ადამიანის რეპროდუქცია

 

 

 

 

 

 

 

 

ადამიანის რეპროდუქციული უნარი

 

ადამიანის რეპროდუქცია ანუ გამრავლება - ეს არის ფიზიოლოგიური ფუნქცია, რომელიც აუცილებელია ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის შენარჩუნებისათვის.

ადამიანის რეპროდუქციული სისტემა შედგება განსხვავებული მორფოლოგიის მქონე ორი სისტემისაგან, ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემებისაგან.

რეპროდუქციის უნარი მხოლოდ ბიოლოგიურად მომწიფებულ ინდივიდებს აქვთ. მომწიფების ასაკში (იგივე პუბერტატულ ასაკში) ხდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური გადაწყობა, რაც გამოვლინდება ფიზიკური და ქიმიური ცვლილებებით,  რომლებიც იუწყებიან ბიოლოგიური სიმწიფის შესახებ. ვაჟებში სქესობრივი მომწიფების პროცესში შესამჩნევად იცვლება ტანადობა - მცირდება ცხიმის რაოდენობა მუცლისა და თეძოების მიდამოში, ფართოვდება ბეჭები, ქვეითდება ხმის ტემბრი, ჩნდება თმიანობა სახესა და სხეულზე. სპერმატოგენეზი (სპერმატოზოიდების წარმოქმნა) ბიჭებში შედარებით უფრო გვიან იწყება, ვიდრე გოგონებში მენსტრუაცია.

გამრავლების ფუნქცია მამაკაცებში გამოიხატება  საკმარისი რაოდენობით სპერმატოზოიდების გამომუშავებით, რომლებსაც აქვთ ნორმალური მოძრაობის და მომწიფებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი.

გოგონებში მომწიფების ასაკში ხდება ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება თეძოსა და ბარძაყის მიდამოში, სარძევე ჯირკვლების ზრდა,  თმიანობის განვითარება ბოქვენისა და იღლიის ფოსოს მიდამოებში, ანუ ხდება მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება. მალევე ხდება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება. ქალის სასქესო ჯირკვლებში - საკვერცხეებში მწიფდება კვერცხუჯრედი, რომელსაც უნარი აქვს შეერწყას მამაკაცის სასქესო უჯრედს – სპერმატოზოიდს და დასაბამი მისცეს ახალ სიცოცხლეს.

გამრავლების პროცესი ადამიანში იწყება ჩასახვის მომენტიდან (განაყოფიერებიდან), ანუ მამაკაცის სასქესო უჯრედის (სპერმატოზოიდის) შეღწევით ქალის სასქესო უჯრედში (კვერცხუჯრედში). ამ ორი უჯრედის ბირთვების შერწყმით იწყება ახალი ინდივიდის ფორმირება.

ჩასახვის შემთხვევათა თითქმის 98%-ში ხდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერება, რაც განაპირობებს ერთი ნაყოფის განვითარებას. 1,5%-ში ვითარდებიან ტყუპები, ხოლო 7500 ორსულობიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვითარდება სამ-ნაყოფიანი ორსულობა.

 

 

 

მამაკაცის სასქესო სისტემა

 

მამაკაცის სასქესო სისტემის ორგანოებს წარმოადგენს: სათესლე ჯირკვლები, სათესლე დანამატები, სათესლე ბაგირაკები, სათესლეები, თესლგამტარი გზები, წინამდებარე ჯირკვლი და ასო.

სათესლე ჯირკვალი წყვილი სასქესო ორგანოა. იგი მდებარეობს შარდის ბუშტის ძირსა და წინამდებარე ჯირკვალს შორის. მას ელიფსოიდური ფორმა აქვს და საკუთარ მრავალშრიან პარკში (სათესლე პარკი) გახვეული ჩამოკიდებულია სათესლე ბაგირაკზე, რომელიც მექანიკური ფუნქციის გარდა დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს.

სათესლე პარკი, თავის მხრივ, შედგება მრავალრიცხოვანი სათესლე ბაგირაკებისაგან, რომლებიც ერთდებიან და წარმოქმნიან სათესლე დანამატს - ეპიდიდიმისს, რომელიც მოზრდილებში წონითა და მოცულობით სათესლე ჯირკვლის 1/9-ია და სათესლე ჯირკვლის უკანა კიდეს გასდევს მთელ სიგრძეზე. სათესლე დანამატისაგან გამოდის სათესლე დანამატის სადინარი. სათესლე პარკი და სათესლე ბაგირაკი ქმნიან საფარველს სათესლე პარკისა და თესლის გამომტანი სადინარისათვის. სათესლე ბაგირაკი ერთად  მექანიკურ ფუნქციასაც ასრულებს: მასზე ჩამოკიდებულია სათესლე ჯირკვალი.

სათესლე ჯირკვალში ხდება მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ანდროგენების სეკრეცია და სპერმის გამომუშავება, რომელიც შეიცავს მამაკაცის სასქესო უჯრედებს - სპერმატოზოიდებს, რომლებიც წარმოადგენს მცირე ზომის ძალიან მოძრავ უჯრედებს. სპერმატოზოიდი შედგება თავის (შეიცავს ბირთვს), კისრისა და კუდის ნაწილისაგან.

სპერმატოზოიდები ვითარდებიან სპეციალური უჯრედებისაგან უწვრილეს სათესლე ბაგირაკებში  (სპერმატოციტები), საიდანაც გადაადგილდებიან უფრო მსხვილ ბაგირაკებში, შემდეგ ეპიდიდიმისში, სადაც მთავრდება მათი გარდაქმნა სპერმატოზოიდებად.

