შაქრიანი დიაბეტი და ალკოჰოლი

ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელი (ტკბილი ღვინოები, ლიქიორი) ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას. მაგარი სასმელები (არაყი, კონიაკი და სხვ.) იწვევენ სისხლში შაქრის დონის დროებით დაქვეითებას, მაგრამ ეს “სამკურნალო” ეფექტი როდია, ვინაიდან შემდეგ ხდება შაქრის ციფრების მომატება უფრო მაღალ დონემდე. შაქრის დაქვეითების პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობაც კი, ამიტომ მაგარი სასმელების მიღება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს (50-100გ-მდე დღეში). ნაკლებად მაგარი  და ტკბილი სასმელები (მშრალი ღვინო, მშრალი შამპანური, ლუდი) ზომიერი რაოდენობით (100-200გ დღეში) არ ახდენენ მნიშვნელოვან ზეგავლენას სისხლში შაქრის შემცველობაზე, ამიტომაც მათი ზომიერი მიღება შესაძლებელია. რაც შეეხება არსებულ “მითებს” წითელი ღვინის ე.წ. სამკურნალო თვისებების შესახებ, სერიოზული მტკიცებულებების არარსებობის გამო ითვლება, რომ წითელი და თეთრი ღვინო თითქმის ერთნაირად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. როცა საუბარია იმაზე, რომ ალკოჰოლი მცირე დოზით სასარგებლოა, იგულისხმება, რომ ეს დოზა სუფთა სპირტზე გადათვლით არ უნდა აღემატებოდეს 10-30გ დღეში. ზოგიერთი დაავადების არსებობის პირობებში (მაგ. ჰიპერტონული დაავადება, ჭარბი წონა) ალკოჰოლის მიღება საერთოდ უნდა აიკრძალოს.