შეიძლება ვასწავლოთ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთაც ადექვატური შემეცნებითი და ფსიქომოტორული ფუნქციები გააჩნიათ;

·  ინსულინი კეთდება კანქვეშ მხრის, ბარძაყის წინა და გარეთა   ზედაპირების, დუნდულოებისა და მუცლის არეში (გარდა ჭიპის ირგვლივ 5სმ რადიუსისა). ნუ გადახტებით ერთი ანატომიური არიდან მეორეზე, მაგრამ ცვალეთ საინექციო ადგილები ერთი და იგივე ანატომიური არის ფარგლებში;

·       ჩვეულებრივი ინსულინი კეთდება ჭამამდე 30-60 წთ-ით ადრე. ლისპრო უნდა გაკეთდეს ჭამამდე 15 წთ-ით ადრე;

·  გამოყენებული შპრიცის ხელმეორედ ხმარება შესაძლებელია მისი გაწმენდისა და მაცივარში შენახვის შემდეგ (შპრიცის ალტერნატივაა კალმისტრები, ინსულინის შემცველი კარტრიჯები, რომლებიც საკმაოდ ძვირია, მაგრამ, შესაძლოა უფრო მისაღები იყოს და გააუმჯობესოს ინსულინის ინექციის ტექნიკა).

 

მძიმე შემთხვევებში (ავთვისებიანი ინსულინორეზისტენტობა, მწვავე ან ფარულად მიმდინარე ინფექცია, ინსულინის არაადექვატური დოზა, არასათანადო ჩვევები) სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი ინსულინით ვერ ხერხდება.