წინამდებარე ჯირკვალი - პროსტატა, კუნთოვან-ჯირკვლოვანი ორგანოა და  ზომითა და ფორმით წააგავს წაბლს. პროსტატის ორგვაროვანი აგებულება მის ორ განსხვავებულ ფუნქციას უზრუნველყოფს: კუნთოვანი - ქმნის შარდსადენის უნებლიე მძლავრ სფინქტერს, ხოლო როგორც ჯირკვლოვანი ორგანო გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სპერმატოზოიდების ცხოველმყოფელობასა და აქტივობაში.

ორგაზმის დროს სპერმატოზოიდები პროსტატის უჯრედების, თესლგამომტანი სადინრის, სათესლე ბუშტუკებისა და ლორწოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ სეკრეტთან ერთად წინამდებარე ჯირკვლის მილაკებით გადადის შარდსადინარში, რომელიც მდებარეობს ჯერ პროსტატის, შემდეგ კი ასოს სისქეში.  ნორმაში ეაკულატის (თესლის) მოცულობა არის 2,5-3 მლ, იგი  საშუალოდ, 100 მლნ სპერმატოზოიდზე მეტს შეიცავს.

ასო - მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანოა. მისი ზომები მეტისმეტად ვარიაბელურია ინდივიდუალური ნიშნის, ასაკის და სისხლსავსეობის (ერექციის დონის) მიხედვით.

მამაკაცის სასქესო ორგანოები, ისევე როგორც ყველა ორგანო, შედგება სისხლძარღვების, ლიმფური ძარღვებისა და ნერვებისაგან.

 

 

 

ქალის რეპროდუქციული სისტემა

 

ქალის სასქესო ორგანოებს ყოფენ ორ ნაწილად: გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებად. მათ გამყოფს წარმოადგენს საქალწულე აპკი. ქალის სასქესო სისტემა მომარაგებულია სისხლძარღვებით, ლიმფური ძარღვებით და ნერვებით.

გარეთა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება გარეგანი დათვალიერებისათვის ხელმისაწვდომი ორგანოები. ისინი იცავენ შიგნითა სასქესო გზებს ინფექციებისაგან, ტრავმებისაგან. გარეთა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება დიდი და მცირე სასირცხო ბაგეები, კლიტორი (სავნებო), საქალწულე აპკი.

შიგნითა სასქესო ორგანოებს ეკუთვნის: საკვერცხეები, წყვილი კვერცხსავალი მილი (ფალოპის მილი), საშვილოსნო და საშო.

დიდი სასირცხო ბაგეები წარმოადგენს კანის ნაოჭს, რომელიც შეიცავს ცხიმით მდიდარ შემაერთებელ ქსოვილს. მის შიგნით განლაგებული ბართოლინის ჯირკვლები გამოიმუშავებენ თხევად სეკრეტს, რომლითაც სველდება საშო სქესობრივი კონტაქტის დროს.

მცირე სასირცხო ბაგეები მდებარეობს დიდი ბაგეების შიგნით. იგი წარმოადგენს კანის ნაოჭს, რომელიც გავს ლორწოვან გარსს. მცირე ბაგეებს შორის ნაპრალს საშოს კარიბჭე ჰქვია, აქ მდებარეობს შარდსადინარის გარეთა ხვრელი და ოდნავ ქვევით, საშოს შესავალი, რომელიც ქალწულებს შემოსაზღვრული აქვთ აპკით.

სავნებო (კლიტორი) პატარა მგრძნობიარე წარმონაქმნია, რომელიც აგებულებით მამაკაცის სასქესო ორგანოს მსგავსია (შეესაბამება მამაკაცის ასოს მღვიმოვან სხეულს). სქესობრივი აგზნების დროს სისხლის მოდინების გამო ხდება მისი ზომაში მომატება.

საქალწულე აპკი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც სასქესო ორგანოებს ყოფს ორ ნაწილად: გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებად. მისი მთლიანობა ირღვევა სქესობრივი კავშირის შედეგად და ღებულობს ქალისათვის დამახასიათებელ ფორმასა და ზომებს, მშობიარობის შემდეგ კი საქალწულე აპკის მხოლოდ კვალი რჩება.

 

 

 

 

 

 

 

საშვილოსნო - კენტი ღრუ კუნთოვანი ორგანოა, რომლის ძირითადი ფუნქციაა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარების უზრუნველყოფა. საშვილოსნო მოთავსებულია მცირე მენჯის ღრუში, სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის. ზრდასრული ქალის საშვილოსნო მსხლის ფორმისაა, განაკვეთზე კი მას სამკუთხედის ფორმა აქვს. ზედა კუთხეებში მას უერთდება კვერცხსავალი მილები, ხოლო ქვედა კუთხე ქმნის საშვილოსნოს ყელს, რომელიც თავის მხრივ საშვილოსნოს ყელის არხს მოიცავს. საშვილოსნო იყოფა სამ ნაწილად: ყელი, წინა ყელი და ტანი. საშვილოსნოს ყელი თითქმის ცილინდრული მილია, რომლის გარეთა კიდე საშოშია შეჭრილი.  საშვილოსნოს ყელი დაახლოებით მთელი ორგანოს სიგრძის ერთ მესამედს შეადგენს. ყელის შიგნით მთელს სიგრძეზე გადის ცერვიკალური არხი, რომელიც იხსნება ერთის მხრივ საშვილოსნოს ღრუში, ხოლო მეორეს მხრივ – საშოში. მისი გავლით საშოში  გადმოდის მენსტრუალური სისხლი, ხოლო სქესობრივი აქტის დროს საშვილოსნოში ხვდება სპერმატოზოიდი. არხის სანათურში მოთავსებულია ლორწოვანი საცობი - საშვილოსნოს ყელის არხის ჯირკვლების სეკრეტი. ეს ლორწო სქელია და ოვულაციამდე შეუღწევადია სპერმატიზოიდებისათვის. ოვულაციის შემდეგ იგი ატარებს და 2-3 დღის განმავლობაში ინახავს სპერმატოზოიდებს. საშვილოსნოს ყელის არხი კარგ ბარიერს წარმოადგენს ბაქტერიებისათვის.

