შაქრიანი დიაბეტის ეპიდემიოლოგია

 

შაქრიანი დიაბეტი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი მედიკო-სოციალური პრობლემაა. ეს ფართოდ გავრცელებული დაავადება იწვევს ნაადრევ ინვალიდიზაციასა და ავადმყოფთა მაღალ სიკვდილობას.

დიაბეტის გავრცელების მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 2%-დან 6%-მდე მერყეობს. დღეისათვის ჩვენს პლანეტაზე 110-120მლნ დიაბეტით დაავადებული ადამიანია. ყოველ 12-15 წელიწადში მათი რაოდენობა ორმაგდება და ამიტომ 2010 წლისათვის მათი საერთო რიცხვი, ექსპერტების თვალსაზრისით, სულ მცირე 240მლნ ადამიანს მიაღწევს.

ასეთივე მატების ტენდენცია არის დამახასიათებელი საქართველოსთვისაც, სადაც 2002 წლის ბოლოსათვის აღირიცხა ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე 1078,9  დიაბეტით დაავადებული ადამიანი, რამაც  მთლიანობაში შეადგინა 47 164 ადამიანი, აქედან 5888 იყო ახალი შემთხვევა. 2002 წელს სულ აღირიცხა დიაბეტით დაავადებული 257  ბავშვი, მათ შორის 76 იყო ახლად დაფიქსირებული შემთხვევა.