ფიზიკური ვარჯიში და დიაბეტი

 

ვარჯიში დადებითად მოქმედებს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეზე, ზრდის რა მის მეტაბოლიზმს და ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შეუძლია ინსულინორეზისტენტობის შემცირებაც. ვარჯიშის პროგრამა უნდა შემუშავდეს შესაბამისი ობიექტური გამოკვლევის შემდეგ, რომელიც მოიცავს გულის, სისხლძარღვების, თვალების, თირკმლებისა და ნერვული სისტემის საგულდაგულო გამოკვლევას.

·  თუ პაციენტს აღენიშნება კარდიო-ვასკულარული გართულებების მაღალი რისკი, ვარჯიშის პროგრამის შერჩევამდე საჭიროა დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტის ჩატარება.

·    პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე გართულებები თვალების, თირკმლების მხრივ და ვეგეტატიური ნეიროპათია, უნდა მოერიდონ ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს.

· თუ პაციენტს აღენიშნება პერიფერიული ნეიროპათია ან ტერფის პრობლემები, საჭიროა  სიფრთხილის დამატებითი ზომების მიღება, მაგ. დარწმუნება იმაში, რომ ფეხსაცმელი კარგად არის მორგებული.

ვარჯიშს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში. ფიზიკური ვარჯიში შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის განუყოფელი ნაწილია. იგი ამავე დროს ხელს უწყობს ჭარბი წონის დაქვეითებას, რასაც თავისი წვლილი შეაქვს მკურნალობაში. დაავადების რაც უფრო ადრეულ სტადიაზე შემუშავდება შესაბამისი ვარჯიშის პროგრამა, მით მეტია მისი დადებითი ეფექტი დაავადების მიმდინარეობასა და მის გამოსავალზე.

 

რჩევები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის:

·        ვარჯიშის სიძლიერე უნდა იყოს ზომიერი, არც ძალიან მსუბუქი და არც ძალიან მძიმე;

·   დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშის თანდათანობით დაწყებას, ზომიერი ტემპის მიღწევას და შენარჩუნებას მთელი ვარჯიშის განმავლობაში (სუნთქვის სიხშირისა და გულისცემის მცირედი მომატება) და სიმძლავრის მომატებას მხოლოდ თანდათანობითი შეჩვევის შემდეგ;

·      ივარჯიშეთ რეგულარულად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, დღეში არანაკლებ 1სთ. საუკეთესოა ვარჯიში სუფთა ჰაერზე ან სპორტის ისეთი სახეობები, რომელიც არ მითხოვს ძლიერ დატვირთვას (ცურვა, ველოსპორტი, ბოულინგი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ციგურაობა, ცეკვა, ტანვარჯიში);

·        სავარჯიშოდ გამოდგება დღის ნებისმიერი მონაკვეთი, შესაძლოა იგი რამოდენიმე ნაწილად გაიყოს და მოიცავდეს სამსახურში ფეხით ან ველოსიპედით სიარულს;

·      ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღების ფონზე ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის შემცველობის დაქვეითება ნორმაზე მეტად, ამიტომ ვარჯიშის დროს თან იქონიეთ შაქარი ან სახამებლის შემცველი სხვა საკვები, რათა მიიღოთ ის, როგორც კი თავს სუსტად ან “უცნაურად” იგრძნობთ;

·    ვარჯიშის დაწყებამდე შეეკითხეთ რჩევა თქვენს მკურნალ ექიმს წამლის დოზის შესაძლო შემცირების თაობაზე;

·       არ ივარჯიშოთ, თუკი ხართ ავად, ან გრძნობთ ნებისმიერ ტკივილს გულმკერდში, სახსრებსა ან ფეხებში, ხართ დაღლილი, გრძნობთ ჰაერის უკმარისობას ან თუ მუდმივად მაღალი გაქვთ სისხლში გლუკოზის დონე!

 

რჩევები ინსულინოთერაპიაზე მყოფი პაციენტებისათვის:

·        მოერიდეთ ვარჯიშს მაშინ, როდესაც ინსულინი აღწევს თავისი მოქმედების პიკს;

·        შეამოწმეთ სისხლში გლუკოზის დონე ვარჯიშამდე და მის შემდეგ, რათა დაადგინოთ ინსულინის ან საკვების მიღების შეცვლის საჭიროება და შეიტყოთ, როგორ რეაგირებს გლიკემია სხვადასხვა ტიპის ვარჯიშზე;

·        მოერიდეთ ვარჯიშს, თუ უზმოზე სისხლში გლუკოზა <80მგ% ან >250მგ% და აღინიშნება კეტოზი, ან თუ გლუკოზის დონე >300მგ%, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა სახეზე კეტოზი;

·        თუ გლუკოზის დონე <100მგ%, მიიღეთ დამატებითი ნახშირწყლები;

·        ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით საჭიროების მიხედვით მიიღეთ დამატებითი ნახშირწყლები. ვარჯიშის პერიოდში და მის შემდეგ მზად უნდა გქონდეთ ნახშირწყლების შემცველი საკვები. ზოგადად, ნახშირწყლების ერთი ულუფა გლუკოზის დონეს ზრდის 40 მგ%-ით;

·        მოერიდეთ ვარჯიშს იმ კიდურებით, რომლებშიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა ინსულინის ინექცია.