წინა ყელი წარმოადგენს 1 სმ-ს სიგანის მიდამოს საშვილოსნოს ყელსა და საშვილოსნოს ტანს შორის. მისგან ორსულობის დამთავრებისას ფორმირდება საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი, მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყველაზე თხელი ნაწილი. სწორედ საშვილოსნოს ამ მიდამოში კეთდება განაკვეთი საკეისრო კვეთის დროს. საშვილოსნოს ტანი ორგანოს ძირითადი ნაწილია და მოთავსებულია საშვილოსნოს ყელის ზევით. მის მწვერვალს ეწოდება საშვილოსნოს ძირი.

საშვილოსნოს კედელი შედგება სამი შრისაგან: შიდა ლორწოვანი შრე- ენდომეტრიუმი, შუა კუნთოვანი - მიომეტრიუმი და გარეთა სეროზული პერიმეტრიუმი. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსში გამოიყოფა ორი ფენა: ბაზალური და ფუნქციური. მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში ლორწოვანი გარსი იზრდება და მზად ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად. როცა განაყოფიერება არ ხდება, ფუნქციური შრე ჩამოიფცქვნება, რასაც თან ახლავს მენსტრუალური სისხლდენა. მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ ბაზალური უჯრედების ხარჯზე თავიდან იწყება ფუნქციური შრის წარმოქმნა.

შვილოსნობის პროცესში საშვილოსნო თანმიმდევრულად ასრულებს სამ ფუნქციას:

·         მენსტრუალურს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის  და, განსაკუთრებით, ლორწოვანი გარსის  მშობიარობისათვის მოსამზადებლად;

·         ნაყოფის განთავსების ფუნქციას, ქმნის რა მისი განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალურ პირობებს;

·         ნაყოფის გამოდევნის ფუნქციას მშობიარობის დროს.

საშვილოსნოს მასა მშობიარობის დროს 20-ჯერ და მეტად იზრდება, ხოლო მისი ღრუს მოცულობა კი – 500-ჯერ.

პლაცენტა ქალის ორგანიზმის დროებითი ორგანოა, რომელიც ყალიბდება საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე ორსულობის პერიოდში, ახორციელებს კავშირს დედისა და ნაყოფის ორგანიზმს შორის სისხლის საშუალებით და უზრუნველყოფს ნაყოფში ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესის განხორციელებას.

კვერცხსავალი მილი, ანუ ფალოპის ლულა (ასევე წყვილი ორგანოა) წარმოადგენს ვიწრო მილს, რომლითაც იგი უკავშირდება საშვილოსნოს ღრუს. კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში ხვდება სწორედ კვერცხსავალი მილის გზით, რომელიც მისი კედლის განსაკუთრებული აგებულების გამო, უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის გადაადგილებას საკვერცხიდან საშვილოსნოსაკენ. კვერცხსავალი მილები გამოდის საშვილოსნოს ტანიდან ორივე მხარეს საკვერცხეების მიმართულებით. თითოეული მილის დაბოლოება ძაბრისებრი ფორმისაა და მასში საკვერცხეებიდან «ვარდება» მომწიფებული კვერცხუჯრედი. კვერცხსავალი მილის სიგრძე საშუალოდ 10-12 სმ-ია. მისი სანათური არ არის თანაბარი მთელს სიგრძეზე. მილები შიგნით «წამწამიანი» ლორწოვანით არის ამოფენილი, კედლებს ასევე გააჩნიათ კუნთოვანი შრე. სწორედ წამწამების რხევა და კუნთების შეკუმშვა უწყობს ხელს კვერცხუჯრედების გადაადგილებას მილში. თუ გზაზე მას შეხვდა სპერმატოზოიდი და მოხდა განაყოფიერება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს დაყოფას და კიდევ 4-5 დღე რჩება მილში, შემდეგ ნელ-ნელა გადაადგილდება საშვილოსნოსაკენ და მიემაგრება მის კედელს ანუ ხდება მისი იმპლანტაცია.

საშო - ეს არის ლულოვანი (10-12 სანტიმეტრის სიგრძის მქონე) ღრუ ორგანო, რომელიც აერთებს გარეთა სასქესო ორგანოებს საშვილოსნოსთან და რომლიდანაც მშობიარობის დროს გამოდის ზრდასრული ნაყოფი. საშოს ზედა განყოფილება უერთდება საშვილოსნოს ყელს და წარმოქმნის ოთხ თაღს, მათ შორის უკანა _ ყველაზე ღრმაა. საშოს უკანა თაღში კეთდება პუნქცია სადიაგნოსტიკო მიზნით. საშოს კედელი 0,3-0,4 სმ-ს სისქისაა  და დიდი ელასტიურობით ხასიათდება. საშოს კედლის გარსების აგებულება ისეთია რომ მას მნიშვნელოვნად გაჭიმვის უნარი აქვს, რაც აუცილებელი პირობაა მშობიარობის აქტის განხორციელებისათვის. ის შედგება სამი შრისაგან: შიდა - ლორწოვანი, შუა  - კუნთოვანი და გარეთა – შემაერთებელი. ლორწოვანი შრე არ შეიცავს ჯირკვლებს. სქესობრივი მომწიფების დროს წარმოქმნილი განივი ნაოჭები მშობიარობის შემდეგ მცირდება და მრავალჯერ ნამშობიარევ ქალს საერთოდ უქრება. იგი ღია ვარდისფერია, მშობიარობის შემდეგ კი ხდება მოლურჯო ფერის. კუნთოვანი შრე კარგად იჭიმება, რაც განსაკუთრებით აუცილებელია მშობიარობის დროს. გარეგანი შემაერთებელი ფენა აკავშირებს საშოს მეზობელ ორგანოებთან: შარდის ბუშტთან და სწორ ნაწლავთან.

საკვერცხე - ეს არის ოვალური ფორმის, 5-8გ. წონის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელშიც გამომუშავდება კვერცხუჯრედები და ჰორმონები. იგი ასრულებს ძირითადად ორ ფუნქციას:

საკვერცხეები დაფარულია მკვრივი კაფსულით, რომლის ქვეშაც განლაგებულია დიდი რაოდენობის უჯრედების (ფოლიკულების) შემცველი ფენა.

 

 

 

 

ქალის სასქესო ჰორმონები

 

ქალის ორგანიზმში გამომუშავდება შემდეგი სასქესო ჰორმონები:

პროლაქტინი - გამომუშავდება ჰიპოფიზში (თავის ტვინში განთავსებული მუხუდოს მარცვლის ზომის ჯირკვალი). ამ ჰორმონის ძირითადი ბიოლოგიური როლი სარძევე ჯირკვლის ზრდა-განვითარება და ბავშვის კვების დროს რძის გამომუშავების ინტენსიური სტიმულაციაა. ნორმალური დონით ის აუცილებელია არაორსულების საკვერცხეებში პროჟესტერონის სინთეზისათვის. ქალებში, მათი ინდივიდუალური განვითარების პროცესში შეიმჩნევა ჰორმონის დონის მომატება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და დაქვეითება - მენოპაუზის დროს. პროლაქტინი ითვლება სტრესულ ჰორმონად, ე.ი. მისი შემცველობა იზრდება ზედმეტი დატვირთვის, გადაღლის, ფსიქოტრავმების, გარესამყაროს არასასურველი ფაქტორების  ზემოქმედებისა და სხვა დროს.

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი ასევე გამომუშავდება ჰიპოფიზში. იგი იწვევს საკვერცხეებში ფოლიკულების ზრდის სტიმულაციას. ამ ჰორმონის შემცველობა იზრდება მენსტრუალური ციკლის ბოლოს და ინარჩუნებს მაღალ დონეს მომდევნო ციკლის მე-7 დღემდე, რის შემდეგაც დროებით ქვეითდება და განმეორებით მატებას იწყებს ციკლის შუაში. 

ლუთეოტროპული ჰორმონი სინთეზირდება ჰიპოფიზში. ორგანიზმში მისი ბიოლოგიური როლი მდგომარეობს ესტროგენების სინთეზის სტიმულირებაში, პროგესტერონის სეკრეციასა და ყვითელი სხეულის ფორმირებაში. სისხლში მისი შემცველობის საშუალო სიდიდე მენსტრუალური ციკლის ორივე ფაზაში პრაქტიკულად არ იცვლება.

ესტროგენების (oestrus–ნიშნავს დენას) სინთეზირება ხდება საკვერცხეების უჯრედებში, ყვითელ სხეულსა და პლაცენტაში ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის ზეგავლენით. იგი უზრუნველყოფს მენსტრუალური ციკლის რეგულარულ მიმდინარეობას. ამ ჰორმონების ზეგავლენით გოგონებს უვითარდებათ ქალებისათვის დამახასიათებელი მეორადი სასქესო ნიშნები: კანქვეშა ცხიმოვანი ფენის ქალისათვის დამახასიათებელი განაწილება, მენჯის დამახასიათებელი ფორმა, ხდება სარძევე ჯირკვლების გადიდება, თმის ზრდა ბოქვენსა და იღლიისქვეშა ფოსოებში. ამას გარდა ესტროგენები ხელს უწყობენ სასქესო ორგანოების, განსაკუთრებით საშვილოსნოს ზრდა-განვითარებას, მათი გავლენით ხდება მცირე სასქესო ბაგეების გაზრდა, საშოს დაგრძელება და მისი ელასტიურობის გაზრდა, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გადიდება, ქვეითდება სხეულის ტემპერატურა, მათ შორის ბაზალურის (იზომება სწორ ნაწლავში).

პროჟესტერონი (gesto–ტარება, ორსულად ყოფნა) გამომუშავდება ყვითელი სხეულის, პლაცენტისა და მცირე რაოდენობით თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. იგი ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას და დიდ როლს ასრულებს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მიერ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლატანციისათვის მზადების პროცესში. პროჟესტერონის ზეგავლენით ითრგუნება საშვილოსნოს კუნთების აგზნებადობა და კუმშვადობა. ესტროგენებთან ერთად ისინი დიდ როლს ასრულებენ მეძუძურობის პერიოდისათვის სარძევე ჯირკვლების მოსამზადებლად. იგი განაპირობებს სხეულის ტემპერატურის, განსაკუთრებით ბაზალურის, მცირე მომატებას.

ანდროგენები (andros - მამაკაცი) მცირე რაოდენობით გამომუშავდება საკვერცხის უჯრედებში და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. იგი ხელს უწყობს თმის ზრდას იღლიის ფოსოებში და ბოქვენზე, ასევე კლიტორისა და დიდი სასქესო ბაგეების განვითარებას. ქალებში მათი ჭარბი რაოდენობით გამომუშავება იწვევს მეორადი მამაკაცური ნიშნების ფორმირებას.

 

 

 

 

კვერცხუჯრედიდან ჩანასახამდე

 

ფეხმძიმობის მე-20 კვირაზე მდედრობითი სქესის ნაყოფში უკვე მთავრდება ოვოციტების - პირველადი ფოლიკულების ფორმირება. გოგონას ორივე საკვერცხეში დაბადების მომენტისათვის 500 მილიონამდე ფოლიკულია. დროთა განმავლობაში ფოლიკულების ნაწილი იღუპება და მოზარდ ასაკში მათი რაოდენობა ორჯერ მცირდება. სქესობრივ მომწიფებასთან ერთად სასქესო ჰორმონების გავლენით პირველადი ფოლიკულებისაგან წარმოიქმნება მომწიფებული ფოლიკულები, რომლებიც წარმოადგენს სითხით სავსე «ბუშტს», რომელშიც «ცურავს» კვერცხუჯრედი. პერიოდულად, მენსტრუაციული ციკლის ფაზების შესაბამისად, ხდება შემდგომი ფოლიკულის მომწიფება.

მთლიანობაში, ქალის ცხოვრების მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში მხოლოდ 400 ფოლიკული მწიფდება. ჩვეულებრივ, ქალის საკვერცხე ყოველთვიურად მხოლოდ ერთ კვეცხუჯრედს გამოიყოფს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით სპერმატოზოიდებიდან ერთ-ერთს შეერწყას. 25 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში იწყება ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რომელიც 40 წლის ასაკისთვის კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ანუ სრულფასოვანი კვერცხუჯრედების ”მარაგი” თითქმის ილევა.

თითქმის ყოველი მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში, დაახლოებით მე-10-15 დღეს ციკლის დაწყებიდან, ქალის ორგანიზმში ხდება ოვულაცია ანუ საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა: ფოლიკული «სკდება» და «გადაისვრის» მომწიფებულ კვერცხუჯრედს საშვილოსნოს მილის ძაბრისებრ დაბოლოებაში, საიდანაც  მიემართება საშვილოსნოს მილში. ფალოპის ლულაში კვერცხუჯრედი მოძრაობს  დაახლოებით 4 დღის განმავლობაში. აქ, მილის ზედა ნაწილში, ხდება მისი განაყოფიერება მამაკაცის სასქესო უჯრედით - სპერმატოზოიდით. აქვე იწყება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარება. ამის შემდეგ იგი თანდათანობით ეშვება მილით საშვილოსნოს ღრუში, სადაც 3-4 დღის განმავლობაში იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში, ხოლო შემდეგ მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს ანუ ხდება იმპლანტაცია და იწყება ორსულობა. მისგან მთელი ორსულობის განმავლობაში, რომელიც ჩვეულებრივ, გრძელდება 265-270 დღე, ქალის საშვილოსნოში ვითარდება ადამიანის ჩანასახი. მისგანვე ვითარდება ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა პლაცენტა, ჭიპლარი და სხვ.

კვერცხუჯრედის მომწიფების პირობები ზუსტად განისაზღვრება საკვერცხის ფუნქციებისა და მისი მოქმედების მარეგულირებელი მექანიზმების შეთანხმებული ურთიერქმედებით: ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზირებელი ჰორმონების ზემოქმედებით ფოლიკული იზრდება, ხდება მისი უჯრედების დაყოფა და მასში წარმოიქმნება საკმაოდ მსხვილი სითხით სავსე ღრუ, რომელშიც მოთავსებულია ოვოციტი. ფოლიკულური უჯრედების ზრდას და აქტივობას თან ახლავს მათ მიერ ესტროგენების, ანუ ქალის სასქესო ჰორმონების სეკრეცია. მალუთეინიზებელი ჰორმონი ასტიმულირებს ფოლიკულის გახეთქვას და კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას. ამის შემდეგ ფოლიკულის უჯრედები განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს და მათგან წარმოიქმნება ახალი სტრუქტურა - ყვითელი სხეული, რომელსაც ეს სახელი ეწოდა მის უჯრედებში ყვითელი ფერის განსაკუთრებული პიგმენტის დაგროვების გამო. იგი, თავის მხრივ,  მალუთეინიზებელი ჰორმონის ზემოქმედებით  იწყებს ახალი ჰორმონის - პროგესტერონის სეკრეციას, რომელიც დიდ როლს თამაშობს ორსულობის «შენარჩუნებაში». იგი ამუხრუჭებს ჰიპოფიზის სეკრეტორულ აქტივობას და ცვლის საშვილოსნოს  ლორწოვანის (ენდომეტრიუმის) მდგომარეობას, რითაც ამზადებს მას განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღებისათვის, რომელიც უნდა მიემაგროს საშვილოსნოს კედელს შემდგომი განვითარებისათვის. ამის შედეგად საშვილოსნოს კედელი სქელდება, მისი ლორწოვანი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით გლიკოგენს და მდიდარია სისხლძარღვებით, კარგ ნიადაგს ქმნის ნაყოფის განვითარებისათვის.

ამ ფუნქციას ყვითელი სხეული ასრულებს ორსულობის 16 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც გადასცემს მას პლაცენტას. თუ ორსულობა არ შედგა, ყვითელი სხეული რეგრესს განიცდის.

 

 

 

 

ქალის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდები

 

სამედიცინო თვალსაზრისით ქალის ორგანიზმის განვითარება ექვს ძირითად პერიოდს მოიცავს:

ქალის ცხოვრების პერიოდები განისაზღვრება იმ ცვლილებებით, რომელიც მიმდინარეობს სასქესო ჯირკვლებში, თავის ტვინის ქერქში, ქერქქვეშა სტრუქტურებში (ჰიპოთალამუსი) და უმთავრეს ენდოკრინოლოგიურ ჯირკვალში - ჰიპოფიზში. უფრო ზუსტად, ეს პერიოდები დამოკიდებულია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების რთული სისტემის შეთანხმებულ ურთიერქმედებაზე: ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს ჰიპოფიზის მასტიმულირებელ ჰორმონს, ხოლო ჰიპოფიზის ჰორმონები იწვევენ საკვერცხეების გააქტიურებას.

ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ჩამოყალიბება ხდება პრეპუბერტატულ პერიოდში (8-11 წელი). გარკვეული დროის განმავლობაში ამ სისტემის მოქმედება უწესრიგოა და ხასიათდება მრავალი ჩავარდნებითა და დისონანსებით. ამ პერიოდში სასქესო უჯრედის მომწიფება, როგორც წესი, ჯერ კიდევ არ ხორციელდება, მაგრამ ჰიპოფიზისა და საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ჰორმონების გავლენით იწყება მეორადი  სასქესო  ნიშნების ჩამოყალიბება.

მკაფიო ურთიერთდამოკიდებულება ჰიპოთალამუსს, ჰიპოფიზსა და საკვერცხეებს შორის ყალიბდება პუბერტატული ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში (11-16 წელი).

ბავშვობის პერიოდი - გოგონას ცხოვრების პირველ წლებში მარეგულირებელი სისტემები და განსაკუთრებით საკვერცხეები თითქმის უმოქმედო მდგომარეობაშია. ეს პერიოდი სამართლიანად ითვლება «სქესობრივი სისტემის სიმშვიდის» პერიოდად. შესაძლებელია გოგონას დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში პლაცენტარული და დედის ჰორმონების გავლენით განუვითარდეს ე.წ. სქესობრივი კრიზი საშოდან სისხლიანი გამონადენით და   სარძევე ჯირკვლების გაუხეშებით.

პრეპუბერტატულ პერიოდი - ამ პერიოდში ხდება ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების რთული სისტემის ჩამოყალიბება. გარკვეული დროის განმავლობაში მისი მოქმედება უწესრიგოა და ხასიათდება მრავალი ჩავარდნებითა და დისონანსებით. სასქესო უჯრედის მომწიფება, როგორც წესი, ჯერ კიდევ არ ხორციელდება, მაგრამ ჰიპოფიზისა და საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ჰორმონების გავლენით იწყება მეორადი  სასქესო  ნიშნების ჩამოყალიბება.

პუბერტატული პერიოდი - ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი იწყება პირველი მენსტრუაციისთანავე (11-დან 16 წლამდე). ამ დროს უკვე ყალიბდება უფრო მკაფიო ურთიერთდამოკიდებულება ჰიპოთალამუსს, ჰიპოფიზსა და საკვერცხეებს შორის. მენსტრუაცია თანდათან რეგულარული ხდება. ნორმალური მენსტრუაციული ციკლი მოიცავს ორ ფაზას. პირველი ხასიათდება კვერხუჯრედის მომწიფებით და მისი საკვერცხიდან გამოსვლით - ოვულაცია. მეორე ფაზაში, თუ განაყოფიერება არ მოხდა, საკვერცხე და საშვილოსნო უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ასეთ ციკლებს ოვულატორულს უწოდებენ. გოგონებისთვის მომწიფების პერიოდში ამ ციკლის ჩანაცვლება ხდება ანოვულატორული ციკლებით, როცა მენსტრუაცია აღინიშნება მაგრამ, კვერცხუჯრედის მომწიფებას ადგილი არ აქვს. ანოვულატორული ციკლები გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება აღენიშნებოდეს შვილოსნობის ასაკის ჯანმრთელ ქალსაც მშობიარობისა და აბორტის შემდეგ. თუ გოგონას უკვე დაეწყო მენსტრუაცია და იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება, ეს იმას ნიშნავს, რომ დაორსულება შესაძლებელია. და მაინც, ქალის ორგანიზმი საბოლოოდ 17-18 წლის ასაკში ფორმირდება და ამ დროისათვის იგი მზად არის ორსულობისა და მშობიარობისათვის.

სქესობრივი მომწიფების დადგომასა და მიმდინარეობაზე მოქმედებს შინაგანი და გარეგანი ფაქტორები:

11-დან 15 წლამდე გოგონებში აღინიშნება სიმაღლეში სწრაფი ზრდის პერიოდი, ისინი თითქოს «იწელებიან». 15-დან 19 წლამდე კი ჭარბობს ცხიმოვანი უჯრედების ჩალაგების პროცესები: გოგონა იმდენად აღარ იზრდება სიმაღლეში, რამდენადაც სრულდება და საბოლოოდ ფორმირდება მისი ქალური აგებულება. ითვლება, რომ ამ დროისათვის მთავრდება სქესობრივი მომწიფების პერიოდი.

შვილოსნობის პერიოდი - პირობითად, 19-დან 45 წლამდე გრძელდება, თუმცა ინდივიდუალური გადახრები იმდენად ანგარიშგასაწევია, რომ შეუძლებელია დაორსულების უნარის მქონე ქალის ასაკის ფარგლების ზუსტი განსაზღვრა. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია  ნაადრევი სქესობრივი განვითარების მქონე 6 წლის გოგონასა და აქტივობაშენარჩუნებული ენდოკრინოლოგიური სისტემის მქონე 113 წლის ქალის დაორსულების შემთხვევები.

როგორც ექიმები აღნიშნავენ, პირველი ორსულობისა და პირველი მშობიარობისათვის სასურველ პეროიდს 19-დან 29 წლამდე ასაკი წარმოადგენს, ხოლო განმეორებითი მშობიარობისათვის - 40 წლამდე ასაკი. ამ ასაკობრივ პერიოდში მშობიარეს ნაკლებად აღენიშნება გართულებები, რაც ჯანმრთელი ბავშვის დაბადების საწინდარია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ასაკის ზევით არ შეიძლება პირველი ან  განმეორებითი მშობიარობა, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის წინასწარი კონსულტაცია და რაც მთავრია, განსაკუთრებული მეთვალყურეობა ორსულობისა და მშობიარობის დროს.

კლიმაქტერული პერიოდი (45-55 წელი) ქალის ცხოვრებაში გარდამავალი პერიოდია და ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ამ პერიოდში ირღვევა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების რთულ სისტემას შორის არსებული შეთანხმებული ურთიერთდამოკიდებულება: მცირდება საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობა, ზომით პატარავდება საკვერცხეები და საშვილოსნო, მენსტრუაცია არარეგულარული ხდება, ოვულატორული ციკლი ენაცვლება ანოვულატორულს და სხვ. ინდივიდუალური გადახრების გამო გარდამავალი პერიოდი შეიძლება რამოდენიმე წლით ადრე ან გვიან განვითარდეს.

შობადობის ფუნქციის გაქრობა არ შეიძლება გაიგივდეს ორგანიზმის საერთოდ ჩაქრობასთან. აქამდე ჯერ კიდევ შორია. კლიმაქტერულ პერიოდში ქალი ჯერ კიდევ სავსეა ძალებით, ენერგიით, მიმზიდველობით. ექიმი-სექსოლოგები მიიჩნევენ, რომ ინტიმური ცხოვრების გაგრძელება ამ ასაკში ხელს უწყობს ენდოკრინოლოგიური სისტემის აქტივობისა და საერთო ტონუსის შენარჩუნებას. 

შვილოსნობის პერიოდის გადალახვის შემდეგ ფეხმძიმობაც და მშობიარობაც მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული. ამ ასაკში ორსულობისათვის ნიშანდობლივია გართულებები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმელების მუშაობა ისეთი აღარ არის, როგორც ახალგაზრდობის წლებში. ამასთან, ელასტიურობას კარგავს კანი, ხშირად ვითარდება სამშობიარო აქტივობის სისუსტე, რაც აძნელებს ნაყოფის გამოდევნას და სხვ. აღსანიშნავია, რომ ხანშიშესულ მშობლებში  (იგულისხმება არა მარტო დედა, არამედ მამაც) დიდია განვითარების სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვის დაბადების რისკი. ამიტომ,  თუ მიიღებთ ნაგვიანევი ბავშვის ყოლის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აუცილებელია მეან-გინეკოლოგსა და ექიმ-გენეტიკოსის კონსულტაცია.

თითოეულ ადამიანს და მთლიანად საზოგადოებას შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ დაბერება და სიბერე გარდაუვალია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პესიმიზმის საფუძველი, მნიშვნელოვანია მხოლოდ სათანადო მომზადება ამ პერიოდისათვის, რაც გულისხმობს მოხუცებულობითი დაავადებების პროფილაქტიკას და რაც მთავარია, განწყობის შექმნას, რაც უშუალოდ მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე.

 

 

 

 

მენსტრუალური ციკლი

 

მენსტრუალური ციკლი ჩამოყალიბდება სქესობრივი მომწიფების შემდეგ, ჰორმონების ზეგავლენით, რომლებიც გამომუშავდება ენდოკრინული ჯირკვლების მიერ. სქესობრივი მომწიფების ადრეულ ეტაპებზე ჰიპოფიზის ჰორმონები ახდენს საკვერცხეების აქტივობის ინიცირებას, იწყებს რა იმ პროცესების კომპლექსის გაშვებას, რომელიც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს პუბერტატული პერიოდიდან მენოპაუზამდე, ანუ დაახლოებით 35 წლის განმავლობაში. ჰიპოფიზი ციკლურად ახდენს სამი ჰორმონის გამომუშავებას, რომლებიც მონაწილეობენ  რეპროდუქციის პროცესში: ეს არის ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (ახდენს ფოლიკულის განვითარებას და მომწიფებას), მალუთეინიზებელი ჰორმონი (ასტიმულირებს ფოლიკულებში სასქესო ჰორმონების სინთეზს და ახდენს ოვულაციის ინიცირებას) და პროლაქტინი (ახდენს სარძევე ჯირკვლების მომზადებას ლაქტაცისათვის).

ჰიპოფიზი  საკვერცხეების აქტივობას ასტიმულირებს დაახლოებით, ყოველ 4 კვირაში (ოვულატორული ციკლი). თუკი განაყოფიერება არ მოხდა, ლორწოვანის უმეტესი ნაწილი სისხლთან ერთად გამოძევდება საშვილოსნის ყელიდან საშოში. ასეთ ციკლურად მიმდინარე სისხლიან გამონადენს მენსტრუაციას უწოდებენ.

მენსტრუალური ციკლი ქალებში იწყება 11-15 წლის ასაკში და გრძელდება 45-55 წლამდე, რეგულარულია ქალის რეპროდუქციული ცხოვრების  მთელი   პერიოდის განმავლობაში, ანუ იგი მეორდება ყოველ 27-30 დღეში და გრძელდება საშუალოდ 3-5 დღე. 

მენსტრუალური ციკლი ოვულაციის გარეშე გვხვდება გოგონებში და მას ანოვულატორულს უწოდებენ. ზოგჯერ ციკლის შუაში შეიძლება ადგილი ქონდეს მსუბუქ ტკივილს და უმნიშვნელო სისხლიან გამონადენს, რაც დამახასიათებელია ოვულაციისათვის.

ქალის ცხოვრების გარდამავალ - კლიმაქტერულ პერიოდში (45-55 წელი) ირღვევა ამ რთულ სისტემას შორის არსებული შეთანხმებული ურთიერთდამოკიდებულება: მცირდება საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობა, ზომით პატარავდება საკვერცხეები და საშვილოსნო, მენსტრუაცია არარეგულარული ხდება, ოვულატორული ციკლი ენაცვლება ანოვულატორულს და სხვ. კლიმაქტერულ პერიოდში სასქესო ჰორმონების დეფიციტის გამო ხორციელდება ქალის ორგანიზმის თავისებური «გადართვა» არსებობის სხვა რეჟიმზე და ვითარდება მენოპაუზა.

მენოპაუზა ნიშნავს მენსტრუაციის შეწყვეტას (meno - ბერძნულად ყოველთვიურს ნიშნავს, ხოლო  pausis -  შეწყვეტას), ხოლო პერიოდს, რომელიც ხასიათდება სასქესო ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით, და მოიცავს რა მენოპაუზასაც, კლიმაქსს უწოდებენ.

კლიმაქტერულ პერიოდში სასქესო ჰორმონების დეფიციტის გამო ხორციელდება ქალის ორგანიზმის თავისებური «გადართვა» არსებობის სხვა რეჟიმზე. მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნეში საგრძნობლად იმატა ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ (50 წლიდან 80 წლამდე), კლიმაქსის დაწყებისა და მენოპაუზის ასაკი არ შეცვლილა. თანამედროვე ქალს დაახლოებით 30 წელი უწევს იცხოვროს პოსტმენოპაუზურ პერიოდში და ეს პერიოდი კიდევ უფრო გაიზრდება  სიცოცხლის ხანგრძლივობის მოსალოდნელ ზრდასთან ერთად.

ქალების დააახლოებით 90%-ს მენოპაუზა უვითარდება დაახლოებით 45-50 წლის ასაკში. ეს შეიძლება მოხდეს ან უეცრად, მკვეთრად, ან თანდათანობით თვეების განმავლობაში, როდესაც მენსტრუაციები ხდება არარეგულარული, იზრდება მათ შორის ინტერვალი, თანდათანობით მცირდება სისხლდენის პერიოდები და მცირდება დაკარგული სისხლის რაოდენობა. ზოგჯერ მენოპაუზა დგება ქალებში 40 წლის ასაკამდე. ასევე შეიძლება შეგვხვდეს ქალი, რომელსაც უნარჩუნდება რეგულარული მენსტრუაციები 55 წლის ასაკამდეც.

მენსტრუაციის შეწყვეტას შეიძლება ადგილი ქონდეს ასევე ზოგიერთი დაავადების გამო ჩატარებული საკვერცხეების ქირურგიული წესით მოცილების შემდეგ, ასევე საკვერცხეებზე მაიონიზებელი რადიაციის ზეგავლენით. საყურადღებოა, რომ ამ პერიოდში კლიმაქსის ნიშნად მიჩნეული მენსტრუაციის შეკავება სინამდვილეში შეიძლება ორსულობით იყოს განპირობებული. რა თქმა უნდა, რაც უფრო ხნიერია ქალი, მით ნაკლებია კვერცხუჯრედის მომწიფების ალბათობა. თუმცა, ასეთი შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ ან უშუალოდ ამ პერიოდის დადგომამდე ბევრ ქალს უვითარდება რთული სიმპტომოკომპლექსი, რომელიც შეადგენს მთლიანობაში ე.წ. მენოპაუზურ სინდრომს. კერძოდ ეს არის ”ალები” (უეცრად განვითარებული სიწითლე ან სიმხურვალის შეგრძნება კისრისა და თავის არეში), თავის ტკივილები, თავბრუსხვევები, გაღიზიანებადობა, ფსიქიკური გაუწონასწორებლობა, სახსრების ტკივილი. ზოგიერთ ქალს მხოლოდ ალები აწუხებს, რომელიც შედარებით უფრო ხშირია ღამით, ქალების 15%-ს საერთოდ არ აქვს არანაირი შეგრძნებები და თავს მშვენივრად გრძნობენ.

ქალებს ხშირად აშინებს ამ პერიოდის მოახლოება. ისინი თვლიან, რომ კლიმქტერული პერიოდის დადგომა ნიშნავს ქალური მომხიბვლელობის დაკარგვას,  სქესობრივი ცხოვრების შეწყვეტას, ეშინიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევის ან სწრაფად დაბერების. ეს შეშფოთება არ ეყრდნობა სამედიცინო ფაქტებს და ძირითადად ყურმოკრულ ამბებზეა აგებული.

 

გახსოვდეთ!

 

 

 

ორსულობა და მშობიარობა

 

ორსულობა - ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ხშირ შემთხვევაში გრძელდება 40 კვირა ანუ 280 დღე (ითვლება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან).

ორსულობას თან ახლავს მრავალი ფიზიკური და ფიზიოლოგიური ცვლილება ორგანიზმში. ხდება მენსტრუაციის შეწყვეტა, მკვეთრად იზრდება საშვილოსნოს ზომები და მასა, დიდდება სარძევე ჯირკვლები, რომლებშიც ხდება მზადება ლაქტაციისათვის. ორსულობის დროს მოცირკულირე სისხლის მოცულობა 50%-ით აღემატება საწყის დონეს, რის გამოც იზრდება გულის მუშაობა. მთლიანობაში, ორსულობის პერიოდი - ეს არის მძიმე ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისათვის.

ამ პერიოდის ბოლოს საშვილოსნო იწყებს დამოუკიდებელ რიტმულ შეკუმშვებს, რომლებიც ხდება სულ უფრო ძლიერი და ხშირი.  ამნიონური გარსი (სანაყოფე ბუშტი) სკდება და ბოლოს საშოს გავლით გამოიდევნება მომწიფებული ნაყოფი - იბადება ბავშვი. მალევე ხდება პლაცენტის (მომყოლი) მოცილებაც. მთელ ამ პროცესს, დაწყებული საშვილოსნოს შეკუმშვით, დამთავრებული ნაყოფისა და მომყოლის გამოძევებით, უწოდებენ მშობიარობას.

მშობიარობის შემდეგ 6 კვირის განმავლობაში საშვილოსნოს ზომები უბრუნდება ნორმას.